„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 54,5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე აღნიშნული კვლევის შედეგი ვერ იმოქმედებს.
კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში, მოსახლეობას განწყობა ასე ნაწილდება: „დიახ - 54,5 %, არა - 22,3% არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2%". კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.
თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარის ამბობს პასუხზე - 50%. რეგიონებში კი 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში; 22,3% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. გამოკითხულთა 23,2% თავის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული არ არის. ამავე კვლევის მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მზაობა მოსახლეობაში/ამომრჩევლებში მაღალია.
„თუ პოლიტიკური პრეფერენციების ჭრილში შევხედავთ, ყველაზე მაღალი მზაობა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისთვის აქვთ „ქართული ოცნების" ამომრჩევლებს (60%), ხოლო ყველაზე დაბალი - „კოალიცია ცვლილებებისთვის" ამომრჩევლებს (33%)", - ნათქვამია კვლევაში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მოსახლეობაში პოზიციები გაყოფილია: ერთი ნაწილი (36%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ხოლო მეორე ნაწილი (39%) - ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
„თბილისში უფრო დიდი ნაწილი (46%) მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. რეგიონებში პირიქით - უფრო დიდი ნაწილი (40%) ემხრობა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშეც.
საქართველოს მოსახლეობის მოლოდინები ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შესახებ გაყოფილია (სამართლიანად მიიჩნევს - 42.5%; არასამართლიანად - 42%)", - აღნიშნულია კვლევაში.
ISSA-ს კვლევა აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს (40%-მდე) უჭირს იმის განსაზღვრა, რა დიზაინით უნდა მიიღონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„თუმცა, მოწინააღმდეგეებთან შედარებით, უფრო მეტი მომხრე ჰყავს იმ ვარიანტს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთიანი სიით მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში. ამ ვარიანტს ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს თბილისელებში (43%)", - ნათქვამია კვლევაში. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 41% ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს ემხრობა.
კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია რეგიონებში. „ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტის მიმართ შეფასებები ასე გამოიყურება: საქართველო: სწორია - 41%, არასწორია - 38%; რეგიონები - სწორია - 38%, არასწორია - 41%; თბილისში ყოველი მეორე - 50% პარლამენტს ბოიკოტს ემხრობა, დაახლოებით მესამედი - 32% - არა", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის ერთ-ერთი შეკითხვა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას შეეხებოდა. რესპონდენტთა პასუხების მიხედვით მონაცემები ასე გადანაწილდა: საქართველოს მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო 45%-ს მიაჩნია რომ არ არის ლეგიტიმური. კვლევის თანახმად, მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. კერძოდ, რეგიონებში მოსახლეობის 41%-ს მიაჩნია ლეგიტიმურად, ხოლო თბილისში 45%-ს. რაც შეეხება არალეგიტიმურობას რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 45% ამბობს, რომ არალეგიტიმურია, ხოლო თბილისის 40%. გარდა ამისა, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, თბილისელების გამოკვეთილი უმრავლესობა, ხოლო რეგიონების ყოველი მეორე მაცხოვრებელი ქვეყნის არასწორი მიმართულების განვითარებაზე მიუთითებს.
„გამოიკვეთა ქვეყნის წინაშე მდგარი 2 პრობლემა: მაღალი ფასები და უმუშევრობა. რაც შეეხება ეკონომიკურ მდგომარეობას, გამოკითხულთა უმრავლესობა როგორც საქართველოს მოსახლეობაში (66%), ისე რეგიონებში(60%) და, განსაკუთრებით, თბილისში (81%) მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოს ეკონომიკა მეტ-ნაკლებად სუსტია ან ძალიან სუსტია", - ნათქვამია კვლევაში.
იმოქმედებს თუ არა ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ორი ოპოზიციური გაერთიანება არჩევნებში მონაწილეობას მაინც არ მიიღებს.
„ჩემი აზრით, ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე ამ კვლევის შედეგები ალბათ არ იმოქმედებს, რადგან იმ 54%-ში არიან „ქართული ოცნების" მხადამჭერები, რომლებსაც აწყობთ, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რათა „ოცნებას" ლეგიტიმაცია მიეცეს. ამიტომ მე ასე მგონია, „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ნაცმოძრაობა" მაინც არ მიიღებენ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავიანთ ამომრჩეველს დაკარგავენ. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათ უკვე გადაწყვეტილი აქვთ მონაწილეობის მიღება. „ლელოზე" შეიძლება ამ კვლევას გავლენა ჰქონდეს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
რამაზ საყვარელიძესაც მიაჩნია, რომ ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.
„რთული სათქმელია, იმოქმედებს თუ არა კვლევის შედეგები ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რადგან წესით, მათ გადაწყვეტილებაზე მარტივ ლოგიკასაც უნდა ემოქმედა, რაზედაც ლაპარაკი ხშირად იყო, რომ თუკი არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას, ქუჩაში დარჩებიან.
თუმცა, ეს ბოიკოტის ფორმულა ბევრს მაინც აქვს აკვიატებული. ამიტომ ძნელია პროგნოზირება, რა პირობებში შეიცვლიან აზრს. თან ამბობენ, რომ ეს კვლევა ხაზარაძის ინიციატივით გაკეთდა. ნუ, მაინც მგონია, რომ ეს შედეგი რეალობას აღნიშნავს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ედიშერ გვენეტაძე კი ვარაუდობს, რომ არსებობს წინაპირობა, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
„ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე ამ კვლევის შედეგები კი არა, თვით უზენაესი რომ ჩამოვიდეს ზემოდან, ის არ იმოქმედებს, თუ გაღმიდან და გამოღმიდან მისმა პატრონებმა თანხმობა არ მისცეს. ეს როგორც ორჯერ ორი ოთხი, ისეა. თუმცა როგორც ვხედავ, ესენი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ და რატომ? "მამალმა ნაცმა", იაგო კაჭკაჭიშვილმა ჩაატარა თავისებური გამოკითხვა, სადაც თქვა, რომ მოსახლეობას სურს ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოსო. ეს იმას ნიშნავს, რომ იქიდან ხელი დაქნეულია. ისე იაგო კაჭკაჭიშვილი ამას არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა, გამორიცხულია", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე