ისრაელი-ირანის სამხედრო დაპირისპირება მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტში არ გადაიზრდება, თუმცა ისრაელის დარტყმები ირანის სამხედრო და ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ასევე ირანის საპასუხო საჰაერო იერიშები, 2 კვირას ან ცოტა უფრო მეტს გაგრძელდება. ამის შესახებ რამდენიმე გავლენიანი გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამის ფონზე კი ირანის ხელისუფლებამ 15 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მზადაა გააფორმოს შეთანხმება, რომლითაც ირანს აეკრძალება ბირთვული იარაღის ქონა, თუმცა, ამავე დროს, შეეძლება ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენება.
15 ივნისის მდგომარეობით, სამდღიანი დაპირისპირების შედეგად, ისრაელის არმიამ ირანის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დააზიანა ირანის ბირთვული პროგრამისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონდე რამდენიმე ობიექტი. გარდა ამისა, თავდასხმის შედეგად მოკლულია დაახლოებით 20 მაღალი რანგის ირანელი სამხედრო და ბირთვულ პროგრამაში ჩართული 10 ირანელი მეცნიერი.
ამის საპასუხოდ ირანი ისრაელის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით ახორციელებს შეტევას. გამოყენებული იქნა ზებგერითი რაკეტებიც. შედეგად ისრაელის ტერიტორიაზე 10 მშვიდოებიანი მოქალაქე დაიღუპა და 80-მდე დაიჭრა.
ისრაელის ხელისუფლება სამხედრო ოპერაციის დაწყების მთავარ მიზეზად იმას ასახელებს, რომ ირანმა თავისი ბირთვული პროგრამის ფარგლებში უკვე მიაღწია ისეთ ზღვარს, რომ შესაძლებლობა ჰქონდა უახლოეს რამდენიმე თვეში დაემზადებინა ატომური ბომბები, რასაც ოფიციალური თელავივი ვერ დაუშვებდა.
ამ მოვლენების შედეგად პრაქტიკულად მეორე პლანზე გადაიწია უკრაინის ომისა და რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების საკითხმა. აღსანიშნავია, რომ შაბათს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარიც შედგა, თუმცა ამჯერად მთავარი თემა არა უკრაინა, არამედ ახლო აღმოსავლეთი იყო.
დარტყმების ქრონოლოგია
13 ივნისის ღამიდან მოყოლებული ისრაელის სამხედრო ძალები აგრძელებენ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს. ირანი ამას ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტებისა და დრონების გაშვებით პასუხობს. ებრაული მხარის ცნობით, საბრძოლო მოქმედებებში იემენელი ჰუსიტებიც ჩაერთნენ, რომლებიც ისრაელის მიმართულებით ასევე უშვებენ რაკეტებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ 13 ივნისს ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა წამყვანი ბირთვული მეცნიერი და ექსპერტი დაიღუპა. ისრაელის მხარის თქმით, ყველა მათგანი ბირთვული პროგრამის შემუშავებაში იყო ჩართული.
თერანის ტერიტორიაზე თავდაცვით ობიექტებსაც ღამით დაესხნენ თავს. ისარელის თავდაცვის ძალების თქმით, დარტყმები ირანის საჰაერო თავდაცვის შესუსტებას ისახავდა მიზნად. ისრაელის ტერიტორიიდან დანიშნულ სამიზნეებამდე მანძილი 1500 კმ-ია.
თეირანის მეჰრაბადის აეროპორტზე ისრაელის თავდასხმის ფოტოების მიხედვით, განადგურდა სულ მცირე ოთხი ირანული თვითმფრინავი.
შუადღისას ისრაელმა სამხრეთ ირანში, ბუშერის პროვინციაში, ფაჯრ ჯამის გაზის გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, სადაც სამხრეთ ფარსის ნავთობისა და გაზის საბადოა განთავსებული.
ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორმა ისრაელის თავდასხმების შედეგად ათობით ირანელი ჯარისკაცის, ასევე ირანის წითელი ნახევარმთვარის თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა.
ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის 20-ზე მეტი მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირი დაიღუპა. ირანმა დაადასტურა ხამენეის მთავარი მრჩევლის, ალი შამხანის გარდაცვალება.
ირანის არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ისრაელის საჰაერო ძალების „ეფ 35" გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
ირანმა ოფიციალურად აცნობა დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს, რომ მათი ობიექტები ახლო აღმოსავლეთში ირანის დარტყმების სამიზნე გახდება, თუ ისინი ისრაელს დაეხმარებიან თავს. თეირანს ასევე შეუძლია სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვაში ნებისმიერი იმ ქვეყნის გემებზე თავდასხმა, რომლებიც მხარს დაუჭერენ ისრაელს.
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ტელეფონით განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.
„ის, ისევე როგორც მე, თვლის, რომ ისრაელსა და ირანს შორის ეს ომი უნდა დასრულდეს", - თქვა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ.
„თეირანი განიხილავს ორმუზის სრუტის დახურვას, რომელიც მნიშვნელოვანია მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდებისთვის", - განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა ესმაილ კოსარიმ.
13 ივნისის ღამეს, ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ირანის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაციაში 200-ზე მეტი საბრძოლო თვითმფრინავი მონაწილეობდა.
ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი" წერს, რომ თეირანის საცხოვრებელი უბნებიც დაზიანდა. მათი ცნობით, სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა და 329 დაშავდა.
თეირანში განადგურდა საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები ცხოვრობდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმები თეირანის ტერიტორიაზე არსებულ სიმაგრეებზე იყო მიმართული. სამიზნეები ისრაელის ტერიტორიიდან 1500 კილომეტრში მდებარეობდა.
სოციალურ მედიაში დაუდასტურებელი პოსტების, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებული „ტელეგრამ" არხების თანახმად, აფეთქებების ხმა ასევე ისმოდა ყუმის, მარკაზის, კერმანშაჰის და ჰამადანის პროვინციებში.
ირანული სააგენტოების ინფორმაციით, ირანის ბირთვული ობიექტის ტერიტორიაზე ფორდოუში, რომელიც მიწისქვეშ რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, ორი აფეთქება მოხდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოპერაციის დროს დაიღუპა ირანის უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაურები: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფის „ჰატემ ალ-ანბიას" მეთაური ღოლამ-ალი რაშიდი. მათი დაღუპვა ირანის მთავრობამაც დაადასტურა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ირანის საჰაერო ძალების მეთაური, ალი ჰაჯიზადე და ირანის საჰაერო ძალების უმაღლესი სარდლობის სხვა წევრები დაიღუპნენ.
პოლიტიკური შეფასებები
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ".
„გეტყვით რა მოხდებოდა, ჩვენ რომ არ გვემოქმედა. ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს არაკეთილსინდისიერი რეჟიმი მათი მარიონეტი რეჟიმებისთვის იმ ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავდა, რომელზეც ისინი ამზადებდნენ. ეს ბირთვული ტერორიზმია და მთელს მსოფლიოს შეუქმნიდა საფრთხეს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, ისრაელის ოპერაციას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „მკაფიო მხარდაჭერა" აქვს.
„ჩვენი მტერი თქვენი მტერია. საქმე გვაქვს რაღაცასთან, რაც ადრე თუ გვიან ყველას შეგვიქმნის საფრთხეს. ჩვენი გამარჯვება თქვენი გამარჯვება იქნება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი ამბობს, რომ ირანი მზადაა დადოს შეთანხმება, რომლითაც უარს იტყვის ბირთვული იარაღის ქონაზე. თუმცა, მისივე თქმით, ირანი გააგრძელებს რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით მანამდე, სანამ ისრაელი არ შეწყვეტს დარტყმებს ირანზე,
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეთანხმებისთვის, რომლის მიზანიც იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან, ჩვენი პრინციპის თანახმად, ბირთვული იარაღი აკრძალულია", - განაცხადა მინისტრმა.
თუმცა, მისივე თქმით, თუკი შეთანხმების მიზანი იქნება ირანისათვის „კანონიერი ბირთვული უფლებების" ჩამორთმევა, ქვეყანა ამისთვის მზად არ არის.
გარდა ამისა, აბას არაქჩი მიიჩნევს, ისრაელის მხრიდან იარნზე თავდასხმის მთავარი მიზანი აშშ-ირანის მოსალოდნელი ბირთვული შეთანხმების ჩაშლა იყო და სავარაუდოდ, ამაში აშშ-ც იყო ჩართული.
„მივიღეთ შეტყობინებები სხვადასხვა არხებიდან, რომ აშშ ამ თავდასხმებში ჩართული არ ყოფილა, თუმცა არ გვჯერა ამ განცხადების და გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგება", - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არაფერი აქვს საერთო ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან და ირანს აფრთხილებს, მისი ქვეყანა კონფლიქტში არ ჩართოს. ამასთან, ტრამპი მიმართავს ირანს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა და სისხლიანი კონფლიქტის დასრულება.
„აშშ-ს არაფერი აქვს საერთო წუხელ ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა და ძლიერება ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!!!" - დაწერა ტრამპმა 14 ივნისს სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპმა ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის მარტში ბირთვულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად 60 დღე მისცა და გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ, ამას შედეგები მოჰყვებოდა.
14 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშკიანს ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ მაკრონი „იქსზე" წერს.
„ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამიტომ მოვუწოდე პრეზიდენტ ფეზეშკიანს, სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად - ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა. ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ და ყველა ჩვენი ძალისხმევის მობილიზება მოვახდინოთ ამ მიზნის მისაღწევად", - წერს მაკრონი.
რატომ დაიწყო შეტევები
ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის მთავარი მიზეზი ირანის ბირთვული პროგრამაა. ბოლო შეიარაღებული დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის გასული წლის ოქტომბერშ იყო, როდესაც ისრაელი და ირანი რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმანეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს ახორციელებდნენ.
ისრაელი ამტკიცებს, რომ ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი განსაკუთრებით საშიში იქნება როგორც უშალოდ ისრაელის, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
თავად ირანი ბირთვულ პროგრამას ეროვნული სიამაყისა და სუვერენიტეტის წყაროდ მიიჩნევს. თეირანში აცხადებენ, რომ პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ენერგეტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი და გეგმავს გეგმავს დამატებითი ატომური ელექტროსადგურების აშენებას, რათა დააკმაყოფილოს შიდა ენერგეტიკული საჭიროებები და გაათავისუფლოს მეტი ნავთობი ექსპორტისთვის.
რაც შეეხება 13 ივნისს დაწყებულ დარტყმებს, გამოცემა „თაიმს ოფ ისრაელის" ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს მომავალში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, ისრაელის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ირანს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, დაახლოებით 6 თვეში მინიმუმ ათი ატომური ბომბისა და 2000 რაკეტის მფლობელი გამხდარიყო.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპერაცია „გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება - ირანიდან მომავალი საფრთხის აღმოფხვრამდე". სხვადასხვა გამოცემები კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ეს ყველაფერი დაახლოებით 2 კვირას გასტანს.
ამასთან, „სი-ენ-ენის" ცნობით, ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ის შეერთებული შტატების ფარული თანხმობით ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ და ფარულად დაუჭირა მხარი მათ. კითხვაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დაპირისპირება, ოფიციალურმა პირმა უპასუხა, რომ ეს ირანის ქმედებებზეა დამოკიდებული.
„ტრამპის ადმინისტრაცია ღრმად არის დარწმუნებული, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გაგრძელებით", - განაცხადა „სი-ენ-ენის" წყარომ და დაამატა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ისრაელს უკარნახოს, თუ რა უნდა გააკეთოს.
თავად ისარელის პრემიერიც ადასტურებს, რომ ტრამპმა მოსალოდნელ დარტყმებზე იცოდა.
„წინასწარ ვუთხარით მათ, დარტყმის შესახებ იცოდნენ. ახლა რას გააკეთებენ, ამას პრეზიდენტ ტრამპს ვუტოვებ, ის დამოუკიდებლად იღებს თავის გადაწყვეტილებებს. მის ნაცვლად არ ვილაპარაკებ. ის ძალიან დამაჯერებლად და მყარად საუბრობს და თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, (ურანის) გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე