მარიამ ვეკუა
(15.06.2025)

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერი - ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია - წინასწარ პატიმრობაში არიან. სასამართლო განხილვები გრძელდება და წარდგენილი ბრალის მიხედვით, მათ 1 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეს კი ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, 4 ოქტომბერს დანიშნული ადგილობრივ არჩევნებს ისინი პატიმრობაში შეხვდებიან. როგორ იმოქმედებს ეს არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით მიმდინარე დისკუსიაზე, ქვეყანაში არსებულ საპროტესტო მუხტზე და ზოგადად, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე?

სამივე ოპოზიციონერის წინააღმდე საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით აღიძრა. აღმკვეთი ღონისძიების სახით სამივეს გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მის გადახდაზე სამივემ უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ გირაო წინასწარი პატიმრობით შეცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერსა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ ზურაბ ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. 

6 დღეში, გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერი და პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია დააპატირეს.

13 ივნისს ასევე პატიმრობით შეუცვალეს გირაო „ახალის“ მეორე თანადამფუძნებელ ნიკა გვარამიას, რომელიც რუთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში თავად მივიდა.

შეგახსენებთ, პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულია („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ) და ისჯება ჯარიმით, ან ერთ წლამდე პატიმრობით.

ამას გარდა, მელიას დამატებითი ბრალდებაც აქვს წაყენებული - სასამართლოს შეურაცხყოფა. 29 მაისის სხდომაზე მან მოსამართლეს წყალი შეასხა.

შიდა პოლიტიკური სიტუაცია და საპროტესტო მუხტი

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ აღნიშნავს, შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ამ დაკავებებს დიდი ზეგავლენა რომ ჰქონოდა, ხალხი ქუჩაში მაშინვე გამოვიდოდა.

„ამ ტიპის ზემოქმედება, როცა რაღაც მოვლენა მოქმედებს ხალხზე, მყისიერად ხდება. გახსოვთ, ციხის კადრები რომ გავიდა ტელევიზიაში, ხალხი პირდაპირ გადაცემის დასრულებამდე გამოვარდა ქუჩაში. ასევე სარალიძის შვილის ამბავიც - ყოველგვარი პაუზის გარეშე ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ დაკავებებზე რეაქცია რომ ჰქონოდა ხალხს, უკვე ქუჩაში უნდა ყოფილიყო.

„რაც შეეხება მეორე კითხვას, საპროტესტო მუხტზე აქამდე იმოქმედებდა, რამე რომ ყოფილიყო. სამაგიეროდ უცხოელების საპროტესტო მუხტზე უფრო მოქმედებს. როგორც კი დააკავეს გვარამია, მაშინვე, იმავე დღეს უცხოელებმა გამოავლინეს რეაქცია, რომ ეს დაუშვებელიაო. განმეორდა ეს რეაქცია რამდენიმე სხვა ადამიანთანაც“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე დაკავებებს დიდი გავლენა არ აქვს.

„შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, სამწუხაროდ, ეს არ მოქმედებს, თუმცა საგარეო იმიჯის თვსალსაზრისით, ქვეყანას ძალიან აზიანებს.

„რაც შეეხება საპროტესტო მუხტს ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ცვლილება იქნება. ისედაც იმდენი ადამიანია დაკავებული და ეს პოლიტიკოსების დაპატიმრება იმდენად შიდა განწყობებზე არ ახდენს გავლენას, რამდენადაც გარე იმიჯზე. ეს ძალიან  ცუდად ჩანს გარედან“, - აღნიშნა ზურაბშვილმა.

დისკუსია არჩევნების ბოიკოტზე

სამივე დაკავებული ოპოზიციონერი 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტის მომხრეა. აქედან გამომდინარე, მათმა პატიმრობამ შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით მიმდინარე დისკუსიაზე. რამაზ საყვარელიძე არ ფიქრობს, რომ ოპოზიცია ერთიანი პოზიციის შემუშავებას შეძლებს.

„ამ თემაზე კამათი დღემდე მიმდინარეობს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ საღი აზრი გაიმარჯვებს, უნდა მონაწილეობდნენ არჩევნებში, რადგან პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნებში ჩართული არაა, პოლიტიკოსი არ არის. თუმცა, მათ შესაძლოა ჰყავდეთ დასავლეთში მხარდამჭერები, რომელთაც სჭირდებათ ბოიკოტი საქართველოში - ბოიკოტის გამოხატულება, იმპულსები, დაუმორჩილებლობის სიგნალები. ხომ ვნახეთ - გაცილებით ინტენსიური რეაქცია დასავლეთში იყო, ვიდრე საქართველოში, რაც მიანიშნებს, რომ არსებობს გარკვეული კავშირები დასავლეთთან. 

„როგორც წესი, სიმართლე შუაშია - ოპოზიციის რაღაც ნაწილი ჩაერთვება და რაღაც ნაწილი არა ბოიკოტის რეჟიმში. დღევანდელი მოცემულობით, მე ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას არ ველოდები“, - განაცხადა საყვარელიძემ.

დავით ზურაბიშვილიც ასევე ფიქრობს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შეძლებს ერთიანი პოზიციის შემუშავებას და აღნიშნავს, რომ დაკავებების სერიასა და ბოიკოტს ერთმანეთთან არ აკავშირებს.

„2010 წელს თვითმმართველობის არჩვენები იყო. გვყავდა 10 აქტივისტი, რესპუბლიკურ პარტიაში გახლდით მაშინ. მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. ვიღაცეები მაშინაც ბოიკოტს აცხადებდენენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ორ თემას - დაკავებებსა და ბოიკოტს ერთმანეთან არ ვაკავშირებ. არ ვფიქრობ, რომ ბოიკოტის სრულად შეიძლება შედგეს“, -განაცახდა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე როგორ იმოქმედებს ოპოზიციონერების დაკავება ოპოზიციის შიგნით ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიაზე, საყვარელიძე გვპასუხობს:

„არ ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას იქონიებს შიგნით. იმას, თუ ვინ სად იქნება, მშვიდად შეხვდებიან ყველაფერს. თუმცა,  ისევ უცხოელების საკითხი უნდა აღვნიშნოთ. უცხოელების მხრიდან განსაკუთრებით ბალტიელები აქტიურობენ, რომ ევროპამ უნდა გააკეთოს მობილიზაცია და საქართველო დასაჯოს. ასეთი პოზიციები ხშირად ფიგურირებს, თუმცა ბევრი არაფერი მოჰყოლია. თუმცა, რომ მოჰყვეს, არც ეს იქნებოდა გადამწყვეტი გავლენის მქონე. საქართველოს მოსახლეობას უკვე გაცილებით კრიტიკული დამოკიდებულება გამოუჩნდა ევროპის მიმართ. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ დიდ გავლენას იქონიებს შიგნით“, - აცხადებს საყვარელიძე.

დავით ზურაბიშვილიც ფიქრობს, რომ ოპოზიციის შიდა დისკუსიაზე დაკავებებს დიდი გავლენა არ ექნება.

„არ ამგონია ამ დაკავებებმა დიდი გავლენა მოახდინოს. აბსოლუტურად გამოვრიცხავ იმასაც, რომ გახარია და „ლელო“ შეუერთდეს ბოიკოტს“, - განაცახდა ზურაბიშვილმა.

სანქციების მორიგი ტალღა?

სამი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების სერია მოჰყვა. აქედან გამომდინარე რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ დასავლეთმა „ოცნების“ წინააღმდეგ ახალი სასანქციო პაკეტი შეიმუშავოს.

„არ გამოვრიცხავ, რომ სანქციების ახალი პაკეტი გამოჩნდეს. იქნება შეშფოთებაც. პრინციპიში, ძირითადი  ძალისხმევა მაგაზეა, რომ სანქციების ახალი პაკეტი დაიდოს და იქნება კიდეც“, -განაცხადა საყვარელიძემ.

დავით ზურაბიშვილი წინასწარი ვარაუდისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დასავლეთი ჯერ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას დაელოდება და შემდეგ გადაწყვეტს რა მოიმოქმედოს.

„ყველაფერი  დამოკიდებულია არჩევნებზე. დასავლეთი დაელოდება არჩევენებს და არჩევნების მერე გადაწყვეტენ რას გააკეთებენ - იქნება სანქციები, თუ არა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე