რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა „იქსზე" წერს.
„ხარკოვი, სუმი, ოდესა და სხვა რეგიონები წუხელ კვლავ რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. ხარკოვი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა დრონების დარტყმების შედეგად. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორმოცდაათზე მეტი დაშავდა, მათ შორის რვა ბავშვი. რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს", - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. „დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე. მოსკოვმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ უარყოფს მშვიდობას", - აცხადებს სიბიგა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი აცხადებენ, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს ამზადებს, სამიზნეში რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორები იქნება ამოღებული.
„რუსეთის მიზანი მშვიდობა არ არის, მისი მიზანია, ძლიერების მმართველობის დაწესება. შესაბამისად, რუსეთზე ზეწოლას ვზრდით, ვინაიდან, ძალა ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის... ჩვენი მესიჯი ცხადია: ეს ომი უნდა დასრულდეს.
ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა გვჭირდება, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან სერიოზული წინადადებით უნდა მოვიდეს. ვინაიდან, დღეისთვის ის მშვიდობის მიღწევის სურვილს არ აჩვენებს, რუსეთზე ზეწოლას გავაძლიერებთ, მათ შორის მეტი ძლიერი სანქციებით. შესაბამისად, ძლიერი სანქციების მე-18 პაკეტის წინადადებით გამოვდივართ. სამიზნეში ორ სექტორს ვიღებთ. რუსეთის ენერგეტიკის სექტორს და რუსეთის საბანკო სექტორს. ვაფართოებთ საექსპორტო აკრძალვებსა და კონტროლს, და ვაძლიერებთ [სანქციების] გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.
წინადადების თანახმად, შემოთავაზებულია "ჩრდილოეთ ნაკადი - 1-სა" და "ჩრდილოეთ ნაკადი - 2-ის" წინააღმდეგ პირველად სატრანზაქციო აკრძალვის შემოღება, რომლის შედეგადაც ევროკავშირის არცერთ ოპერატორს არ შეეძლება
"ჩრდილოეთ ნაკადის" მილებთან დაკავშირებით პირდაპირ ან არაპირდაპირ გარიგებებში ჩართვა. ასევე შემოთავაზებულია რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული ზედა ჭერის ბარელისთვის 60 აშშ დოლარიდან 45 აშშ დოლარამდე ჩამოწევა.
განცხადების თანახმად, ახლა რუსული ნავთობი ზედა ჭერის დონესთან ძალიან მიახლოებულ ფასებში იყიდება და მისი ჩამოწევა ევროკავშირს შეცვლილ საბაზრო პირობებთან ადაპტირებისა და ზედა ჭერის ეფექტიანობის აღდგენის საშუალებას მისცემს.
საბანკო სექტორთან დაკავშირებით, შეთავაზებულია არსებული SWIFT სისტემის გამოყენების აკრძალვის "სრულ სატრანზაქციო აკრძალვად" გადაქცევა და მისი კიდევ დამატებით 22 რუსულ ბანკზე გავრცელება.
ასევე, წინადადება ეხება ზემოხსენებული სატრანზაქციო აკრძალვის მესამე ქვეყნებში ფინანსურ ოპერატორებზე გავრცელება, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობის დაფინანსებას სანქციებისთვის გვერდის ავლით ახდენენ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ დღის წესრიგში რამდენიმე საკითხი დგას, მათ შორის არის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის მიმართულებით მნიშვნელოვანი სანქციები.
„რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს პირველ რიგში ენერგეტიკის სექტორზე და სხვათაშორის, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას. თუ გახსოვთ, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს რუსეთს ნავთობის ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 60 დოლარი განუსაზღვრა.
დღეს საუბარია იმაზე, რომ 1 ბარელზე 45 დოლარი განესაზღვროს. მეორე საკითხი, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ ტანკერებს, რომლებსაც რუსული ნავთობი გადააქვთ და ხელს უწყობენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებაში საერთაშორისო ბაზრებზე. აღნიშნულ მიმართულებაზე დამატებითი სანქციები უნდა დაწესდეს.
ასევე, საუბარია საბანკო სექტორზეც, რადგან რამდენიმე რუსული ბანკი „სვიფტის" სისტემიდან ჯერ გათიშული არ არის. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. კიდევ ერთი საკითხია ის, რომ საბოლოოდ უარი ითქვას რუსულ ბუნებრივ აირზე. ფაქტობრივად, ევროპამ უარი განაცხადა რუსულ გაზზე, თუმცა რაღაც ნაწილი ევროპულ ბაზარზე მაინც ხვდება.
ამასთან, ამერიკის მოთხოვნაა, 500%-იანი ტარიფის დაწესება იმ ქვეყნების პროდუქციაზე, რომლებიც რუსულ ნავთობს შეისყიდიან. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში სააუბარია ენერგეტიკის სექტორზე და ამავე დროს ნაწილობრივ საბანკო სექტორზე. ასევე, დამატებით სანქციებზე სხვადასხვა რუსი ოლიგაქრის წინააღმდეგ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე