სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა დაიწყო, რომელიც ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის გადაყენებასა და ახალი კათოლიკოსის არჩევნების საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ვითარება იმდენად რთულია, რომ სომხეთის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში უკვე სამოქალაქო ომის საფრთხეზეც ალაპარაკდნენ.
მანამდე ნიკოლ ფაშინიანი ღიად აცხადებდა, რომ გარეგინ II-მ თანამდებობა უნდა დატოვოს, სომხურ ეკლესიაში წმენდა ჩატარდეს და საეკლესიო კანონმდებლობა ისე შეიცვალოს, რომ ახალი კათოლიკოსის არჩევისას სახელმწიფოს გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს. ახლა კი, როგორც ჩანს, სომხეთის პრემიერი მოქმედებაზე გადავიდა.
საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის იდეა ფაშინიანმა 10 ივნისს წამოაყენა და ის კრიტერიუმებიც დაასახელა, რომელსაც მისი წევრები უნდა აკმაყოფილებდნენ. თავად ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ II სომხეთში არ არის და ქვეყანაში დაბრუნებას 11 ივნისს აპირებს, ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებს კათოლიკოსს ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ, ამასთან, აცხადებენ, რომ ხელისუფლება თავს ესხმის ეკლესიას, სომეხი ხალხის ღირებულებებს, არანაირი „წითელი ხაზები" არ აქვს და მხოლოდ „სწორად ორგანიზებული წინააღმდეგობა" აიძულებს მათ უკანდახევას.
წინაისტორია
სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც 29 მაისს მთავრობის სხდომაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომხური ეკლესია საკუჭნაოს დაემსგავსა, სადაც ნაგავი ინახება". რის შემდეგაც მან სოციალურ ქსელში არააკადემიური ლექსიკით გააკრიტიკა სომხური ეკლესიის იერარქები, მათ შორის ერთ-ერთი არქიეპისკოპოსი სექსუალურ გარყვნილებაში დაადანაშაულა.
სომხეთის პრემიერი ითხოვს, რომ წოდება ჩამოერთვას ყველა მღვდელმთავარს, რომელსაც დარღვეული აქვს ცელიბატის ფიცი.
ამასთან, სიტუაცია უფრო დაძაბა ფაშინიანის მეუღლის, ანა აკოფიანის პოსტმაც, სადაც აკოფიანმა კათოლიკოსი „ქვეყნის მთავარი მაფიოზად" მოიხსენია და სასულიერო პირები უქორწინობის ფიცის დარღვევაში და პედოფილიაში დაადანაშაულა.
ამას მოჰყვა ეჩმიაძინის მთავარ საკათედრო ტაძარში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსისა და უზენაესი პატრიარქის, გარეგინ II-ის თავმჯდომარეობით, სომხეთის ეპისკოპოსებისა და ეპარქიების ხელმძღვანელების მონაწილეობით, უმაღლესი სულიერი საბჭოს სხდომა, სადაც საგანგებო განცხადება მიიღეს. მასში ნათქვამი იყო, რომ „ანტისაეკლესიო პოზიცია აშკარად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და წარმოადგენს მცდელობას, დააკნინონ სომხური ეკლესიისა და სასულიერო პირების ავტორიტეტი, რომლებიც პატივსცემით სარგებლობენ როგორც ქვეყნის შგნით, ისე საერთაშრისო წრეებში; ჩაახშონ სომხური ეკლესიის ხმა და შეამცირონ მისი საზოგადოებრივი გავლენა".
ფაშინიანის ინიციატივა
ნიკოლ ფაშინიანი „ფეისბუქ" 10 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტში აცხადებს, რომ გადაწყვიტა შექმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის თანამდებობიდან გარეგინ II-ს გადაყენებაზე იმუშავებს და პარალელურად მოამზადებს ახალი კათოლიკოსის არჩევნებს.
სომხეთის პრემიერი ასევე წერს, რომ გადაწყვიტა პირადად შეარჩიოს ამ ჯგუფის პირველი 10 წევრი, რომლებიც შემდეგ თავად იმსჯელებენ ჯგუფის შესაძლო გაფართოებაზე და კონკრეტულ გეგმებზე.
ამავე პოსტში ჩამოთვლილია, თუ რა კრიტერიუმებით მოხდება საკოორდინაციო ჯგუფის წევრების შერჩევა: პოტენციურ კანდიდატს „მთელი გულით უნდა სწამდეთ ცოცხალი უფალი იესო ქრისტე", „ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ბიბლია თავიდან ბოლომდე წაკითხული", „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს დიდი მარხვა დაცული" და „ყოველდღე უნდა ლოცულობდეს".
„მესმის, ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების უმრავლესობის ობიექტურად შემოწმება რთულია, მაგრამ ღვთის დახმარებით ეს ყველაფერი შეიძლება საუბრებში, შეგრძნებებში გამოჩნდეს, სულიერი თვალით დანახვაში", - აღნიშნავს ფაშინიანი და განაცხადის შევსებისთვის თავის ელ ფოსტასაც ურთავს პოსტს.
საუბრები სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე
აღნიშნულ ინიციატივაზე სომხეთის განათლების,მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანა ანდრეასიანს 10 ივნისს სომხეთის პარლამენტში ყოფნისას დაუსვეს კითხვა, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩევიან საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, თუმცა მინისტრმა განაცხადა, რომ თავად პრემიერის პოსტშია პასუხი ყველა კითხვაზე.
რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ეკლესიასა და მთავრობას შორის დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს ქვეყანა, „ნიუს.ამ"-ის ცნობით, ჟანა ანდრეასიანმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, სომხურ საზოგადოებას საკმარისი სიბრძნე აქვს სირთულეების დასაძლევად.
„ვფიქრობ, ვინც ასეთ მოწოდებებს აკეთებს, ჩვენს საზოგადოებას ძალიან ცუდად იცნობს. სოციოლოგი ვარ და ეს ჩემი პროფესიაცაა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებას სოლიდარობის ძალიან ძლიერი ბირთვი აქვს, საზოგადოებას, რომელმაც მრავალი განსაცდელი გამოიარა, საკმარისი ინტელექტი და სიბრძნე აქვს სხვადასხვა გამოწვევებისა და სირთულეების დასაძლევად", - განაცხადა სომხეთის განათლების მინისტრმა.
რას აპირებს სომხური ოპოზიცია
ფაშინიანის პოსტის გამოქვეყნების მომენტისთვის კათოლიკოსი გარეგინ II სომხეთში არ იმყოფებოდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრაქცია „სომხეთის" წევრმა იშხან საღათელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კათოლიკოსი 11 ივნისს ღამის 01:00 საათზე ბრუნდება ერევანში და მოქალაქეებს მის დასახვედრად ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტის ვიპ-დარბაზთან შეკრებისკენ მოუწოდა.
მოქალაქეებს აეროპორტში შეკრებისკენ მოუწოდა ასევე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, პარტია „სამშობლოს" თავმჯდომარემ, ოპოზიციონერმა არტურ ვანეციანმაც.
„ხელისუფლება აგრძელებს ჩვენი ხალხის ღირებულებებზე, ერთიანობაზე, რწმენასა და ეკლესიაზე თავდასხმას. მათ არ აქვთ წითელი ხაზები, არც არანაირი შეზღუდვა მიზნის მიღწევის გზაზე და არც ექნებათ, თუ ისინი აშკარა წინააღმდეგობას არ წააწყდებიან. ჩვენმა ეკლესიამ ნათლად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მის მხარეს ვართ. ეკლესიის მტრებმაც ეს კარგად უნდა იცოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორად ორგანიზებული წინააღმდეგობა აიძულებს როგორც ხელისუფლებას, ასევე მათ მფარველებს, უარი თქვან კიდევ ერთ მანკიერ განზრახვაზე", - აღნიშნა ვანეციანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე