მარიამ ვეკუა
(09.06.2025)

პარლამენტის ბიურომ სხვადასხვა ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფების შემადგენლობები დაამტკიცა - პარლამენტის გადაწყვეტილებით, დაკომპლექტდა ყველა იმ ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელიც პარლამენტის დადგენილებით განისაზღვრა, გარდა სამი ქვეყნის - ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფისა.

პარლამენტის დადგენილებაში კი აღნიშნულია, რომ სამი ქვეყნის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფების შექმნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა, როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ითქვა, დეპუტატებმა მასში შესვლა არ ისურვეს და ამის გამო ჯგუფები ვერ დაკომპლექტდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ეს განპირობებულია ამ სამი ქვეყნის არამეგობრული პოლიტიკით ქართველი ხალხის მიმართ."

„იმედი გვაქვს, რომ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტები ხალხის მიმართ მეგობრულ პოლიტიკას დაუბრუნდებიან. ეს შემდგომ შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შესაბამისი მეგობრობის ჯგუფები დაკომპლექტდეს. ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი შექმნილიყო, მაგრამ დაკომპლექტებული არ არის.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რო სამი ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებენ დაუბრუნდნენ მეგობრობის ფორმატს.

მანამ, სანამ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრული პოლიტიკა ექნება, რთულია გქონდეს მოლოდინი, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფებში ყოფნას ისურვებენ.

ამიტომ ამ სამი ქვეყნის პარლამენტს მოვუწოდებთ, მეგობრობის ფორმატს დაუბრუნდნენ და ქართველი ხალხის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებზე უარი თქვან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა ტიპის პოლიტიკური გზავნილია

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ შესაძლოა ეს „ოცნების" მხრიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებზე შურისძიება იყო.

„თითქოს შური იძიეს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, რადგან მოგეხსენებათ, რომ ბალტიისპირეთიდან იყო მთელი რიგი სანქციები, რომლებიც აამოქმედეს - უკრძალავენ მათ ქვეყნებში შესვლას „ქართული ოცნების" წევრებს, მათ შორის დეპუტატებს, მთავრობის წარმომადგენლებს. აქედან გამომდინარე, თითქოს ეს არის შურისძიების მომენტი. ასეთ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ეს საკითხი," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ეს „ოცნების" მხრიდან დაგვიანებული, თუმცა ადეკვატური რეაქციაა: „ცოტა დაგვიანებული, მაგრამ შესაბამისი რეაქციაა, იქიდან გამომდინარე, რომ ბალტიის სახელმწიფოები უსაგნოდ აკრიტიკებენ და აბულინგებენ საქართველოს საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას - უწესებენ უწესო სანქციებს და ადანაშაულებენ იმაში, რაც მმართველ ჯგუფს არ ჩაუდენია.

შესაბამისად, საქართველოს ხალხი აგრძელებს მეგობრობას ბალტიელ ხალხთან, მაგრამ მისი დროებითი პოლიტიკოსები აფუჭებენ ამ ურთიერთობებს - იქიდან გამომდინარე, რომ თავად არ აქვთ საკუთარი სუვერენიტეტი და რასაც ბრიუსელიდან უბრძანებენ, იმას ასრულებენ.

ასეთი დამოკიდებულება სუვერენული და თავმოყვარე, თავისუფალი საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მე უფრო შორს წავიდოდი - შესაბამის სტრუქტურებს ვურჩევდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც აკეთებენ ტოქსიკურ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს საქართველოზე, არ შემოუშვან, ისევე როგორც ამას წარმატებით აკეთებს ისრაელის სახელმწიფო," - განაცხადა აბაშიძემ.

როგორ გაგრძელდება დიპლომატიური დაპირისპირება

ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ სანამ „ოცნება" ხელისუფლებაშია, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ურთიერთობის განმუხტვა მოსალოდნელი არ არის:

„„ქართული ოცნების" პირობებში ბუნებრივია მოსალოდნელია ამ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობის გამწვავება, თუმცა თუ ვითარება შეიცვალა, როგორც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან, ისე უკრაინასთან და ევროკავშირთან ურთიერთობები აღდგება. სხვა შემთხვევაში კი ურთიერთობა გამწვავდება, თუ „ქართული ოცნება" შეინარჩუნებს ხელისუფლებას," - განაცხადა ჩიტაძემ.

გია აბაშიძე კი ამბობს, რომ მდგომარეობა უკვე ისედაც მწვავე ფაზაშია: „ეს სიმწვავე უკვე ისედაც აშკარაა. არ ვიცი, მეტი რა სიმწვავე უნდა იყოს. თუ მიბაძავენ პუტინს და ქართველებს გამოაძევებენ ბალტიის ქვეყნებიდან, ესეც არ იქნება გასაკვირი - იმდენად არაადეკვატურები გახდნენ ვილნიუსის, რიგის და ტალინის პოლიტიკოსები. ელჩებიც რომ გამოაძევონ, როგორც ეს უსინდისოდ გააკეთა ზელენსკიმ - ესეც არ იქნება გასაკვირი.

თუმცა, ვიმეორებ - საქართველო მოზომილად გასცემს პასუხს ყველა ანტიქართულ ქმედებას. ხელისუფლებები არიან დროებითნი და ისინი ვერანაირად ვერ შეაფერხებენ საქართველოსა და ესტონეთის, საქართველოსა და ლიტვის და საქართველოსა და ლატვიის ხალხთა შორის მეგობრობას," - განაცხადა აბაშიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე