მმართველი პარტიის კიდევ ერთი გზავნილი გეოპოლიტიკურ კონტექსტში - "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ იმ მცემულობაში, რაც დღესაა, მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დამოუკიდებლობაა - "დამოუკიდებლობა ყველასგან". მისი თქმით, "სხვა გზა არ არსებობს".
ანალიტიკოსთა ნაწილი მდინარაძის იდეას ეთანხმება, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს საკმაოდ სახიფათო განცხადება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში.
"ჩვენი საგარეო კურსი ცალსახად არის ის, რასაც თავის გადარჩენა ჰქვია იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ. უმთავრესია ხალხის ფიზკური გადარჩენა, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და დამოუკიდებლობის განმტკიცება. ამას ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი ბალანსირების პოლიტიკით ახერხებს", - აცხადებს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან".
"ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა, ცალსახად მათ უნდათ, რომ ასე მოსპონ ყოველგვარი ინსტიტუციონალური ვალდებულებები ევროპასთან და ნატოსთან, დავრჩეთ როგორც ვართ. რუსეთთან არანაირ მოძრაობას არ დაიწყებენ, არც დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენენ და არც რაიმე ორგანიზაციაში არ შევლენ, სადაც რუსეთია, სამაგიეროდ არ წავლენ არც ევროკავშირში და არც ნატოში და იტყვიან, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ყველასგან",- აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან".
"პრორუსული ორბიტა ჩინურ-არაბული კონტექსტით"
კონფლიქტოლოგს და ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს "რეზონანსთან" მიაჩნია, რომ ეს საკმაოდ სახიფათო განცხადებაა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ სვლა სრულიად შეჩერდეს, ამასთან, არც რუსეთთან არ აღადგინონ ღიად დიპლომატიური ურთიერთობები, ეს კი რუსეთს აწყობს, რადგან რუსულ ორბიტაზე ყოფნას ნიშნავს ასეთი მდგომარეობა.
"მემგონი ეს ძალიან სახიფათო განცხადებაა, ცალსახად მათ უნდათ, რომ ასე მოსპონ ყოველგვარი ინსტიტუციონალური ვალდებულებები ევროპასთან და ნატოსთან, დავრჩეთ როგორც ვართ. რუსეთთან არანაირ მოძრაობას არ დაიწყებენ, არც დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენენ და არც რაიმე ორგანიზაციაში არ შევლენ, სადაც რუსეთია, სამაგიეროდ არ წავლენ არც ევროკავშირში და არც ნატოში და იტყვიან, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები ყველასგან.
"იტყვიან, თქვენ ხომ ამბობთ, რომ რუსეთში მივდივართ, აი, არ მივდივართ და სამაგიეროდ ევროპა გვიწესებს სანქციებს, ჩვენს წინააღმდეგ რეზოლუციებს იღებს. თანაც კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი არის ყველაზე სანიმუშო დიდი სახელმწიფო, ანუ ჩინურ და არაბული კონტექტით იქნება არაფრის კეთება. ანუ იქნება მუდმივ წრეზე ტრიალი, ის რაც დღეს გვაქვს.
"როგორც დრეს ვართ ისე ვიქნებით, ოღონდ საქართველოში სამოქალაქო სექტორი განადგურდება, ალბათ უფრო მეტად განადგურდება მედია და ვიქნებით კიდევ უფრო მკაცრ ავტორიტარულ რეჟიმში, აქამდე ვიყავით ვოდევილურში და ახლა, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მითუმეტეს, თუ ოპოზიცია ჩაფლავდება და არ მიიღებს მონაწილოებას, სრულიად ერთპარტიული სისტემა იქნება, კაციშვილი ვერსად წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და უფრო იოლად გაუსწორდებიან არასამთავრობო სექტორსა და მედიას.
"ხალხს ალბათ ციხიდან გამოუშვებენ, ვინც ახლა ციხეშია, თუმცა არაა გამორიცხული, რომ არჩევნების მერე ვიღაცეები ხელახლა დააპატიმრონ. შეიძლება ჯარიმებიც კი გააუქმონ ვისაც დაეკისრათ და ამით საზოგადოებას შეატყობინონ, რომ არჩევნები მოვიგეთ, მივითვისეთ პრობლემა არაა და ახლა აზრი არ აქვს გამოსვლას, არ გინდათ ჯარიმები და ციხეები და იყავით სახლებში.
"ჩვენ რუსეთში ვართ და რუსული ზონიდან ჯერ არ გავსულვართ, აქ ტერიტორიების ოკუპაციაა, რუსული ჯარებია და პრაქტიკულად რუსული კონტექსტია. ვიქნებით ასე რუსულ ორიბიტაზე, რუსულ გრავიტაციაში და რუსულ ტურბულენტობაში. რუსეთს ეს აწყობს, მთავარია ჩვენ ევროკავშირსა და ნატოში არ მივდიოდეთ.
"ახლა არა, მაგრამ მაგალითად 2028 წლისთვის არ გამოვრიცხავ თქვან, რომ აი, ჩვენ ბევრი ნავთობი გვაქვს და ხომ არ სჯობს გავწევრიანდეთ დსთ-ში და რაღაც გარკვეული პროდუქტები უფრო იაფად მივიღოთ. ამასობაში, იმედია რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, მაგრამ ახლა რასაც მე "ქართულ ოცნებაზე" ვსაუბრობ, ესაა რაც მას უნდა და არ არის ის, რაც იქნება.
"იმედია, ოპოზიციას ახლა ჭკუა ეყოფა, ადგილობრივ არჩევნებზე წავა და მაქსიმალურად აიღებს გარკვეულ წარმატებას, პოზიციების გაძლიერების მერე, მკაფიოდ განაგრძონ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა. იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩვენს ხელს გავანძრევთ, "ოცნება" რასაც ამბობს, ეს ასე არ იქნება და 2028 წლისთვის სულ სხვა რეალობით მივალთ",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".
"ბალანსირების პოლიტიკა"
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველასგან დამოუკიდებლობაში მდინარაძე გულისხმობს იმას, რომ არ ჩაერიოს არცერთი ქვეყანა "შიდა საქმეებში უაპელაციოდ".
"ჩემი გადასახედით, ბატონი მამუკა მდინარაძე ალბათ გულისხმობს, რომ როცა სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უაპელაციოდ ერევიან და მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა თავიანთი დუქანია, ასე არ უნდა იყოს.
"ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ჭეშმარიტად დამოუკიდებელი საქართველო, თორემ ისე, ამასთან შედარებით, ბევრად უკეთეს პირობებში ვიყავით დამოკიდებული საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ცეკა-ს ინსტრუქტორები მოდიოდენენ და მათი თითის დატკაცუნებისას უნდა გაგეკეთებინა ის, რაც მათ სურდათ.
"ახლაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ელჩებისა და ამერიკის ელჩების თითის გატკაცუნებაზე უნდა ვაკეთოთ ეს? ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამდენი სისხლი, უბედურება და ვაება ქართველ კაცს იმისთვის არ გაუვლია და გაუღია, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ ვიღაცეებმა თავის ნებაზე ატარონ",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
კითხვაზე, ახლა რა ტიპის საგარეო კურსი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, გვენეტაძემ გვითხრა, რომ ესაა "ბალანსის პოლიტიკა".
"ჩვენი საგარეო კურსი ცალსახად არის ის, რასაც თავის გადარჩენა ჰქვია იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ. უმთავრესია ხალხის ფიზკური გადარჩენა, სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და დამოუკიდებლობის განმტკიცება. ამას ჩვენი ხელისუფლება და ქართველი ხალხი ბალანსირების პოლიტიკით ახერხებს, რომლითაც ის დღევანდელ დღემდე მოვიდა და დღესაც ამას აგრძელებს",-განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".
"დამოუკიდებლობა ყველასგან"
"რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!" - წერს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
მდინარაძის თქმით, „ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი".
„რაც არ უნდა ილაპარაკონ ქვეყნის გარეთ, ჩვენ თუ აქ, ჩვენს სამშობლოში არ გადავწყვიტეთ ჩვენი გადასაწყვეტი, რამდენიმე ათწლეულში ერი აღარ იარსებებს!
"ამიტომ არის ქვეყნის დამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტი! დამოუკიდებლობა ყველასგან!
"უდიდესი თავმოყვარეობის მქონე ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ერთიან, ძლიერ, ამაყ საქართველოში ვიცხოვრებთ!
"სხვა გზა არ არსებობს! ასე უნდა ახდეს ქართული ოცნება!", - წერს მამუკა მდინარაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე