„ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც" - ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის მობილიზებისა და პროტესტების ძალადობრივად ჩახშობის ფონზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელი აქეზებს და მხარს უჭერს ამგვარ ექსტრემიზმს. ლოს-ანჯელესში პროტესტის ტალღამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ქალაქში ეროვნული გვარდია განათავსა და საემიგრაციო რეიდები დაიწყო.
„ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც. ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, მოლოტოვის კოქტეილი ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს ადამიანებს და შენობებს," - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი აქეზებს და მხარს უჭერს ექსტრემიზმს.
„ძალადობასთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, მისგან გამიჯვნა ევროპული ღირებულების გარდა, ცივილიზებულობის ნიშანიცაა. სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები, ხალხი, ადამიანები მათი უფლებების, ქონების, ღირსების დამრღვევი მოძალადეებისგან დაიცვას. როდესაც ძალადობის აღმკვეთ პოლიციას ან სასამართლოს ებრძვი, ამით ძალადობის მხარეს დგები."
„ძალადობისგან გამიჯვნა ის მინიმუმია, რომელიც ცივილიზებულმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს. თუმცა ნაცვლად გამიჯვნისა, ვხედავთ, რომ ბრიუსელი და ზოგიერთი ევროპული მთავრობის წარმომადგენელი მხარს უჭერს, აქეზებს და აფინანსებს ექსტრემიზმს საქართველოში."
„სიმართლე მხოლოდ მაშინ ვლინდება, როდესაც ექსტრემიზმის დამცველებს საკუთარ ქვეყანაში უხდებათ ძალადობაზე რეაგირება," - დასძინა პაპუაშვილმა.
რა ხდება ლოს-ანჯელესში
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის შემდეგ სიდიდით მეორე ქალაქში ეროვნული გვარდიის ჯარები განალაგა და იმიგრაციის რეიდები დაიწყო, პროტესტის ტალღამ ქალაქში იმატა.
პოლიციამ ლოს-ანჯელესის ცენტრიდან დაშლის ბრძანება 8 ივნისს მას შემდეგ გასცა, რაც მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს. ამის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ლოს-ანჯელესში, სადაც დიდი რაოდენობით ლათინოამერიკელი მოსახლეობა ცხოვრობს, საპროტესტო აქციები პარასკევს დაიწყო, რადგან მასობრივად მიმდინარეობდა ბანდის წევრების დაკავება. პოლიციამ ლოს-ანჯელესის ცენტრში, საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციებზე, მხოლოდ კვირას 27 ადამიანი დააკავა - ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მაკდონელმა აღნიშნა, სავარაუდო დანაშაულებს შორისაა პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და მოტოციკლით პოლიციის რიგებში შევარდნა და შეჯახება.
კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ტრამპის ბრძანება, ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე გვარდიის განლაგების შესახებ, „სახელმწიფო სუვერენიტეტის სერიოზულ დარღვევად" შეაფასა და მოითხოვა, რომ პრეზიდენტს ბრძანება გაეუქმებინა და „კონტროლი კალიფორნიაში დაებრუნებინა."
მან ასევე მოუწოდა მომიტინგეებს სიმშვიდისკენ და სოციალურ ქსელში დაწერა:
„ნუ მიჰყვებით ტრამპის სატყუარას," - დაწერა „იქსზე".
კვირა საღამოსთვის ხელისუფლებამ ლოს-ანჯელესის ცენტრი „უკანონო შეკრების" ადგილად გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციელები სხვადასხვა ქუჩაზე იყვნენ მობილიზებულები.
„გვარდია ყველგან!"
ტრამპმა მომიტინგეებს „აჯანყებულები" უწოდა და საღამოსვე განაცხადა, რომ დაეკავებინათ ნიღბებში მყოფი ადამიანები. „მოიყვანეთ ჯარები!!!!" - დაწერა მან თავის Truth Social პლატფორმაზე.
კვირას, ლოს-ანჯელესის ცენტრში დემონსტრანტების შეკრებისას, სულ მცირე სამი მანქანა დაწვეს. ავსტრალიელმა რეპორტიორმა პირდაპირ ეთერში ყოფნისას ფიზიკური დაზიანება მიიღო - მას პოლიციამ რეზინის ტყვია ფეხში ესროლა.
„გვარდია ყველგანაა" - დასავლური გამოცემები წერენ, რომ დონალდ ტრამპი თავის გადაწყვეტილებას ჯარის გამოყენების შესახებ არ ნანობს. „ვფიქრობ, ძალიან მტკიცე კანონია და წესრიგი დამყარდება," - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ამბოხების შესახებ კანონის ამოქმედების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას - რომელიც სამხედროებს შიდა საპოლიციო ძალად გამოყენების საშუალებას მისცემს - ტრამპმა თქვა: „ჩვენ ყველგან ჯარებს განვათავსებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში მოხდეს."
აშშ-ის ჩრდილოეთის სარდლობამ - თავდაცვის დეპარტამენტის ნაწილმა, რომელიც ეროვნულ თავდაცვაზეა პასუხისმგებელი - განაცხადა, რომ „დაახლოებით 500 საზღვაო ქვეითი... მზადაა განლაგებისთვის, თუ ისინი მიმდინარე ფედერალური ოპერაციების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად საჭირო გახდებიან.
ტრამპის მიერ სამხედრo ძალების განლაგება კი გააკრიტიკეს დემოკრატებმა, მათ შორის კამალა ჰარისმა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამას „სახიფათო ესკალაცია" უწოდა, რომელიც მიზნად ქაოსის პროვოცირებას ისახავს.
ცნობისთვის, იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა (ICE) აშშ-ის სხვა ქალაქებში ბოლო თვეებში მცირე საპროტესტო აქციები გამოიწვია, მაგრამ ლოს-ანჯელესში მიმდინარე არეულობა ტრამპის იმიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ დღემდე ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივია.
შეგახსენებთ, ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე