თამთა ჩაჩანიძე
(09.06.2025)

"ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებში ჩაბმას კატეგორიულად გამორიცხავს, მეტიც, მიაჩნია, რომ ეს იქნება "ბიძინა ივანიშვილთან გარიგება და სპეცოპერაციაში ჩაბმა". კვლავ ბოიკოტშია "კოალიცია ცვლილებებისთვის". რაც შეეხება "ძლიერ საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" ისინი მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას ბრძოლის ნაწილად მიიჩნევენ.

"პარტიაში ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არაფერი არ დავთმოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევარდებით არჩევნებში",- აცხადებს "ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

"ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ!"- აცხადენს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ადვილი შესაძლებელია, რომ ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი გახდეს ოპოზიციაში სერიოზული განხეთქილების მიზეზი და წყალგამყოფი საკითხი.

"ადვილად შესაძლებელია, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გახდეს ოპოზიციაში სერიოზული განხეთქილების მიზეზი, რადგან ფაქტიურად, თუ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ და ამ შემთხვევაში, "ლელომ" და გახარიას პარტიამ ამ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ეს მათი მხრიდან ფაქტიურად ხელისუფლების ლეგიტიმაციას ნიშნავს. იმიტომ, რომ თუკი ისინი აქამდე არ აღიარებდნენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას, მაშინ როგორ იღებენ მონაწილოებას არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დანიშნულ არჩევნებში.

"ის განცხადებები და არგუმენტები, რაც აქვთ, რომ უნდა ვიბრძოლოთ და არჩევნებში ბოიკოტს არავისთვის შედეგი არ მოუტანიაო, ეს ერთის მხრივ გასაგებია, მაგრამ საქართველოში შექმნილი კონტექტსიდან გამომდინარე, რაც ოპოზიციურ ბანაკშია შექმნილი, ეს რა თქმა უნდა სერიოზული დარტყმის მიყენებას ნიშნავს, ოპოზიციის ისედაც მყიფე კონსოლიდაციაზე",- აცხადებს ანალიტიკოსი.

თუმცაღა, ანჯაფარიძე დასძენს, რომ ჯერჯერობით არ იჩქარებდა დასკვნების გაკეთებას.

"თუმცაღა, მე ჯერჯერობით არ ვიჩქარებდი დასკვნების გაკეთებას, რადგან "ლელოს" ასე გადაჭრით არ უთქვამს, რომ მონაწილეობას მიიღებს და სხვათა შორის, არც გახარიას პარტიას. მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გარედან რა რჩევებს მიიღებენ. ჯერჯერობით საარჩევნო კამპანია არ გახსნილა და ამას სჭირდება მინიმუმ ერთი თვე მაინც, რომ საკითხზე ჩამოყალიბდნენ.

"უკვე ივლისში, თუ მათ გადაწყვიტეს, რომ არჩევნებში ერთვებიან, ფაქტიუარდ საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყონ, თუკი რეალურად სურთ არჩევნებში მონაწილეობა და რამე შედეგის დადება. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი და მთლიანად ხელისუფლება არალეგიტიმურია, ვინც საარჩევნო პროცესს ნიშნავს, მაგრამ ამ არჩევნებში მაინც შედიან, ანუ მანკიერ წრეზე ტრიალი გამოდის - თან ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებ და თან ბრძოლაში შედიხარ, ისეთში, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ გაქვს. ეს იქნება ოპოზიციაში ერთობის რღვევის ძალიან სერიოზული მიზეზი და ამას შედეგი მოჰყვება, ეს გავლენას იქონიებს საპროტესტო აქციების ინტენსივიბაზეც",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ადგილობრივი არჩევნების თემა ოპოზიციაში უკვე არის განხეთქილების მიზეზი. მისი თქმით, ენმ-ს პოზიცია ლოგიკური და თანამიმდევრულია, თუმცა ბოიკოტი დამღუპველია, "ლელოს" პოზიციას რაც შეეხება, საყვარელიძის აზრით, ეს არათანმიმდევრული, თუმცა პარტიისთვის სწორია.

"ეს თემა ოპოზიციაში უკვე არის განხეთქილების მიზეზი, ალბათ ასე გააგრძელებენ. ბოკუჩავას პოზიციას აქვს ერთი ლოგიკა, რომელიც უკვე აღარ აქვს მაგალითად "ლელოს", ისინი აქამდე იძახდნენ, რომ არ შეიძლება (ადგილობრივ) არჩევნებში მონაწილოებაო, ახლა ამბობენ, რომ არ შეიძლება არ ჩაერთოო.

"თვითონ "ლელოს" პოზიცია წინააღმდეგობრივია და პრინციპში თანამიმდევრულია "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, თუმცა, მეორეს მხრივ, ჩემი აზრით, საერთოდ, მთელი ეს ბოიკოტური პოლიტიკა, ადრინდელიდან დაწყებული, პარტიებისთვის დამღუპველია.

"მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. უნდა ადამიანს (ხაზარაძეს) შესვლა არჩევნებში და ლოგიკურიცაა, რომ უნდა, ამიტომ მემგონი საქმე იქამდე მივა, რომ ყველამ თავისი გზა აირჩიოს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რას აცხადებენ ბოიკოტის მომხრე-მოწინააღმდეგეები

"ლელო- ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხაზარაძე აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატში საჭიროა სერიოზული მსჯელობის გამართვა. თქმით, ისინი პოლიტპატიმრების დედებსა და აქტივისტებს შეხვდებიან, ვისაც ნორმალური მსჯელობა და არგუმენტები უნდათ. ამბობს, რომ „რაღაც ჯგუფს სურს, თავზე მოახვიოს შეიძლება მართალი, შეიძლება არამართალი პოზიცია".

"ვიღაცას პოლიტიკური პროცესი იარლიყების მიკერება და „ფეისბუქით" შეურაცხყოფის მოყენება ჰგონია! ამიტომაც ვართ ამ დღეში - ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებშიც დავამარცხებთ, პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება გაძლიერდება.

„ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ყველას მოვუწოდებთ, მოდი, ყველა ის ძალა, ცოდნა და ენერგია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არგუმენტირებულ მსჯელობას დავუთმოთ და არ დავუშვათ შეცდომა, რომელიც ოპოზიციამ წარსულში ბევრჯერ დაუშვა. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში 13 წელი.

"ოთხი კოალიციური გაერთიანების ფორმატი ის ფორმატია, რომელმაც არჩევნები მოიგო და რომელიც პარლამენტის არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას ითხოვს. რა იქნება უკეთესი - ბოიკოტი თუ არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენი პოზიცია ცნობილია, რომ ჩვენ ყოველთვის ბრძოლაში შესვლის მომხრე ვართ", - განაცხადა ხაზარაძემ.

მანამდე ხაზარაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა, რომ საჭიროა მსჯელობა, და პარტიაშიც მიაჩნიათ, რომ "ბრძოლის გარეშე არაფერი არ დათმოს", მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებში მათი კოალიცია "მარტო შევარდება".

"დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებს აქვს მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანებაში, მხოლოდ და მხოლოდ დიალოგში, ემოციების გარეშე კარგად აწონ-დაწონვაში და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, იქნება ეს ბოიკოტი, მე აქ იმიტომ არ ვარ მოსული, რომ ვიღაცა გადავარწმუნო, მინდა მსჯელობა გაიხნსას.

"ჩვენს პარტიაში ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არაფერი არ დავთმოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევარდებით არჩევნებში და ეს არ ნიშნავს, რომ ამან უნდა დაანგრიოს რაღაცა.

"ჩვენ და მე პირადად შევხვდები არა მხოლოდ პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგიფს, რომელსაც აქვს არგუმენტი, რატომ სჯობს ბიკოტი საერთო ბრძოლის მოსაგებად და რატომ სჯობს სხვა ტაქტიკა",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის ეთერში ინგა გრილოგიას "რე-აქციაში".

რაც შეეხება ენმ-ს თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებას, მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მორიგი თვალთმაქცობაა ადგილობრივ არჩევნებში შესვლა. ბოკუჩავა იმედოვნებს, რომ მისთვის "პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ".

„მორიგი სიცრუე და თვალთმაქცობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ივანიშვილთან ვითომ შერკინება. ეს არის თავის და ხალხის მიტყუება. აქაც უნდა ითქვას სიმართლე. ამ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში შესვლა, შეიძლება იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, ივანიშვილთან გარიგების შედეგი.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ივანიშვილთან ასეთ გარიგებაში არ შევლენ! ძალიან დიდი მადლობა, ყველას გუშინ გამოთქმული მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ჩემთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თქვენგანის სიტყვა. თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ",- განაცხადა ბოკუჩავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე