უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც უკრაინა და რუსეთი ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ".
ABC-თან ინტერვიუში კითხვაზე, „იგებს თუ არა ტრამპი უკრაინაში არსებული ტანჯვის შესახებ გზავნილს". აღნიშნული განცხადების გათვალისწინებით, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე. ის მკვლელია, რომელიც ამ პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა".
როგორც მან აღნიშნა, უსაზღვროა უკრაინელი მამის ტკივილი, რომელმაც სარაკეტო დარტყმის შედეგად ცოლი და სამი შვილი დაკარგა და სიტყვები, რომელიც მან ზელენსკის უთხრა განსხვავდება იმისგან, თუ როგორ საუბრობენ ოფიციალური პირები დანაკარგებზე.
„მას არ უხსენებია რაიმე სტატისტიკა, ციფრები და დარტყმების რაოდენობა. მან თქვა: „ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ჩემს ოჯახს ვეძებ - ყველგან ვეძებ ბინაში. ისევ მგონია, რომ ეს კოშმარი იყო, ცუდი სიზმარი", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტრამპი ვერ შეძლებდა „ამ ტკივილის სრულად განცდას და გაგება".
„საქმე პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, საქმე ნებისმიერ ადამიანს ეხება, რომელიც აქ, ქვეყანაში არ იმყოფება, რომელიც ათასობით მილის დაშორებით იმყოფება - მათ არ შეუძლიათ სრულად იგრძნონ და გაიგონ ეს ტკივილი", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ომში 631 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ".
„ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ. მათ სძულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო", - აღნიშნა ტრამპმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი განსხვავებული პოზიციების გამო ხშირად იძაბება ურთიერთობა.
„ტრამპის გაპრეზიდენტებამდე მისი უარყოფითი დამოკიდებულება ზელენკისადმი ნამდვილად ჩანდა. გარკვეულწილად მათი მხრიდან იყო ხისტი განცხადებები და ბოლოს, გვახსოვს საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ნიუ-იორკში ყოფნისას ზელენსკი ტრამპმს ეწვია მის რეზიდენციაში. თუმცაღა მას შემდეგ მათ შორის პერიოდულად იძაბება ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ ზელენსკის დღის წესრიგი სხვაგან არის, ტრამპის სხვაგან.
უკრაინის პრეზიდენტი უფრო „უჯერებს" ევროპელ ლიდერებს და აგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს, ტრამპი კი მშვიდობის მომხრეა. ძალიან საგულისხმოა ის სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის.
ტრამპმა როგორც ფაქტი ისე წარმოაჩინა, რომ პუტინი აპირებს საპასუხო რეაქციას იმ დაბომბვებზე, რომელიც ახლა უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს. საგულისხმოა იმ მხრივ, რომ თეთრი სახლის ლიდერს არ უთქვამს, მან რუსეთის პრეზიდენტს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, თუნდაც ამერიკულ მედიაში გაჟონილ კულუარულ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპი არ ჩქარობს რუსეთზე მორიგი სანქციების დაწესებას.
განცხადებები ერთია, მაგრამ როგორც კონგრესიდან გამოსული ინფორმაცია ამბობს, ის თხოვს კანონმდებლებს, არ იჩქარონ სანქციების დაწესებაზე. რასაკვირველია, ბოლოს ეს დოკუმენტი თეთრი სახლის ოვალურ კაბიენტში აღმოჩნდება, თუმცა ტრამპს თვითონ არ უნდა ამ სანქციებს ასე ცერემონიულად ვეტო დაადოს.
ახლა ძალიან საინტერესო იქნება რამდენიმე დღეში კანადაში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტი, სადაც ზელენსკის გარემოცვა საჯაროდ ამბობს, რომ ის ეძებს გზებს და საშუალებებს, რათა მოხდეს ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა. შეხვდებიან თუ არა ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს და როგორი იქნება, ესეც ძალიანდ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ძალიან ჩახლართული ამბავია და ტრამპის დაპირება, რომ ომს სწრაფად დაასრულდებდა, რა თქმა უნდა, არარეალურია. ის, რაც მოხდა ტრამპსა და ზელენსკის ბოლო შეხვედრაზე ოვალურ კაბინეტში იმედია აღარ განმეორდება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთულია ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ქცევათა პროგნოზირება და ეს მის ინსაიდერებსაც უჭირთ, ყველაფერი დამოკიდებულია როგორი გარემო შეიქმნება, რაზე მოილაპარაკებენ.
ასეთ რთულ სიტუაციებში წინა პლანზე გამოდის დიპლომატიის სპეციალისტთა ხელოვნება, დახვეწილი ტერმინები და ისეთი ურთიეთმისაღები პირობების მაგიდაზე დადება, რომელიც რაღაც მომენტში შეიძლება ორივე დაპირისპირებულ მხარეს შეიძლება აწყობდეს.
თუმცა რუსეთის იმპერიული ამბიციები უკან არასდროს იხევს და თავის მიტაცებულს არ სჯერდება, რთულია პროგნოზირება. თუმცა, ყოველთვის არსებობს პოზიტიურის იმედი და ის ტენდენცია, რაც სისხლიან და სხვადასხვაგვარ ომებს ახასიათებს. ომები ადრე თუ გვიან მთავრდება სამშვიდობო მოლაპარაკებებით, მაგრამ როგორი ანგარიშით დასრულდება, ამას უახლოესი მომავალი აჩვენებს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე