საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი" თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგების შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმს ხელი მოაწერა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფემ, ტომ ჰომენმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები შაბათს განლაგდებიან.
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „პროვოკაციული" უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას აგზავნის „არა იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკმარისი არ არის, არამედ იმიტომ, რომ მათ სანახაობის ხილვა სურთ".
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში" პენტაგონი მზად არის ლოს-ანჯელესში აქტიური სამხედრო მოსამსახურეებიც გაგზავნოს.
ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.
პარასკევს, ICE-ს აგენტებმა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, სულ მცირე 44 მიგრანტი დააკავეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით „1000 წესრიგის დამრღვევი" მონაწილეობდა.
დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ ტრამპს გადაწყვეტილი აქვს ამერიკა არალეგალი მიგრანტებისგან გაწმინდოს, რაც ქართველებსაც შეეხებათ.
„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ყველას შეეხება, მათ შორის ქართველ არალეგალ ემიგრანტებსაც. მითუმეტეს, ამერიკაში პირველი პარტია უკვე ჩავიდა, რაც მანამდე ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ტრამპს საკმაოდ მედგრად აქვს გადაწყვეტილი, რომ ამერიკა არალეგალი მიგრანტებისგან გაწმინდოს. შესაბამისად, თავისთავად ცხადია, რომ ეს არის ტრამპის მთავრი პოლიტიკური მოთხოვნა და მესიჯი, რაც მას წინასაარჩევნოდ ჰქონდა.
შეიძლება მას საგარეო პოლიტიკური ჩავარდნები ეპატიოს, მაგრამ შიდა პოლიტიკურ და ეროვნულ დონეზე გაკეთებულ განცხადებებს და უკუსვლებს არავინ აპატიებს. ამიტომ ტრამპს ახლა ყურადღება ამ მიმართულებით აქვს გადატანილი. მითუმეტეს, ილონ მასკთან დაპირისპირების ფონზე და ჩანს, რომ მასთან კონფლიქტის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მთავარი მესიჯის და საარჩევნო ლოზინგის განხორციელება. ასე რომ, ის ყველაფერს გააკეთებს,
სამწუხარო რეალობა ასეთია - ეს გადაწყვეტილება ჩვენზეც აისახება, ანუ ჩვენს ქართველ მიგრანტებსაც შეეხებათ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე