თამთა ჩაჩანიძე
(08.06.2025)

"ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან ისევ წერილობით ურთიერთობს და დიპკორპუსის წარმომადგენლების მისამართით გზავნილებს კვლავ "ეპისტოლურ ჟანრში" აჟღერებს. 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთი ვრცელი წერილი გავრცელდა, სადაც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დიპლომატია გამოიყენება არა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ, როგორც "პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებადაც კი".

პაპუაშვილი წერილში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები "უფლებამოსილებას აჭარბებენ", ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან და ერთი კონკრეტული ძალის მხარდაჭერით პოლარიზაციას ზრდიან, რაც რევოლუციის წახალისებადაც შეიძლება იყოს მიჩნეული.

ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ესაა "გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩებას" პრინციპით მოქმედება, ნაწილი კი ხელისუფლების პოზიციას იზიარებს.

რა გზავნილია "ოცნებიდან" და როგორ აისახება დასავლეთთან ურთიერთობაზე

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეპისტოლურ ჟანრში პაპუაშვილის კიდევ ერთი განცხადება ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, მმართველი პარტია რეპრესიებისთვის ემზადება, რაზედაც დასავლეთიდან რეაქციები აუცილებლად იქნება, ზუსტად ამის გასანეიტრალებლადაა ეს განცხადებები, მხარდამჭერებს უთხრან, რომ თითქოს თავად დასავლეთი უწყობს ხელს ქვეყანაში არეულობას.

"ქართულმა ოცნებამ" დასავლეთთან ურთიერთობა კარგა ხანია გააფუჭა და დანარჩენი ეს ყველაფერი, რომ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგება უნდათ, რიტორიკა და ფუჭი სიტყვებია. ეს რა თქმა უნდა ასე აღარაა, არც ფიქრობენ ამ კურსის შეცვლას. ამის დასტურია კიდევ ერთ ეპისტოლურ ჟანრში გამოქვეყნებული პაპუაშვილის განცხადება. ამას ჰქვია გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო.

"არ ვიცი "ქართულ ოცნებას" რა შერჩება და რა არა, მაგრამ ცდილობენ შეედაონ და ყველაფერი დასავლეთს დააბრალონ, რომელიც ჩვენგან ისეთს არაფერს არ ითხოვს. ითხოვენ, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები და ელემენტარული დემოკრატიული ნორმები იქნას დაცული. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" რაღაც გადაწყვეტილებებისთვის ემზადება, ანუ ამზადებს ნიადაგს შიდა რეპრესიებისთვის.

"წულუკიანის კომისიაში არგამოცხადებაზე აღმკვეთი ღონისძიება, ეს ერთი სასჯელია, მაგრამ მეორე ნაწილში, როგორც ჩანს, აპირებენ დაიწყონ სასამართლო პროცესები და ამ პროცესებისთვის მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისთვის მზადდება ნიადაგი.

ეს ძირითადად ემსახურება იმას, რომ ქვეყნის შიდა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნოს, რომ საგარეო კურსში არანაირი ცვლილება არაა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები არეულობას ხელს უწობენ, გარე ძალების ქმედებებზე აკეთებს აქცენტს, თითქოს ქვეყნის შიგნით ყველაფერი მშვიდადაა, რაც რა თქმა უნდა სინამდვილეს არ შეეფერება.

"თუ "ქართული ოცნება" ამ ნაბიჯების გადადგმას აპირებს და რა თქმა უნდა აპირებს, დასავლეთიდან რეაქციებიც რა თქმა უნდა იქნება, ამის გასანეიტრალებლად ამზადებენ ქვეყნის შიგნით, ანუ ამით უნდათ მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია და დასავლეთი ქვეყანაში დაპირისპირების და არეულობის შემოტანას ცდილობს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებას აქვს გზავნილი, რომ ელჩმა უნდა შეასრულოს ის მოვალეობა, რაც მას რეალურად აკისრია.

"ჩვენს ხელისუფლებას შემდეგი გზავნილი აქვს - ელჩმა უნდა შეასრულოს ის მოვალეობა, რომელიც მას აკისრია. ანუ, ელჩი ამა თუ იმ ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. როგორ ხასიათზე დადგებან იგივე გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ელჩები, რომ მათ ქვეყნებში არსებულმა საქართველოს საელჩო მათ შიდა საქმეებში ჩაერიოს? ვფიქრობ, ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება და ძალიან დიდი საპროტესტო ნოტებიც ექნებათ.

"დასავლეთის ამ ელჩობას საქართველოს მიმართ ასეთი განწყობა აქვს - ისინი არიან მეტროპოლიები და ჩვენ ვართ კოლონია, მაგრამ ეს არ გამოუვათ, მსოფლიოში კოლონიალიზმი დამთავრდა. თუ ვინმეს ამ კოლონიალურ ურთიერთობებში ყოფნა უნდა, წაიყვანონ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მათ აქ ჩამოაყალიბეს კოლექტიურ ჯინჯოლიებად, როცა დათა თუთაშხია ეუბნება, იმიტომ კი არ ხარ მოსაკლავი, რომ კაცის მოკვლა შეგიძლია, არამედ ფულის გულისთვის, რომ შეგიძლია იმიტომო და ესენი ამ მეთოდით საქართველოს სახელმწიფოს კოლონიად გადაქცევად ხელს უწობენ.

"დრო მოვა და თან სულ მალე, რომ დასავლეთში ხელისუფლებები შეიცვლებიან. რა თქმა უნდა ამაზე რეაქცია ექნებათ კუბილიუსებს, ფოტიგებს და მათმაგვარ ე.წ. ორფეხა სუბიექტებს, მაგრამ როგორც ჩვენი ხელისუფლება ამბობს, ეს არის ჩალის ფასი. მე თუ მკითხავ, ჩალის ფასიც აღარ აქვს",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას წერს პარლამენტის თავმჯდომარე

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ, მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, "პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას", იდეოლოგიური მიზნებისთვის "ექსტრემიზმის წაქეზებას", "მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად", და "რევოლუციის" გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობასაც კი, საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა გვახსენდება, რომელიც მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, "მსოფლიო რევოლუციის" წახალისებას ისახავდა მიზნად.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო პერიოდში დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად - პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, მათი გაღვივებისთვის.

,,სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხშირად ვხედავთ, რომ დიპლომატია გამოიყენება არა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტი, არამედ როგორც პროპაგანდის, შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლების გარედან შეცვლის საშუალებაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიპლომატია გამოიყენება მისი რეალური მიზნის სრულიად საპირისპირო შედეგების მისაღწევად - პრობლემების გაღვივებისთვის და არა მათ გადასაჭრელად.

"სახელმწიფოებს მრავალი საშუალება აქვთ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციებისა და უკმაყოფილების გამოსახატავად, მაგრამ როდესაც დიპლომატია არა უთანხმოების გადასაწყვეტად, არამედ მის გასაღრმავებლად გამოიყენება, ჩვენ ვართმევთ შანსს მშვიდობასა და თანამშრომლობას, რამაც მსოფლიო უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

"როდესაც ვხედავთ, რომ აკრედიტებული დიპლომატები ცდილობენ მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერთი კონკრეტული პოზიციის მხარდაჭერას, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, იდეოლოგიური მიზნებისთვის ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლას ომში ჩასათრევად, და "რევოლუციის" გზით ხელისუფლების შეცვლის ხელშეწყობასაც კი, გვახსენდება საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის დიპლომატიის გამოყენებით, "მსოფლიო რევოლუციის" წახალისებას ისახავდა მიზნად.

"როდესაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები თავიანთ უფლებამოსილებებს აჭარბებენ, ჩვენი ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. ქართველებს, საბჭოთა პერიოდიდან, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს კომუნისტური პარტიის ე.წ. მეორე მდივნის ინსტიტუტი, რომელიც ექსკლუზიურად მოსკოვიდან ინიშნებოდა და საქართველოს შიდა საქმეებში გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდა. ამ მტკივნეული გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ, „მეორე მდივანს", დანახვისთანავე ვცნობთ.

"გარდა ემოციური განზომილებისა, არსებობს აღნიშნული საკითხის სამართლებრივი ასპექტიც: „ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ" ხაზს უსვამს დიპლომატების უფლებებსა და მოვალეობებს, როდესაც განსაზღვრავს, რომ „დიპლომატიური მისიების ყველა წარმომადგენლის მოვალეობაა... პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს. მათ, ასევე, აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში", - წერს პაპუაშვილი.

"თავმჯდომარის თქმით, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვუყურებთ, ღიად ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

,,კონკრეტული პოლიტიკოსებისადმი პირდაპირი მხარდაჭერის გამოხატვა, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის დაფინანსება, პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის პრეტენზიის გამოხატვა - ეს არის იმ საქმიანობის არასრული სია, რომლებიც საქართველოში ზოგიერთი უცხოური მისიისა და დიპლომატისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

"არ არსებობს პრივილეგია პასუხისმგებლობის გარეშე. როდესაც უცხოელი დიპლომატები მოქმედებენ როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსები, ისინი მზად უნდა იყვნენ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, რაც მათ კრიტიკის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცევს. ასეთი კრიტიკა კი ვერ იქნება განხილული „თავდასხმად". ადგილობრივი პოლიტიკოსების პოლიტიკური დღის წესრიგის კოპირებითა და მათი გზავნილების გამეორებით, დიპლომატებმა თავი არ უნდა გააიგივონ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ქართველმა ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა, რათა უცხოური პოლიტიკური მიკერძოებულობა და ჩარევა დანახვისთანავე ამოიცნოს.

"ელჩები უნდა იყვნენ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლები, და არა მასპინძელი ქვეყნის მენტორები. პირადი დამოკიდებულებებისა და პროფესიული მოვალეობების აღრევა დიპლომატიური ურთიერთობების არსს ეწინააღმდეგება. როგორც ვენის კონვენციაშია აღნიშნული, „მიმღებ სახელმწიფოსთან ყოველგვარი ოფიციალური საქმიანობა, რომელიც მისიას წარმგზავნი სახელმწიფოს მხრიდან ევალება, უნდა განხორციელდეს მიმღები სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან მისი მეშვეობით".

როდესაც დიპლომატები, მათი საეჭვო ქმედებების გამო, ვერ ახერხებენ მასპინძელი ქვეყნის ოფიციალურ ინსტიტუტებთან სათანადო კომუნიკაციას და, სანაცვლოდ, პროპაგანდას ეყრდნობიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა დიპლომატის როლზე უარის თქმა და მასპინძელი საზოგადოების საკუთარ გემოვნებაზე მორგების მცდელობა.

"ისტორიის ამ ტურბულენტურ პერიოდში, დიპლომატიის თავის კუთვნილ ადგილას დაბრუნება უდიდეს სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს",- წერს პაპუაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე