თამთა ჩაჩანიძე
(07.06.2025)

ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია, ადგილობრივ არჩევნებში ჩართვის მომხრეებს პირდაპირ ეთერში დებატებს სთავაზობს - "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუხა ხაზარაძეს საჯაროდ მიმართა, რომ მზადაა პირდაპირ ეთერში პუნქტობრივად დაასაბუთოს რატომ ემხროობა მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახურლი პლატფორმებიდან ბოიკოტის მომხრეა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" - "ძლიერი საქართველო" და "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ პარტია ნებისმიერი არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს და არც მუნიციპალურში არ გამორიცხავენ მიიღონ მონაწილეობა.

ანალიტიკოსთა ნაწილში მიაჩნიათ, რომ თუ შვიდი კვალიფიციური სუბიექტიდან ხუთი არჩევნებზე გადის, ბოიკოტი უადგილოა, ლეგიტიმაციის ფაქტორიც მოხსნილი იქნება და თავად პარტიებს დააზარალებს ეს. ნაწილი კი აცხადებს, რომ ბოიკოტი სწორია და ასეთ შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან მომდევნო არჩევნებისთვის.

რას მოუტანს დებატები ოპოზიციას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დებატები ოპოზიციისთვის გარკვეულწილად სასარგებლოცაა, თუმცა, არჩევნებში ჩართვის მომხრეთა გადარწმუნების მხრივ ნაკლებპერსპექტიული.

"დებატებს წინ არაფერი არ უდგას, ნებისმიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შეუძლია, მეორე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან დაჯდეს დებატებში, ამის ფართო საშუალებები აქვთ მათ მედიებს. კი ბატონო, იდებატონ, ერთმანეთში არგუმენტები გაცვალონ, ეს მათთვის გარკვეულწილად სასარგებლოცაა, პოლიტიკურ პროცესებს უფრო სწორ კალაპოტში გადაიყვანს.

"რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვის გადაარწმუნებს და დაარწმუნებს, არ მგონია აქ მოხდეს ის, რომ ერთმა პარტიამ მაგიდაზე არგუმენტები დაალაგოს და ყველა ეს არგუმენტი მისაღები და დამაჯერებელი აღმოჩნდეს მეორე პარტიისთვის, იქაც იქნება კონტრარგუმენტები.

"ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძისთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკური მდგენელის გარდა, ერთგვარი ბიზნესპროექტიც კია. როგორც ჩანს, მისი პარტიის არჩევნებში ჩაბმით, ის რაღაც სარგებელს ელოდება, სხვა შემთხვეაში, თავისუფლად შეეძლო, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეერთებოდა და ეთქვა, რომ ამ არჩევნებს მეც ბოიკოტს ვუცხადებო.

" ჩვენ ბოლომდე არ ვიცით "ლელოს" შიგნით რა იდეები იხარშება, მაგრამ რადგანაც პარტია ცალსახად არ აცხადებს და ამბობს, რომ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ, ეს მაინც ნიშნავს, რომ პარტიაში მონაწილეობის რაღაც სარგებელს ხედავენ, სხვანაირი ახსნა უბრალოდ არ აქვს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დებატები აუცილებელია.

"დებატები აუცილებელია, ორივე მხარის არგუმენტები რომ იქნას მოსმენილი და საზოგადოებამ დაინახოს სად არის სიმართლე, მაგრამ, დებატების გარდა, მგონია რაღაც შეთანხმება უნდა იყოს. დებატებში საზოგადოებას უნდა აუხსნან, ერთის მხრივ ოპოზიციამ, რომელიც ფოქრობს, რომ არჩევნებში არ უნდა ჩაერთოს - რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ მიიღოს მონაწილეობა და მეორეს მხრივ იმ ნაწილმა, რომელიც ემხრობა - რატომაა აუცილებელი მონაწილოება.

"ჩემი პირადი აზრია, რომ ოპოზიციამ მონაწილოება არ მიიღოს, მაგრამ მეორეს მხრივ დაქსაქსულობაც არ იქნება მისაღები. დებატები გარკვეულწილად პროცესს სწორ მიმართულებას მისცემს, შესაძლოა ამან პრობლემა ვერ მოაგვაროს, მაგრამ საზოგადოებისთვის უფრო ნათელი გახდება ვინ რას აპირებს",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

აქვს თუ არა ბოიკოტს აზრი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოიკოტი გამართლებული არაა.

"მემგონი არანაირად არ არის გამართლებული ბოიკოტი და იმიტომაა კარგი, რომ ოპოზიციონერები ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, გაცვალონ არგუმენტები და მერე საკუთარი ამომრჩეველი თვითონ დაინახავს რომელი მხარე უფრო დამაჯერებელია და რომლის პოზიციაა უფრო სწორი.

"თუ ეს ორი ოპოზიციური პარტია თავის პოზიციაზე ბოლომდე იდგება და არჩევნებში არ ჩაერთვება, აი, შემდეგ რა? - არ მიიღებენ მონაწილოებას არჩევნებში, არ ეყოლება წარმომადგენლობა თვითმმართველობის ორგანოებში და აქედან რა სარგებელს მიიღებენ? მხოლოდ იმას, რომ პრინციპულობა გამოიჩინეს და მათი აზრით, "ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია არ მისცეს? თუ არჩევნებში სხვა პარტიები ჩაებმებიან, ლეგიტიმაციის ფაქტორიც ხომ უკვე მოხსნილი იქნება?

"ზედაპირულ დონეზეც კი ჩანს, რომ ამ პარტიებს რაღაც სხვა მოსაზრებები ამოძრავებთ, რომელსაც ჯერ არ აჟღერებენ იმის გამო, რომ ისინი არჩევნებში მონაწილოებას ასე პრინციპულად ეწინააღმდეგებიან",-განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება გადაიფიქროს ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციამ, ანჯაფარიძემ გვითხრა:

"ოქტომბრამდე დრო კიდევ არის, მაგრამ აქ ერთი ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, რომ ეს ოპოზიციური ოთხეული დიდადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, ანუ, ეს ოთხი პარტია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე "მიკრო დიფ სთეითს" წარმოადგენენ, დამოკიდებულები არიან იმაზე, თუ რას ეტყვიან "დიდი დიფ სთეითის"

"უფროსი ძმები", თუ ისინი ეტყვიან, რომ თქვენ არჩევნებში მონაწილოება უნდა მიიღოთო, რაღაც გასასამართლებელ საბუთს მონახავენ და იტყვიან, რომ არჩევნებში ჩართვა გადავწყვიტეთო, თუ ეტყვიან არ მიიღოთ მონაწილოებაო, არ მიიღებენ.

"ლელო", რომელიც ასე ორჭოფობს, დარწმუნებული ვარ, თავის პარტნირებთან ევროპაში და სხვაგან კონსულტაციები აქვს. როგორც ვნახეთ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა, მართალია გარკვეული დათქმებით, მაგრამ ოპოზიციას მოუწოდა, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილოება, ველოდები, რომ ოპოზიციური პარტიები შეიძლება გამოვიდნენ რაღაც ახალი ინიციატივით, რომ აი, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილოება არჩევნებში, ოღონდ დათქმებით - მოხდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ხელახლა დაკომპლექტდეს ცესკო და მმართველ პარტიასთან ამაზე ვაჭრობა დაიწყონ, თუმცა არ მგონია, რომ "ქართული ოცნება" ამ ვაჭრობაში ჩაერთოს" - განაცხადა "რეზონანსთან" ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ბოიკოტი სწორია და პირიქით, შესაძლოა ამ პარტიებმა მხარდაჭერა მაშინ უფრო დაკარგონ, თუ არჩევნებში ჩაერთვებიან.

"ბოიკოტი სწორია იმ მხრივ, რომ იგივე "ნაცმოძრაობა" და "ახლები" საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ, რომ პრინციპულები არიან. ისინი თავის დროზე პარლამენტში არ შევიდნენ და უარი თქვეს დაფინანსებაზე და ხელფასებზე",- განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, თუ ადგილობრივ არჩევნებზე ეს ორი პარტია არ ჩაერთო, ისინი მომდევნო არჩევნებისთვის თამაშგარე მდგომარეობაში ხომ არ აღმოჩნდებიან, ჩიტაძემ გვითხრა, რომ არ ჰგონია.

"არ მგონია, მათ მომხრეები ისედაც ჰყავთ, ვნახეთ, რომ ეს ორი პარტია ოპოზიციურ ველზე პირველ-მეორე ადგილზე იყო. პირიქით, ვფიქრობ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში შევლენ, შეიძლება მაშინ უფრო დაკარგონ ელექტორატი. მაშინ ყველა იტყვის, რომ აბა რისთვის ვიბრძოდითო.ბოიკოტით მომხრეებს შეინარჩუნებენ და მათი რეიტინგი უფრო გაიზრდება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რას ამბობენ ოპოზიციონერები

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია მამუკა ხაზარაძეს დებატებში იწვევს.

"მე მზად ვარ პუნქტობრივად დავასაბუთო რატო აზიანებს რუსულ რეჟიმთან ბრძოლას ბიძინას არჩევნებად წოდებულში გასვლა, ვრცლად ვსაუბრობ ტვ- ში ამაზე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ, მათ შორის დებატში.

"ასევე მზად ვარ პუნქტობრივად მოვყვე რა უნდა გავაკეთოთ ოპოზიციამ არგასვლის პარალელურად და დავასაბუთო, რომ ის ნაბიჯები რეჟიმს დაასუსტებს.

ეხლა მაინტერესებს, ვინც მხარს უჭერს გასვლას ახსნას ბრძოლის კონკრეტულად რა სტრატეგიაა ეს? ერთი მოვისმინე ხალხმა დაინახოს რომ აყალბებსო? ცოტა მეტად რომ ახსნათ? ანუ ის კი არ მოყვეთ აბა რა ვაკეთოთო, გასვლით რას ვაღწევთ ბრძოლაში ეგ მოყევით.

"რადგან დისკუსია გახსნილია დიდი პატივისცემით და პარტნიორული სულისკვეთებით გთავაზობთ, მამუკა ხაზარაძე დავსხდეთ ვიმსჯელოთ პირდაპირ ეთერში, რომელშიც გინდათ, როცა გინდათ",- წერს ხოშტარია.

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებს ახლა ადგილობრივ არჩევნებში ცართვისთვის არათანაბარი პირობები აქვთ.

„რეალურად ჩვენ გვჭირდება, რომ იზოლაცია გავაგრძელოთ, რეჟიმის კრიზისი გავაგრძელოთ, კრიზისი ნათელი გავხადოთ ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გვჭირდება, ხალხს ვაჩვენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი კრიზისს ვერ აგვარებს.გახარიას ყოფნის მაინც თავი, თქვას, რომ ვემზადები თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მივიღებ მონაწილეობას და „ლელო" ტესტავს, რას მიიღებს აქედან. „ლელოსთვის" ძალიან დიდი ცდუნებაა, ეს პროცესი ხაზარაძისთვისაა დიდი ცდუნება. რას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით? მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს.

"შევხედოთ რა ვითარებაა, „ნაციონალური მოძრაობა" და „ახალი" უტელევიზიოდ და უფულოდაა, ეგენი რომც შევიდნენ თვითმმართველობის არჩევნებში, მაინც მაღალი შანსია, რომ „ლელომ" იქაც აჯობოს. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და „ახალი" ასე ერთგულად იცავენ ბოიკოტს, მნიშვნელოვანწილად იმითაცაა განპირობებული, რომ არც ფული აქვთ და არც ტელევიზია და შესაძლებელია, რომ შევიდნენ თვითმმართველობის არჩევნებში, ფურცელზე გაიფორმონ, რომ დაკარგეს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი.

სამაგიეროდ ხაზარაძეს ფულიც აქვს და ტელევიზიაც. მას აწყობს, რომ „ნაცებიც" შევიდნენ და „ახლებიც". რაღაც მომენტში ფიქრობს, რომ დაითანხმოს და ერთად შევიდნენ ოთხივე მეინსტრიმ პარტია თვითმმართველობის არჩევნებში და მანდ უკვე მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი[ექნება].

"უფრო გრძელვადიანი გეგმა ის არის, რომ ახლა რომ ვანჯღრიოთ რეჟიმი და თუ ჩამოიშალა, ბიძინა თუ მივიდა იმ ზომამდე, რომ გამოსავალზე დალაპარაკება უნდა შენთან, დღეს თუ ბიძინას გარეშე ინიშნება თავისუფალი არჩევნები, ყველანი თანასწორად შევდივართ, თანაბარი პოზიციებით შევდივართ არჩევნებში იმიტომ, რომ მთლიანად უარყოფილია პოლიტიკური სპექტრი და ახლიდან უნდა მოგანიჭოს წონა ამომრჩეველმა, მაგრამ თუ არათავისუფალ არჩევნებში შეხვალ, სადაც ფული წყვეტს და არა თავისუფალი ნება, მაშინ ისევ ოპოზიციურ ძალად დარჩები, მაგრამ მთავარს „დაითრევ", მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს და შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის მეტის მოთხოვნა შეგიძლია: პრემიერობის კანდიდატის მოთხოვნა შეგიძლია", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ენმ-ს ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში ვინც მონაწილეობას იღებს ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან.

"ვინც მონაწილეობას იღებს, ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესზე, სადაც იმ სისტემის მიმართ რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდება და სანდოობა არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ისეთი ზომები მიიღეს, რომ მათ არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეეძლებათ, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით იმის მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა გაზარდონ, მაშინ როცა საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და არ შეხვედი პარლამენტში, რა თქმა უნდა არის არაადეკვატური.

მითუმეტეს, როდესაც ამაზე საუბრობ და კარგად იცი, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების, რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოების პოზიცია, მათ შორის იმ ორი დიდი პარტიის პოზიცია, რომელმაც ივანიშვილისვე გაყალბებული არჩევნებით მიიღო ყველაზე მეტი ხმა. ამიტომაც, ეს ყველაფერი, მე მგონია, რომ არაგულწრფელი გახლავთ, ამ შემთხვევაში, ბატონი ხაზარაძე, როცა ამ ყველაფერს ამბობს," - განაცხადა ფავლენიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე