ნატალია ჯვარიძე
(05.06.2025)

რუსეთიდან ისევ ისმის ბრალდებები, თითქოს უცხოური ძალები ცდილობენ „ოცნების" ხელისუფლების დამხობას და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ. საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთს „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით ბრძოლის ახალი რაუნდის დაწყება სურს. ევროპული კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ „ერთი სიტყვით შეიძლება ვთქვათ, ეს არის პროვოკაცია და მეტი არაფერი".

რუსული მედია რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების" მმართველობა გაერთიანებულ სამეფოში დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს.

„ლონდონი გეგმავს ქართული ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს, რაც მათი ანტისამთავრობო საქმიანობის რადიკალიზაციას ისახავს მიზნად.

„ბრიტანელები აპირებენ, რომ „დივერსიულად დამუხტულ" ორგანიზაციებს ოპოზიციურ პარტიებთან ძალების გაერთიანებისკენ უბიძგონ. ლონდონის გათვლებით, ამან სისტემური პოლიტიკური ოპოზიციის „რეორგანიზაცია" უნდა გამოიწვიოს, მას „მეორე სუნთქვა" უნდა გაუხსნას და მმართველი „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად ბრძოლის ახალი რაუნდის დასაწყებად მისი მობილიზება უნდა მოახდინოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ „დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დივერსიული საქმიანობის განხორციელების მიზნით დაახლოებით 100 ახალგაზრდული და სტუდენტური ასოციაცია, ფემინისტური მოძრაობები და ლგბტ ჯგუფები შეარჩია".

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „აქტივისტების" დივერსიულ მეთოდებში მომზადებას. მომავალ მებრძოლებს ასწავლიან, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, გვერდი აუარონ ხელისუფლების „ციფრულ" კონტროლს და დივერსია მოამზადონ", - აცხადებს უწყება.

უწყების განცხადებით, დასავლეთს „აღიზიანებს საქართველოს სურვილი, განთავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების მეურვეობისგან".

„დასავლეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ ის, რომ თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, სამხრეთ კავკასიაში „დემოკრატიზაციის ლოკომოტივი" იყო, „ავტორიტარული გზისკენ" სულ უფრო მეტად უხვევს და ეროვნულ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს. ლონდონს ქართველი ხალხი არ აინტერესებს, რომელმაც გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში ქვეყნის ხელმძღვანელობის ეროვნულ კურსს მხარი ცალსახად დაუჭირა", - ნათქვამია განცხადებაში.

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს პირველი პროვოკაცია არ არის.

„ერთი სიტყვით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის პროვოკაცია და მეტი არაფერი. ეს პირველი შემთხვევა არ არის - ხან ამერიკას აბრალებენ, ხან საფრანგეთს, ახლა ბრიტანეთს, რომ ვითომ რაღაცებს გეგმავენ. ეს გასაკვირი არ არის. რუსეთში რაღაც დამატებითი ანტიდასავლური პროპაგანდისტული შეტევის ნაწილია", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე