ნატალია ჯვარიძე
(05.06.2025)

ამ ხელისუფლებას ასეთი რაღაცეებით ვერ ჩამოაგდებენ და თუ ასე გააგრძელეს, პროტესტიც მინავლდება და მთავრობა ლეგიტიმურობას გაიმყარებს, განაცხადა პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ ადგილობრივი არჩევნების მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულების კომენტირებისას. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას კი ამბობს, რომ, მისი აზრით, „ოცნება" და ამერიკა ერთად ვერ მოძოვენ და შეიძლება საქართველოზე პრეზიდენტმა ტრამპმა ისეთი განცხადებები გააკეთოს, რაც თბილისში არ მოეწონებათ.

„პოლიტიკა ისეთი რაღაცაა, რომ მხადაჭერა ყოველთვის საჭიროა, მითუმეტეს ისეთი პატარა ქვეყანისთვის, როგორიც საქართველოა. სამხრეთ კავკასიით დაინტერესებულია ყველა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოზეა აქცენტი. ზოგადად, აშშ და „ოცნება" ერთმანეთთან ვერ იბალახებენ, გამორიცხულია. ეს ამათი პოლიტიკის გამოა. დასავლეთი საქართველოთი დაინტერესებულია, მაგრამ ჩვენმა ქვეყანამ ეს პრაქტიკულად უნდა აჩვენოს და რაც მთავარია, დიპლომატიით. ხელისუფლება ნაკლებად დიპლომატიურია, ან სრულებით არ არის.

„ასეთი შეკრებები ევროპაში გაგრძელდება, სადაც „ოცნებას" გააკრიტიკებენ. ტრამპი ჯერჯერობით არაპირდაპირ ერევა საკითხში და როცა დადგება დრო, ის თავის სიტყვას იტყვის. ზოგჯერ შეიძლება ისეთი რამე თქვას, რომ საქართველოსთვის სასიკეთო არ იყოს, თუმცა ჩვენ გვეგონოს, სასიკეთოა. დიპლომატიის შედეგი პროცესია და ერთ დღეში ვერ გამოჩნდება", - განაცხადა იგორ კვესელავამ.

ფიქრობს, რომ ოპოზიციას ყველა რესუსრი ამოწურული აქვს და ამიტომ არ უნდა არჩევნებში მონაწილეობა.

„მე ადრეც გამოვთქვამდი აზრს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. პოლიტიკის თეორიებს თუ განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოდის, ძალაუფლების საკითხი მხოლოდ არჩევნებით წყდება. ჰიტლერიც კი ამ გზით მოვიდა. თუმცა შეიძლება მერე შეცვალონ პოლიტიკა, ეს სხვა საკითხია.

„მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში ურთულესი ვითარებაა. ოპოზიციის გაყოფაც პოლიტიკის ნაწილია და ხელისუფლება ყველანაირი საშუალებებით ცდილობს ამას. რაც მეტად დაშლილია ოპოზიცია, მით უფრო ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის და ამაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობს. მან შეძლო ოპოზიციისთვის ამის ჩანერგვა. სამწუხაროდ, ოპოზიცია საზღვარგარეთზეა დამოკიდებული. საერთოდ დიდი ქვეყნები სამხრეთ კავკასიით დაინტერესებულები არიან და ეს დასამალი არაა.

„ოპოზიციაში იდეოლოგიური სისუსტეა და ზოგჯერ პოლიტიკური პროცესების მიმართ შეუსაბამობაა. დღეს რომ ერთი დებულებით გამოდიან, მეორე დღეს სხვას ირჩევენ. ეს სწორი არაა. რაღაცაზე უნდა შეჯერდნენ, თორემ „ოცნება" ამას კარგად იყენებს. განხეთქილების ვაშლი ოპოზიციაში წარმატებით გაგორდა. ამიტომ, ამ საარჩევნო პერიოდში თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, ხელისუფლება არჩევნებს ადვილად მოიგებს. მასში საზოგადოების დიდი ნაწილი მონაწილეობას მიიღებს და ის იქნება ლეგიტიმური. როცა მათ ამხელა თავისუფლება ექნებათ, შეუძლებელია იქ რაიმე კონტროლი იყოს. როცა არჩევნებში მონაწილეობას არ იღებ, კომისიის წევრი არ გყავს, ჯგუფი არ გყავს, შენი დამკვირვებელი არ გყავს და დამთავრდა ყველაფერი.

„ამ ხელისუფლებას ასეთი რაღაცებით ვერ ჩამოაგდებენ, ყოველ შემთხვევაში თავს არ ჩამოაგდებინებენ, ამისთვის სისხლსაც დაღვრიან და ამის მიზეზს ყოველთვის მოიგონებენ, რომ ოპოზიციას დააბრალონ. ახლა მთავარი ის კი არ არის, რას იძახიან გარე ძალები, მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოება, თორემ პროტესტი მინელდება.

„ასე რომ, გახარიას და „ლელოს" ვეთანხმები. გახარია იმ ხელისუფლებაში იყო და იცის შიგნითაც და გარეთაც ყველა ნიუანსი -სისუსტეც და სიმაგრეც. არ არის გამორიცხული მათ სხვებიც შეუერთდნენ. სრულიად გაუგებარია, რატომ არ უნდათ არჩევნები. თუმცა პირდაპირ რომ ვთქვა, მათ არ უნდათ გამოჩნდეს, არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს, რადგან დარწმუნებულები რომ იყვნენ, რაღაც პროცენტს აიღებენ, მაშინ უარს არ იტყოდნენ. როცა განხეთქილება აქვთ მათ არჩევნებში მონაწილეობის არც იდეოლოგიური და არც მატერიალური რესურსი არ აქვთ. შეიძლება უნდათ, მაგრამ ამის პრაქტიკული საშუალება არ გააჩნით. „ნაციონალური მოძრაობა" არ არის მზად ამისთვის. ყვირიან, არ უნდა მივიღოთ მონაწილეობაო, ე.ი. არ არიან მომზადებულები", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე