„მათი გააფთრება ძალიან საეჭვოა — ხომ არ არიან შეკრებულები „ქართულ ოცნებასთან“?“
მარიამ ვეკუა
(05.06.2025)

ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი იმდენად არასწორი გადაწყვეტილებაა, რომ ეჭვი ჩნდება, ამის ავტორები „ოცნებასთან" ხომ არ არიან შეკრულნი, აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მისი აზრით, კონსოლიდაციის შემთხვევაში ოპოზიციას სულ მინიმუმ დიდ ქალაქებში მაინც სერიოზული შედეგის ჩვენება შეუძლია, მაგრამ თუ ბოლოს მაინც ბოიკოტისტებმა გაიმარჯვებს, ისე გამოჩნდება, რომ „ოცნება" არჩევნებს გაყალბების გარეშე იგებს და ამას დასავლეთიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ოპოზიციაში ისევ ქაოსია. „ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ახალი მოწოდებით გამოდის, რომ ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობის კამპანია. გახარიას პარტია და „ლელო" კი არჩევნებში მონაწილეობას ჯიუტად არ თმობენ. მონაწილეობის მომხრე ყოველთვის იყო „გირჩი". კოალიცია „ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას რიტორიკა შეიცვალა და აღნიშნავს, რომ „ვისაც რაში უნდა, იმაში მიიღოს მონაწილეობა". ექსპრეზიდენტი კი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, „დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია".

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნებში არმონაწილეობით ბევრს კარგავს, ხოლო სხვა პარტიებისგან მოთხოვნა, რომ მათაც არ მიიღონ მონაწილეობა, აბსურდულია.

„ეს იქნება დიდი დარტყმა - ისეთი, როგორიც არასდროს მომხდარა, როცა ოპოზიცია ფორმალურად ჩუქნიდეს ხელისუფლებას მმართველ ძალას თავისი არმონაწილეობით. მეტიც - იმდენად გააფთრებულები არიან, რომ სურთ, სხვებმა არ მიიღონ მონაწილეობა. ვიღაცას შეუძლია გამოაცხადოს ბოიკოტი, მაგრამ სხვას ხელი შეუშალოს - არნახული მოვლენაა. არის პარტიები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში; არის პარტიები, რომელთაც არ სურთ. თუმცა რჩება კითხვა - რატომ ერევიან სხვა პარტიის საქმეში? რატომ მოუწოდებენ მათ? ამ არჩევნებს „ქართულ ოცნებასთან" კავშირი არ აქვს - ეს არის კონსტიტუციის ნორმა. მათი გააფთრება ძალიან საეჭვოა - ხომ არ არიან შეკრებულები „ქართულ ოცნებასთან"? ისეთი განცდა მაქვს."

ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა და მერების არჩევა იყო უნიკალური შანსი.

„ეს არის უნიკალური შანსი, რომელიც შესაძლოა 10-15 წელიწადი აღარ გვქონდეს, რომ მერების არჩევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. საქართველო მიექანება ავტორიტარიზმისკენ, ამიტომ ეს არის ბოლო შანსი - მერებში მაინც ან გავიმარჯვოთ, ან მეორე ტურები შევქმნათ და ახალი სიცოცხლე შევძინოთ პროტესტს."

რა დაკარგა ოპოზიციამ

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ოპოზიციას ჰქონდა შანსები, რომ დიდი ქალაქები „წაეღო".

„შანსები ძალიან მაღალია - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში. თუმცა იმ აღვირახსნილ კამპანიას, რასაც აწარმოებს დღეს ოპოზიცია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს - ამ ბოიკოტმა შეიძლება მეორე ტურებიც აღარ დაუშვას.

„დასავლეთი ნახავს, რომ ოპოზიცია არჩევნებში არ მონაწილეობს, „ოცნება" კი არჩევნებს არ აყალბებს - ვნახავთ, როგორ სწრაფად მოხდება მათი აღიარება."

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აღნიშნავს,რომ ოპოზიციაში კონსენსუსი გამორიცხულია და ამაზე საუბარი უკვე გვიანია.

„კონსენსუსი ოპოზიციაში გამორიცხულია. უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა. ვერანაირი კონსენსუსის შესაძლებლობას ვერ ვხედავ. ზაფხული მოვიდა - ოჯახებით წავლენ დასასვენებლად. უკვე ძალიან გვიანია. სექტემბერში კი წინასაარჩევნო კამპანია იქნება. ახლა კარგი დრო იყო, მერებზე რომ მომხდარიყო შეთანხმება, თუმცა ეს არ მოხდა. ყველაზე კარგი სცენარი, რაც ახლა შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ზურაბიშვილი გამოვიდეს და თქვას: აი, მე დღეს ვაპირებ თავი თბილისის მერობის კანდიდატად წამოვაყენო, და ვისაც გჯერათ ჩემი - მოდით. ბათუშ მზია ამაღლობელი იქნებოდა შესანიშნავი ვარიანტი. ჩვენ შეიძლება დავმარცხდეთ არჩევნებში, მაგრამ საქართველო არ დამარცხდება დემოკრატიაში. ამიტომ კონსენსუსზე საუბარი ოპოზიციაში უკვე გვიანია."

პირველი კოლონა - „არჩევნებში მონაწილეობა გამორიცხულია"

მე-5 პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ:

„ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მათში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ცოტა გასაკვირია და ჩემთვის გაუგებარიც კი. ყოველდღიურად ვხედავთ, როცა ვუსმენთ და ვუყურებთ, რა ხდება სასამართლოში, რომ არანაირი ნდობა არ შეიძლება არავის ჰქონდეს სასამართლოსი და იმის, რომ ასეთი სასამართლო რომელიმე არჩევნებში რომელიმე დავას გაამართლებს რომელიმე პარტიისთვის."

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ „დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია".

„პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია, და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის, უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ოპოზიციონერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ახალი ინიციატივით გამოდის, რომ ოპოზიციამ ერთობლივი, ადგილობრივ არჩევნებში არმონაწილეობის კამპანია ჩაატაროს.

„ოპოზიციურო პარტიებო, არათუ პარტიასთან, არამედ გიგასთანაც არ შემითანხმებია (მგონია, რომ მოეწონებათ აზრი) და უბრალოდ გთავაზობთ:

„ჩვენ ჩავატაროთ ერთად თვითმმართველობის არჩევნების კამპანია.

„მე რკინის ჩლიქებს გავიკეთებ და მატორიანი თხასავით ვივლი - თუ ეს მოხერხდა," - წერს ჩერგოლეიშვილი.

კოალიცია „ცვლილებებისთვის" ლიდერი კი მოწოდებებისგან ამჯერად თავს იკავებს და სოციალურ ქსელში წერს:

„მეგობრებო, რაშიც გინდათ, იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ოღონდ „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებას" მოეშვით!" - დაწერა ფეისბუქში კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

მეორე კოლონა - „ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში"

ოპოზიციონერთა მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „დანაღმულ ველზე შესვლა" არაა.

პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა, „პალიტრანიუსის" ეთერში აღნიშნა, რომ ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა:

„კი ბატონო, ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, რომელიც მეც გამომიყენებია წინა მოწვევის პარლამენტში, და ბოლო ორი თვე მე პირადად ბოიკოტში ვიყავი - ოღონდ ფეხი-ფეხზე კი არ მქონდა გადადებული...

[ოპოზიციური პარტიებისადმი] ჩვენ დავსვით ძალიან მარტივი კითხვა: მიიღეთ გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ - კი ბატონო. ბოიკოტის შემდეგ რას აკეთებთ? გეგმა რა არის? არცერთ მათგანს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. სადღეგრძელოების თქმა პასუხი არ არის," - განაცხადა ბუჩუკურმა.

„ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კი ამტკიცებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მთავარ მოთხოვნებს - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნაზე - არ ცვლის:

„ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - უცვლელი რჩება და არცერთი განვითარებული სცენარის პირობებში არ შეიცვლება," - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე