ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი იშლება - 17-წლიანი ფუნქციონირების შემდეგ ორგანიზაცია რეორგანიზაციას ეტაპზეა , საინფორმაციო ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ცალსახად პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
„ნატოს და ევროკავშრის საინფორმაციო ცენტრები გადაწყვეტილია, რომ გაუქმდეს და, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს პოლიტიკიდან. აშკარაა, რომ ნატოს საინფორმაციო ცენტრის ფუნქცია იყო, პირველ რიგში, ანტიდასავლურ ნარატივებთან, პროპაგანდასთან ბრძოლა, ასევე მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მათი მხარდაჭერის მიმართ ცნობიერების გაზრდა. ეს მიზანი უკვე აღარ არის პრიორიტეტი ხელისუფლებისთვის. პირიქით - ძირის გამოთხრა ხდება ნატოსა და დასავლეთის მხარდაჭერის მიმართ ქვეყანაში, ამიტომაც თვითონვე ქმნიან ანტიდასავლურ ნარატივებს.
კანონმდებლობის მიღება ანტიდასავლური მიმართულებით კიდევ უფრო ძლიერდება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან და წარმოადგენს მარტივ მესიჯს: მათ არ სჭირდებათ, რომ მოსახლეობამ რაიმე სახის მხარდაჭერა მიიღოს ამ მიმართულებით" - განაცხადა გოგოლაშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გევნეტაძე კი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად არის მიღებული.
არარსებულისგან არაფერი არ იქნება - ამას ემსახურება ეს რეორგანიზაცია. რატომ უნდა იყოს ეს ცენტრი საქართველოში? რომ გაღიზიანებული იყოს რუსეთი და შეასრულოს საქართველომ ფინიის როლი, როცა თვითონ არ ვუნდივართ?
ასევე, ბორელმა განაცხადა: „ჩვენ ვართ სამოთხე და დანარჩენი - ჯუნგლები". თუ არ უნდიხარ, რატომ უნდა იყოს მათი ცენტრები შენთან? მათ ჩვენ არ ვჭირდებით. „თქვენი პატარა ქვეყნის გამო ევროპას საფრთხის წინაშე ვერ დავაყენებთო" - ასე გვითხრეს. რა საჭიროა ის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს?"
ამიტომ ეს გადაწყვეტილება დროულია და იგი თავად ნატოსა და ევროკავშირის დღევანდელმა წარმომადგენლებმა გამოიწვიეს. მათ ფაქტობრივად თავი შეაძულეს საქართველოს მოსახლეობას, რადგან მხარს უჭერენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით გადატრიალებას და ხელისუფლებაში ისეთი ოდიოზური ფიგურების მოძრაობას, როგორიცაა ნაცმოძრაობა-სააკაშვილი."-განაცხადა გვენეტაძემ
ცნობისთვის, სოცმედიაში ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში უკვე ყოფილი დასაქმებულები ავრცელებენ ინფორმაციას მათი დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ლიკვიდაცია".
რას ამბობს წულეისკირი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, თამარ წულეისკირის განცხადებას ავრცელებს.
„მსურს გამოვეხმაურო სპეკულაციებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-თან „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" დაკავშირებით.
საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ხორციელდება კომპლექსური რეფორმა. სტრუქტურული ცვლილებები ეხება როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
სამინისტროს ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტი განახორციელებს.
შესაბამისად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ცოდნისა და მართლშეგნების ამაღლება, უკვე სამინისტროს დებულების თანახმად, გახდა მთლიანად სტრუქტურის საქმიანობისა და მისი მთავარი ამოცანების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი.
შესაბამისად, საგარეო უწყების რეფორმასთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციები მიზნად ისახავს დესტრუქციას და პროცესის დისკრედიტაციას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მიმდინარე რეფორმის აუცილებლობას",- აღნიშნავს წულეისკირი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე