ნატალია ჯვარიძე
(04.06.2025)

მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი მზადაა, - ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, პირველ რიგში, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება.

„შაბათ-კვირას ვესაუბრე სენატორ ლინდსი გრემს და მჯერა, რომ სანქციები მზადაა. მათ „რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი" ჰქვია და მჯერა, რომ გრემმა ის უკვე მოამზადა. სანქციები საკმაოდ მძიმეა", - აღნიშნა კელოგმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა, შესაძლოა, მიმდინარე თვეში დაიწყოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს.

კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სანქციების საკითხს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამ ნაბიჯისგან თავს შეიკავებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიომ დაინახა, რომ გინდ შეერთებული სტატების, გინდ ევროპის სანქციებმა ვერაფერი დიდი ზიანი მიაყენა პუტინის რუსეთს. თან ეს სანქციები იყო რაღაც 17-18 სერიანი.

თუ ენდომებოდათ, რომ რეალურ მარწუხებში მოექციათ კრემლი, ამ სანქციებს თავიდანვე დააწესებდნენ და მისცემდნენ უკრაინას დიდ შეიარაღებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ომი სამი წელი გაიწელა, რამაც გააჩინა უდიდესი ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური აქტორები რა თქმა უნდა, იარაღის დიდძალი მიწოდებით ხეირობენ, რომელიც უკრაინისთვის უფასო არაა.

მოკლედ, უკრაინაში სისხლიან ომზე ხელს ითბობენ. ჩემი ვარაუდით, ახალი სასანქციო პაკეტი არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი მოსკოვისთვის. მიუხედავად ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობისა, განსაკუთრებით უკრაინის მიერ რუსული აეროდრომების დაბომბვის შემდეგ, არამგონია ტრამპმა მნიშვნელოვან დამაზიანებელ სანქციებს მოაწეროს ხელი, ვინაიდან ტრამპს არ სურს იყოს მედიატორი ამ კონფლიქტში.

რა თქმა უნდა, დასავლურ პრესაში გაისმის ვარაუდები და ანონიმური წყაროების ინფორმაციები, რომ ზელენსკის მხრიდან ამ სპეცოპერაციის განხორციელებას აქეზებდა ის ე.წ. დიფ სთეითი. ამაზე გაბრაზებულები არიან ამერიკის მმართველი რესპუბლიკელები. ვხედავთ, რომ საკმაოდ კომპლექსური ვითარებაა, როდესაც ამერიკა უკრაინას შეიარაღებას არ აწვდის, ამ დროს ევროპა ზრდის.

მეორეს მხრივ, რუსული აეროდრომების დაბომბვის მიუხედავად ვხედავთ, რომ სტამბულში მაინც გაიმართა მოსკოვისა და კიევის მოლაპარაკებები და ტყვეების გაცვლაზე მაინც შეთანხმდნენ. თუმცა რუსეთმა ისეთი პირობები წამოაყენა, რაც უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის დაშლას და გაქრობას ნიშნავს.

სიტუაცია ნამდვილად რთულია, მაგრამ ისიც არ გამოვრიცხოთ, რაც პოლიტიკაში ხშირად ხდება, რომ რეალური ვითარების დაახლოებით 20% საჯარო სივრცეში გამოდის, 80% კი კულუარებს მიღმა რჩება. არავინ იცის, რამდენჯერ ილაპარაკეს ტრამპმა და პუტინმა, ან პუტინმა და ევროპის სხვადასხვა ლიდრებმა. პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს მიღებული პრაქტიკაა.

თუმცაღა სანქციებთან დაკავშირებით ვერ ვხედავ, რომ ამერიკას სურდეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება. მის ინტერესებშია ახლა ის, რომ პუტინის საპასუხო დარტყმა უკრაინაზე არ იყოს ძალიან მძიმე და დამანგრეველი უკრაინელი ხალხისთვის", - აღნიშნა გია აბაშიძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ისეთი ბერკეტი, რაც რუსერთის ეკონომიკისთვის მძიმე დარტყმა იქნება და რაზეც ჯერჯერობით აშშ თავს იკავებს, გია აბაშიძე პასუხობს: „გლობალური ეკონომიკა იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რომ „სვიფტის" სისტემიდან რუსეთის ჩახსნა დააზარალებს ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნებსაც და ეს მშვენივრად იციან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ენერგოშემცველებზე იყო სანქციები, ყველამ ნახა, ინდოეთისა თუ სხვა ქვეყნების გავლით ევროპა მაინც ყიდულობდა მაგალითად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს.

ამერიკული გაზი გეოგრაფიული სიშორიდან გამომდინარე საკმაოდ ძვირია ევროპული ეკონომიკისთვის. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია, ჩემი ფრთხილი პროგნოზით, ვაშინგტონის მომდევნო სანქციები არ უნდა იყოს იმაზე მწვავე, რაც მანამდე იყო", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე