2028 წლისთვის საქართველოს მთავრობამ ექსპრესგეგმა დაისახა. თითქმის წარმოუდენელია სამ წელიწადში უმუშევრობის 4%-ზე დაბლა დაყვანა და საშუალო ხელფასის 3500 ლარზე მეტად გაზრდა, თუმცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების” გუნდი ამ გეგმას 2028 წლისთვის განახორციელებს, რასაც ეკონომისტები გადაჭარბებულ გათვლას უწოდებენ.
საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და განსაკუთრებით გამოსარჩევია ბოლო წლები. მართალია, 2025 წლის პირველ კვარტალში უმუშვრობა გაიზრდა და 14.7% შეადგინა, მაგრამ ბოლო წლებში კლება ფიქსირდება. ასე მაგალითად, 2021 წელს უმუშევრობამ 20.6% შეადგინა, 2022 წელს - 17.3%, 2023 წელს 16.4%, 2024 წელს - 13.9%. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უმუშევრობა მაღალი მიგრაციის ფონზეც იკლებს, რადგან ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა მცირდება.
რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 2024 წელს საშუალო თვიური ხელფასი 292 ლარით გაიზარდა და 2059 ლარს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ 3 წელიწადში ასეთი გეგმის განხორციელება ძალიან ძნელია, საქართველო პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა - უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს.
„ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.8% და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდაა ამისთვის გადამწყვეტი. შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა. გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპით მიზნები არის შესრულებადი. დანარჩენი არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული.
რაც შეეხება სიღარიბეს, აქაც გამოქვეყნდა ახალი მონაცემები. „საქსტატმა“ გამოაქვეყნა 2024 წლის მაჩვენებელი. 2023 წელს 11.8% იყო სიღარიბის მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2.4%-ით. პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, 9.4%. მინდა შეგახსენით, რომ 2012 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. რა თქმა უნდა, წინსვლა არის აშკარა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 4%-ს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი. ეს არის აბსოლუტურად რეალური. შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია აღმოვფხვრათ სიღარიბე ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სპეციალისტები მთავრობის ამოცანას არარეალურს უწოდებენ და მათი შეფასებით არანაირი გეგმა არ არსებობს ამისთვის. როგორც ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა განაცხადა, გათვლა ძალიან ოპტიმისტურია და ემიგრაციის გაზრდით და შობადობის კიდევ უფრო მეტად შემცირებით, გეგმა შესრულებადია, მაგრამ ასეთი შედეგი ქვყნისთვის ძალიან ცუდი იქნება.
„4%-იანი უმუშევრობა ნიშნავს სრულ დასაქმებას. როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი 5%-ზე დაბლა ჩამოდის, ამას ეკონომისტები უწოდებენ სრულ დასაქმებას. ჩვენ თუ აქამდე მივედით, რომ ქვეყანაში სრული დასაქმება გვქონდეს, ძალიან კარგი შედეგი იქნება, მაგრამ რამე გეგმა არსებობს, რომ ამას მივაღწიოთ? დასაქმების ხელშეწყობის რაიმე პროგრამა ხორციელდება? პირადად ჩემთვის უცნობია ასეთი რამ და პრემიერი თუ აქვს გეგმა, გაგვაცნოს და შემდეგ შეგვძლია ვისაუბროთ, იქნება თუ არა მიღწევადი.
ძალიან ოპტიმისტური გათვლაა და მთავრობას ძალიან გაუჭირდება, მით უმეტეს, ეკონომიკურ პოლიტიკაში რაიმე განსაკუთრებულ ძვრებს ვერ ვხედავ. საერთოდ, საქართველოში ვინ არის პაუხისმგებელი დასაქმეზე? სტრუქტურაც კი არ გვავს. დასაქმების სააგენტო არსებობა და „ჯობს.ჯი"-ს ანალოგია.
თქმა ძალიან მარტივია. პრემიერობის დროს გიორგი კვირიკაშვილმა პირობა დადო, რომ 200 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა 2016-20 წლებში, მაგრამ თუ არ ვცდები, 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნა იმ წლებში. განცხადება რაღაცაზე დაყრდნობით უნდა იყოს გაკეთებული.
თუ იმ ტენდენციით გავაგრძელებთ უმუშევრობის შემცირებას, როგორც დღეს ხდება, როცა ემიგრაცია იზრდება საქართველოდან და შობადობაც მცირდება, შეიძლება 0%-ზე ჩამოვიდეს უმუშევრობა, მაგრამ ეს ხომ ძალიან ცუდი იქნება? თუ ვსაუბრობთ ეკონომიკური განვითარების და ადგილობრივი წარმოების შედეგად უმუშევრობის კლებაზე, მაშინ ამას ტურიზმი ვერ მოაგვარებს. მომსახურების სფერო ვერ იქნება მასობრივი დასაქმების ხელშემწყობი. უნდა გვქონდეს მსუბუქი ან მძიმე მრეწველობა, მაგრამ არც ერთი მიმართულებით არ მიმდინარეობს მუშაობა. დღეს რასაც ვხედავ, უცხოელი ინვესტორები ჩამოდიან და ძალიან აგდებულად ესაუბრებიან ქართველებს”, - განუცხადა ჯანიაშვილმა „რეზონანსს”.
2028 წლისთვის რომ ასეთი გეგმა ვერ განხორციელდება, ამაზე ისაუბრა კიდევ ერთმა ეკონომისტმა. როგორც რამაზ გერლიანმა აღნიშნა, მთავრობის გათვლა გადაჭარბებულია და ასეთი შედეგი არათუ 2028 წელს, არამედ უფრო გრძელვადიან პერიოდშიც ვერ მიიღწევა.
„ეს პროგნოზი ძალიან ოპტიმისტური და გადაჭარბებულია. რასაკვირველია, ყველას გაგვიხარდება, ასეთი შედეგზე გასვლა, მაგრამ არსებული ტენდენციით შეუძლებელია. ალბათ, პროგნოზი ძალიან ზედაპირულად არის გაკეთებული და ყოველწლიური უმუშევრობის შემცირების რაღაც ტემპზე აქვთ გათვლილი, ჩვენ კარგად ვიცით, ეს ტემპი რაც უფრო ქვევით ჩამოვა, მით უფრო და უფრო გაძნრლდება გაუმჯობესება. მას აქვს ზღვრული ნაწილი, ანუ ისე არ ხდება, თუ ერთ წელიწადს უმუშევრობა 1%-ით შემცირდა და მეორე წელსაც იგივე მოხდება.
2028 წლისთვისთვის კი არა 2030 წლისთვისაც საქართველოს ეკონომიკა ვერ შეძლებს უმუშევრობის 4%-მდე დაყვანას, თუ რაღაც ხელოვნურ მანიპულაციებს არ ექნება ადგილი, მაგალითად, უმუშევრობის კრიტერიუმში რაღაცები შეიცვლება ან ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი გაიკრიფება უცხოეთში, რაც ძალიან ნეგატიურია და უმუშევრობის კლება ამასთან მიმართებით იქნება უმნიშვნელო მოვლენა. ეს ის პირობებია, რის გამოც ვერ მოხდება 2028 წლისთვის 4%-მდე უმუშევრობის შემცირება. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ბუმია წარმოების და დასაქმების მიმართულებით, იქაც კი ვერ ხერხდება 4%-იან ნიშნულზე გასვლა”, - განუცხადა რამაზ გერლიანმა „რეზონანსს”.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე