თამთა ჩაჩანიძე
(03.06.2025)

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის მოქალაქე და ეთნიკურად ქარველი 63 წლის ოთარ კობახიძე გააძევეს. მიზეზი ისაა, რომ კობახიძე აფხაზეთიდან დევნილია, რამდენიმე დღის წინ რუსული პასპორტით თავის ქალიშვილთან ერთად სოხუმში ჩავიდა, მშობლიური სახლი მოინახულა და შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში ატვირთა.

ამას, დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზოგადოების გაღიზიანება მოყვა, განსაკუთრებით იმ ფრაზას, სადაც ქართველი დევნილი ამბობს, რომ ის სამშობლოში დაბრუნდა.

ოთარ კობახიძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ კამერის წინ ბოდიშიც მოახდევინა „აფხაზების პატრიოტული გრძნობების შელახვისათვის" და მომავალში აფხაზეთში შესვლაზე უარი განუცხადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხმაურიანი ინციდენტი აფხაზეთში შარშანაც მოხდა, როდესაც რუსეთში მიღვაწე ქართველი ბისნესმენი ერასტი ბუკია სოფელ განთიადს ეწვია, სადაც ის ომამდე ცხოვრობდა და ჩასვლისას განაცხადა, რომ არანაირი აფხაზეთი არ არსებობს და არსებობს მხოლოდ საქართველო.

ბუკიას საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, 2024 წლის 5 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ აფხაზეთში ჩასულ ქართველ დევნილს მშობლიურ სახლში სტუმრობისას შელაპარაკება მოუვიდა იქ შესახლებულ ოჯახთან. დევნილმა აფხაზეთის ტერიტორია მაშინვე დატოვა, თუმცა სკანდალი ამით არ დასრულებულა, რადგან, ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ინციდენტის უკან მაშინდელი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი ოჯახი იდგა და სწორედ ისინი მასპინძლობდნენ აფხაზეთში ბუკიას.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მსგავსი ათობით შემთხვევა ყოფილა, თუმცა ეს არ გასაჯაროვებულა და არც გაუძევებიათ ოკუპირებული რეგიონიდან. პირიქით, აფხაზეთში „უხმაუროდ" ჩასულ ქართველ დევნილებს სუფრებსაც კი უშლიდნენ ძველი მეზობლები, თუმცა როდესაც ვიზიტის გასაჯაროვება ხდება, ეს მათ აღიზიანებთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს „ქართველების გამარჯვებასავითაა".

გარდა ამისა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთში ეთნიკური ქართველების მიმართ ხისტი დამოკიდებულება ოდნავ, მაგრამ მაინც შერბილდა.

ოთარ კობახიძის ინტიდენტი

როგორც აფხაზური მედია წერს, „აფხაზეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქე ოთარ კობახიძე რესპუბლიკიდან გააძევეს და მას მომავალში ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა".

მედიისვე ინფორმაციით, კობახიძე ქალიშვილთან ერთად ქალაქ სოხუმს ეწვია, სადაც ვიდეო გადაიღო და განაცხადა, რომ „33 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა". ვიდეო სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა, რამაც „აღშფოთება გამოიწვია".

„იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვიდეოები შეურაცხყოფს აფხაზეთის მოქალაქეების პატრიოტულ გრძნობებს, კონფლიქტური სიტუაციებისა და საზოგადოებაში შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასარიდებლად, კობახიძე აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში გაიყვანეს", - ნათქვამია დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ინფორმაციას თან დართული აქვს ვიდეოკოლაჟი, სადაც აღბეჭდილია როგორც თავად კობახიძის მიერ გადაღებული ვიდეო, როდესაც ის სახლში შედის ქალიშვილთან ერთად, ისე დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. უშიშრიების თანამშრომლების მიერ რეგიონიდან გაყვანის მომენტი.

ჩანაწერებში ასევე არის კადრები, რომელიც უკვე კობახიძის დაკავების შემდეგაა გადაღებული და სადაც ის ბოდიშს უხდის აფხაზ ხალხს მისი ქალიშვილის დაუფიქრებელი საქციელისათვის.

„ბოდიშს გიხდით ჩემი და ჩემი ქალიშვილის გამო... იმისთვის, რაც მან გადაიღო და ინტერნეტში დაუფიქრებლად განათავსა... მაპატიეთ აფხაზო ხალხო, რომ ასე მოხდა", - ამბობს ოთარ კობახიძე ვოდეოში.

„გაჩნდა განწყობა - რას ვერჩოდით ქართველებს..."

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფაქტზე აფხაზების რეაქცია გასაკვირი არაა, თუმცა, ზოგადად, აფხაზი საზოგადოების აგრესია ეთნიკური ქართველების მიმართ ახლა უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შერბილებულია.

„რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან თვითონ გააძევეს ეს ხალხი და მათი დაბრუნება რომ არ უნდათ, ხომ ფაქტია და აქედან გამომდინარე იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. დღევანდელი აფხაზური საზოგადოება ძალიან განსხვავებულია იმისგან, რაც იყო თუნდაც 6 თვის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების მიმართ აგრესია შენარჩუნებულია, ბუნებრივია, შენარჩუნებულია ნარატივი, რომელიც წლების განმავლობაში იყო, რომ ქართველი ჩვენი მტერია, მაგრამ გაჩნდა განწყობა იმისა და ეს სოციალურ ქსელებშიც ჩანს, რომ რას ვერჩოდით ქართველებს, რას გვიშვრებიან ახლა რუსები და სომხები.

„მართალია, ეს განწყობებ ისეთი ძლიერი არაა, რომელიც ფსიქოლოგიურ ფონს შეცვლიდა, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ, ყოველშემთხვევაში, ამის ნიშნები არის. თან ერთი გარემოებაც გაჩნდა ისეთი, რომელიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც ამუშავდა კანონი არბიტრაჟების სასამართლოების შესახებ. მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღების წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ მაინც ჩუმად გააპარა ჯერ კიდევ ბჟანიას ხელისუფლებამ, დილის 6 საათზე ჩაატარეს პარლამენტის სხდომა და მიიღეს ეს კანონი. კანონის მიხედვით, რუსეთის საარბირტაჟო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება 99%-ით სავალდებულოა აფხაზეთისთვის.

„ახლა, ამ კანონის მიხედვით, რუსეთის სასამართლოებში საჩივრების შეტანა იმ რუსებმა დაიწყეს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ქონება დაკარგეს და ისინიც გაძევებულები, ან დევნილები აღმოჩნდნენ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსეთის მოქალაქე ზოგიერთმა ქართველმაც მოსინჯა უკვე ეს ვითარება. როგორც ვატყობ, ეს ქაოტურად არ ხდება და ჯერ რუსებმა დაიწყეს სასამართლოებში საჩივრების შეტანა და ეს საქმეები უკვე წარმოებაშია მიღებული. გადაწყვეტილებას რომ გამოიტანენ, მერე უკვე აფხაზეთის ხელისუფლება იძულებული იქნება ეს აღასრულოს.

„რასაკვირველია, ამ კანონში რაღაც პატარა დაბრკოლებები და გარკვეული ხელის შემშლელი მიდგომებიც ჩადებულია, მაგრამ არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს გაუვიდეთ. აფხაზეთში ესმით, რომ თუ რუსეთის მოქალაქე ქართველებმაც დაიწყეს ამ საჩივრების გააქტიურება, მაშინ ძალიან მძიმე დღეები დაუდგება თვითონ აფხაზურ საზოგადოებას", - განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ჩადიან რუსული პასპორტის მქონე ქართველები აფხაზეთში, არეშიძემ გვითხრა:

„ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი ასეთი. გგრონიათ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეობის საბუთებით არ ჩადიან? მაგრამ ყოველთვის ვიღაც კონკრეტული მფარველი ჰყავთ. ამ პიროვნებას, რამდენადაც ვიცი, ასეთი არავინ ჰყავდა. მაგალითად, ერასტი ბუიას ძალიან სერიოზული მფარველები ჰყავდა, მაგრამ აფხაზური გაგებით იმდენად „თავხედურად" მოიქცა, რომ იმ მფარველების ფაქტორმა ვერ გაჭრა, თორემ უმცროსი შამბა იყო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის მოადგილე და მასპინძელი ის იყო. ერასტი ბუკიას ხელი ვერ შეუშალეს, ერთი ის იყო, რომ ტერიტორია დაატოვებინეს.

„არაერთი თბილისელი ჩასულა, რომელსაც ნათესავური კავშირის გარდა, აფხაზეთთან არაფერი აკავშირებდა და ისეთი ადამიანებიც ვიცი, რომლებიც თავის ცხოვრებაში აფხაზეთში არ ყოფილან და მაინც ჩასულან", - განაცხადა არეშიძემ.

მისი თქმით, მსგავსი ვიზიტების გამო, ადრე ქართველებს აპატიმრებდნენ კიდეც, თუმცა დღეს მხოლოდ გაძევებით შემოიფარგლნენ.

„ადრე დაპატიმრებულიც იყო ერთი-ორი ადამიანი, მაგრამ გვარები არ მახსოვს. წინა წლებში რომ ყოფილიყო, კობახიძეს აუცილებლად დააპატიმრებდნენ, ახლა უკვე ხომ ხედავთ -გააძევეს და მხოლოდ ამით შემოიფარგლნენ. არ ვამბობ, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ვამბობ, რომ გარკვეული ტენდენცია გამოიკვეთა. ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო აქტიური მოქმედებაა ქართული მხრიდან საჭირო იმისათვის, რომ ფორსირებულად მოხდეს საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლა", - განაცხადა არეშიძემ „რეზონანსთან".

„ჩუმად" ჩასვლა შეიძლება...

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როდესაც მსგავსი ვიზიტები გახმაურების გარეშე ხორციელდება, თავად აფხაზები სუფრასაც კი უშლიან ქართველ სტუმრებს, თუმცა გასაჯაროებაზე ნეგატიური რეაქცია აქვთ, რადგან აფხაზეთში ქართველის ჩასვლა მაინც „ქართველების გამარჯვებასავითაა".

„ვიცნობ ასეთ ადამიანებს და ეს რაოდენობა ნელა, მაგრამ მაინც იზრდება, როცა რუსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ეთნიკური ქართველები, რომლებიც 90-იან წლებში აფხაზეთის ტერიტორიიდან განიდევნენ, ჩადიან, თავიანთ სახლებს ნახულობენ. ზოგმა სახლი გაყიდა, ფული აიღო და სხვა რამ განახორციელა. ანუ რაღაც გარკვეული აქტივობები ნამდვილად არის, თუმცა, ეს ხდება ჩუმად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე.

„როცა ჩადიან და არ ახმაურებენ, აფხაზები ამას იტანენ და სუფრებსაც კი შლიან. ანუ, აფხაზები არ ღიზიანდებიან, როცა მათი მეზობელი უხმაუროდ ჩადის. შეიძლება გულში რაღაც აქვთ, მაგრამ სიხარულსაც კი გამოხატავენ. ცოტა ფაქტებია იმისა, რომ ასე საჯაროდ ქართველები განუდევნიათ. რუსეთიდან, ადლერის მხრიდან ათობით ადამიანი ჩადის, ისვენებს, მაგრამ ეს გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ამ ადამიანმა საიტზე გაასაჯაროვა, რომ თავისი სახლი მოინახულა და ამან აფხაზეთში ვნებათაღელვა გამოიწვია.

„შეიძლება ახლო მომავალში გარკვეულწილად შეფერხდეს დანარჩენი ქართველების ჩასვლა. იმედია დროებით, მაგრამ რაღაც მსგავსი მომენტი იქნება. შეიძლება ამ ფაქტის მერე ვისაც დაგეგმილი აქვს ჩასვლა, მათ მეზობლები ასე მოთმინებით აღარ შეხვდნენ და უსაყვედურონ, რომ თქვენ ჩამოდიხართ და მერე ჩვენ პრობლემები გვაქვსო.

„არის ხალხი, ვინც აფხაზეთში ყოველ თვე ჩადის, თავის სახლში თუ ვერ ცხოვრობენ, მიდიან მეზობლებთან, ნათესავებთან",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, თუ აფხაზურ საზოგადოებას ჩუმ ვიზიტებზე პრობლემა არ აქვს, ამბის გასაჯაროების პრობლემა რატომ აქვთ, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„ამაში გრძნობენ, რომ თითქოს ქართველები მაინც იმარჯვებენსავით. ქართველებში ხომ გვაქვს ასეთი განცხადებები, რომ „აფხაზეთი საქართველოა", ან „ჩვენ მაინც დავრბუნდებით". „ფეისბუქზე" კამათის დროს თბილისიდან ასეთ პასუხს იღებენ ხოლმე და როცა თბილისიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ამ ფონზე ასეთი ფაქტები თითქოს ამ პოზიციას ამყარებს.

„აფხაზებს დაახლოებით ასეთი პოზიცია აქვთ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, კი, ბატონო, ჩამოდით, დაისვენეთ, ფული დახარჯეთ, არაა გამორიცხული, რომ თქვენ აქ ფეხი მოიკიდით, მაგრამ ეს იქნება აფხაზეთი და არა საქართველო - დაახლოებით ასეთი კონსოლიდირებული პოზიციაა და როდესაც ადამიანები ასეთ ვიდეოებს ავრცელებენ, ისინი ღიზიანდებიან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე