სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა და სერიოზული კონფლიქტის ზღვარზეა. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ღიად მიანიშნებს, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ II -მ თანამდებობა უნდა დატოვოს, სომხურ ეკლესიაში წმენდა ჩატარდეს და საეკლესიო კანონმდებლობა ისე შეიცვალოს, რომ ახალი კათოლიკოსის არჩევისას სახელმწიფოს გადამწყვეტი ხმა ჰქონდეს.
სიტუაციის გამწვავება 29 მაისს გამართული მთავრობის სხდომიდან დაიწყო, სადაც ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხური ეკლესია დაემსგავსა „საკუჭნაოს, სადაც ნაგავი ინახება". მეორე დღეს მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკმაოდ უხეშ ლექსიკით გააკრიტიკა სომხური ეკლესიის იერარქები, ერთ-ერთი არქიეპისკოპოსი კი სექსუალურ გარყვნილებაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა მოითხოვა, რომ სასუიერო წოდება ჩამოერთვას ყველა მღვდელმსახურს, რომელსაც დარღვეული აქვს უქორწინობის აღთქმა.
ნიკოლ ფაშინიანის პოსტებს პარალელურად დაემატა მისი მეუღლის, ანა აკოფიანის განცხადებებიც. მან კათოლიკოსს „ქვეყნის მთავარი მაფიოზი" უწოდა და სასულიერო პირები ცელიბატის ფიცის დარღვევაში, ასევე პედოფილიაში დაადანაშაულა.
„ქვეყნის მთავარი პედოფილები გაგიჟდნენ იმაზე, რომ ეკლესია საკუჭნაოს შევადარეთ. რა თქმა უნდა, ასე უნდა მომხდარიყო - „საკუჭნაო" ხომ სიგიჟით მოცული შავმანტიიანების ცხოვრების ბნელ კუთხეებს ნიშნავს. სწორედ ასეთ „საკუჭნაოებში" ხდებოდა უკუღმართობანი", - დაწერა აკოფიანმა.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევნებში და კანდიდატებმა „უნდა გაიარონ კეთილსინდისიერების შემოწმება".
„ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს", - თქვა სომხეთის პრემიერმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ყოველივე ამას გარკვეული ინციდენტებიც მოყვა ფაშინიანისა და ეკლესიის მხარდამჭერებს შორის.
2 ივნისს კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი უშუალოდ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, გარეგინ II-ს დაუპირისპირდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.
პრემიერ-მინისტრის ბრალდება და ეკლესიის პასუხი
ორშაბათს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი".
„ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს არ შეუძლია ასეთი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. ამ საკითხს ვსვამ როგორც სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან სულიერი უსაფრთხოების საკითხს ვხედავ და ამაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრის რანგში ვსაუბრობ. ვხედავ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჩმიაძინმა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პოზიცია უნდა დაიკავოს, რის შემდეგაც საკითხის დამატებითი განმარტება მოხდება", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ამის საპასუხოდ წმინდა ეჯმიაწინის მთავარ საკათედრო ტაძარში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსისა და უზენაესი პატრიარქის, გარეგინ II-ის თავმჯდომარეობით, სომხეთის ეპისკოპოსებისა და ეპარქიების ხელმძღვანელების მონაწილეობით, გაიმართა უმაღლესი სულიერი საბჭოს სხდომა.
სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული გამოწვევები, ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობები და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრემიერ-მინისტრის მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ განცხადებებს. ამასთან დაკავშირებით, უზენაესმა სულიერმა საბჭომ განცხადება გაავრცელა:
„პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი ენით, შეურაცხყოფითა და ბრალდებებით, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთი კამპანია დაიწყო.
„ეს ანტისაეკლესიო პოზიცია აშკარად პოლიტიკური მიზნებით არის ნაკარნახევი და წარმოადგენს მცდელობას, დააკნინონ სომხური ეკლესიისა და სასულიერო პირების ავტორიტეტი, რომლებიც პატივსცემით სარგებლობენ როგორც ქვეყნის შგნით, ისე საერთაშრისო წრეებში; ჩაახშონ სომხური ეკლესიის ხმა და შეამცირონ მისი საზოგადოებრივი გავლენა.
„მთავრობის მეთაურის ანტიეკლესიურ ქცევას, ეროვნული ღირებულებებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს, დამანგრეველი შედეგი ექნება. ის საფრთხეს უქმნის სომხურ სახელმწიფოებრიობას და ჩვენი ხალხის ერთიანობას როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში.
„ასეთი ქმედებები საზოგადოებას ყოფს, ასუსტებს ერის სულისკვეთებას და პატრიოტიზმს, განსაკუთრებით ამ რთულ პირობებში. ასეთი ინიციატივები ემსახურება საგარეო არმენოფობიური ძალების ინტერესებს, გარკვეულწილად დაკავშირებულია აზერბაიჯანული პროპაგანდისტული მანქანის მიერ ჩვენი ხალხისა და სომხური ეკლესიის წინააღმდეგ სუცრუისა და ყალბი ბრალდებების გავრცელებასთან.
„ეკლესიის საკითხები წყდება საეკლესიო კანონებისა და წესების შესაბამისად და ის სცილდება სახელმწიფო და პოლიტიკური ფიგურების იურისდიქციას. სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია ერთიანია თავისი ერთგული შვილებითა და რიგითი სასულიერო პირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს სრულიად სომეხთა ეროვნულად არჩეული პატრიარქი. ჩვენ მოვუწოდებთ კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, შეწყვიტონ პრემიერ-მინისტრის ეს უკანონო და მოკლევადიანი პოლიტიკა. არ არის საჭირო ეკლესიის ხელოვნურ დღის წესრიგში ჩართვა და ხალხის ეკლესიის წინააღმდეგ წაქეზება", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობასა და ეკლესიის ხელმძღვანელობას შორის ანტიპათია უფრო აშკარა გახდა 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომში სომხეთის დამარცხების შემდეგ, როდესაც ეკლესიის მეთაური შეუერთდა ფაშინიანის გადადგომის მოწოდებებს.
ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, დამთხვევა არ არის, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეკლესიაზე თავდასხმა მაშინ დაიწყო, როდესაც ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სადაც შვეიცარიაში მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.
გალსტანიანის თქმით, ფაშინიანის „აფეთქებების" მიზეზი ნათელია: „ეკლესია სომხური იდენტობისა და ღირებულებების დამცავი უკანასკნელი ბასტიონია".
„ეკლესიაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამოეწურა რესურსი და ახლა ცდილობს ქულების დაგროვებას", - თქვა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე