ნატალია ჯვარიძე
(02.06.2025)

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. მხარეებმა პატიმრების გაცვლის საკითხი განიხილეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთმა უკრაინულ მხარეს თავისი მოთხოვნები გააცნო, კიევს ერთი კვირა დასჭირდება დოკუმენტის შესასწავლად და შემდგომი ნაბიჯების გადასაწყვეტად.

„ჩვენ კონსტრუქციული მოლაპარაკებების ჩატარების განზრახვით მივედით. ვკითხეთ, მზად იყვნენ თუ არა ჩვენს წინადადებებზე პასუხის გასაცემად. სრული პასუხი არ ყოფილა. რუსული წინადადებები მხოლოდ შეხვედრაზე მივიღეთ. თავად რუსეთმა შემოგვთავაზა, რომ უფრო დეტალურად გავცნობოდით მათ", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ.

უკრაინა ხმელეთზე ჰაერსა და ზღვაში საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტას მოითხოვს.

„ჩვენ ვამბობთ: ეს ომი უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს. პირველი ნაბიჯებია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ჰუმანიტარული ნაბიჯები, ლიდერების შეხვედრისთვის მომზადება", - განაცხადა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა.

უკრაინა რუსეთის მიერ ქვეყნიდან გაყვანილი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებას ითხოვს. რუსეთმა მიიღო რამდენიმე ასეული ბავშვის სია, რომელთა დაბრუნებასაც უკრაინა ითხოვს. რაც შეეხება დაჭრილებს, კიევი თავდაპირველად გვთავაზობს მძიმედ დაჭრილი, 19-25 წლის ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეების გაცვლას „ყველა ყველაზე" ფორმატით, ასევე ყველა დაღუპულის ცხედრის გაცვლას.

მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა. ყველა პრობლემის მოგვარება მხოლოდ ლიდერების დონეზეა შესაძლებელი. ასეთი შეხვედრა შეიძლება სხვა სახელმწიფოების მეთაურების, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის თანდასწრებითაც გაიმართოს.

შეხვედრის დანიშვნა თვის ბოლოს, 20-დან 30 ივნისის ჩათვლით იგეგმება. სწორედ ამ დღეებში, 24-25 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჰააგაში ნატო-ს სამიტზე იქნება.

რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაახლოებით 15:50 საათზე დაიწყო და საათზე მეტ ხნს გაგრძელდა.

„დელეგაციებმა დოკუმენტები გაცვალეს. მზადდება ტყვეთა ახალი გაცვლა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სანქციების გარეშე პუტინი თამაშს გააგრძელებს. ზელენსკი მოუწოდებს ერთობლივი სანქციებისკენ „დიდი შვიდეულის" დონეზე. „სანქციები აუცილებელია ვაჭრობის სერიოზულად შეზღუდვისთვის", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე