პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ 50.89%-ით დაამარცხა ლიბერალი რაფალ ტრჟასკოვსკი - დაძაბული ბრძოლა დასრულდა, მაგრამ ახლა იწყება მთავარი: როგორი იქნება ნავროცკის პოლიტიკა და როგორ იმოქმედებს მისი გამარჯვება პოლონეთის ევროპულ კურსზე.
ნავროცკის მემარჯვენე პარტია -„კანონი და სამართლიანობა" უჭერს მხარს.
ხმების საბოლოო დათვლის თანახმად, პოლონეთში შაბათ-კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკი ანჟეი დუდას შეცვლის, რომლის მეორე და ბოლო ვადა 6 აგვისტოს იწურება.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში ძალაუფლების უმეტესი ნაწილი პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ხელშია კონცენტრირებული, პრეზიდენტს შეუძლია საგარეო პოლიტიკაზე მნიშველოვანი გავლენის მოხდენა და, რაც მთავარია, მას კანონზე ვეტოს დადების უფლებამოსილება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ტუსკმა, რომელიც ხელისუფლებაში 2023 წლის ბოლოს მოვიდა კოალიციური მთავრობით, ვერ შეძლო საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება გარკვეული საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, როგორიცაა, მაგალითად, აბორტის შესახებ კანონის შემსუბუქება. მოსალოდნელია, რომ ნავროცკის პრეზიდენტად ყოფნისას მას კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება შეექმნება. წერენ პოლონური გამოცემები.
დაძაბული რბოლა
პირველი ეგზიტპოლის თანახმად, თავდაპირველად ტრჟასკოვსკი კონსერვატორ ისტორიკოს ნავროცკისთან შედარებით მცირე უპირატესობას აჩვენებდა, თუმცა, ორი საათის შემდეგ განახლებულმა „გვიანმა გამოკითხვამ" აჩვენა, რომ ნავროცკიმ 50.7%-ით გაიმარჯვა, რაც ტრჟასკოვსკის 49.3%-იან ხმებზე მეტია.
არჩევნების აქტივობამ 72.8% შეადგინა - ეს მაჩვენებელი აღმოჩნდა ბევრად მეტი, ვიდრე 18 მაისს, პირველ ტურში დაფიქსირებული 67.3%-იანი აქტივობა. ხმის მიცემა დილის 7 საათზე დაიწყო და საღამოს 9 საათზე დასრულდა.
18:30 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კენჭისყრის დროს ინციდენტები დაფიქსირდა და „232 დარღვევა" მოხდა.
ცნობისთვის, მეორე ტური 18 მაისს გამართული დაძაბული პირველი ტურის შემდეგ გაიმართა, რომელშიც ტრჟასკოვსკიმ ხმების 31%-ზე ოდნავ მეტი, ხოლო ნავროცკიმ თითქმის 30% მოიპოვა.
რას მოუტანს ვარშავას ახალი პრეზიდენტი?
„ეი ბი სი ნიუსი" ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია თუ როგორი პოლიტიკა შესაძლოა გაატაროს ახლადარჩეულმა კონსერვატორმა პრეზიდენტმა.
„ნავროცკის გამარჯვება ხაზს უსვამს ნაციონალისტური რიტორიკის დაბრუნებას და შესაძლოა მიუთითებდეს ღრმა სოციალურ განხეთქილებაზეც. მისი გამარჯვება ასევე ასახავს მემარჯვენე ნაციონალიზმის გაზრდას მთელ ევროპაში, სადაც მიგრაციასთან, ეროვნულ სუვერენიტეტთან და კულტურულ იდენტობასთან დაკავშირებულმა შეშფოთებამ გამოიწვია მემარჯვენე პარტიების - ბოლო დროს უკიდურესი მემარჯვენეების - მხარდაჭერის ზრდა."
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნავროცკის გამარჯვებამ პოლონეთში შესაძლოა ლიბერალური ინსტიტუტების ეროზიაც გამოიწვიოს
„ამ შედეგმა შესაძლოა ლიბერალური დემოკრატიული ნორმების ეროზია დააჩქაროს"
„ნავროცკის პრეზიდენტობა პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისთვის, რომელიც 2023 წლის ბოლოს ხელისუფლებაში დაბრუნდა და ევროკავშირთან ურთიერთობის გამოსწორების და სასამართლო დამოუკიდებლობის აღდგენის პირობა დადო.
ნავროცკის, რომელსაც ექნება კანონმდებლობაზე ვეტოს დადების უფლებამოსილება, შესაძლოა ტუსკის დღის წესრიგი გაართულოს." წერია სტატიაში.
ასე არ ფიქრობს მატეუს კოშჩუოკი - პოლონელი კონსერვატორი პოლიტოლოგი, ამბობს, რომ ნავროცკის გამარჯვება მყარად იძლევა იმედს, რომ პოლონეთი შეინარჩუნებს თავის ეროვნულ-კონსერვატიულ იდენტობას და გაუძლებს „ლიბერალური გლობალიზმის ზეწოლას". მისი შეფასებით, ნავროცკი არის „ხმალი" პოლონეთის კულტურული ტრადიციებისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის.
ნავრცოკი და ევროპა
„ ეი-ბი-სი"-ს ანალიტიკურ სტატიაში საუბარია ახალი პრეზიდენტისა და ევროკავშირის შესაძლო ურთიერთობაზეც.
„არჩევნების შედეგი ევროკავშირისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
„ნავროცკის სიმბოლური და ვეტოს უფლებამოსილებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ბრიუსელის მცდელობებს, პოლონეთი ბლოკის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის საკითხებში.
მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრია, მას საკუთარი ვალუტა, ზლოტი, აქვს, რომლის ფასიც ორშაბათს დილით ოდნავ დაეცა, რაც ასახავს ინვესტორების შეშფოთებას პოტენციური პოლიტიკური არასტაბილურობისა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან განახლებული დაძაბულობის შესახებ.
ევროკავშირის მილიარდობით ევროს დაფინანსება დაკავშირებულია სასამართლო რეფორმებთან, რომელთა განხორციელებასაც ტუსკის მთავრობა ახლა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის თანამშრომლობის გარეშე ვერ შეძლებს."-წერია სტატიაში.
ბერნარდ ჰენრი ლევიც - ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და საჯარო ინტელექტუალი, იზიარებს ზემოთ თქმულს, აღნიშნავს, რომ ნავროცკის მომხრე ძალების ზრდა საფრთხეს უქმნის ლიბერალურ ევროპას და „ევროპის იდეას როგორც ღია, მრავალფეროვან დემოკრატიას".
ახალი პრეზიდენტი და აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია
ანალიტიკურ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნავროცკისა და ტრამპის ხედვები ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა.
„ნავროცკის არჩევამ შესაძლოა პოლონეთსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითოს. პოლონეთი და აშშ ახლო მოკავშირეები არიან და პოლონეთში 10 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, თუმცა, ტუსკი და მისი პარტნიორები წარსულში ტრამპის მიმართ კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი. ამასთან, ნავროცკის მსოფლმხედველობა მჭიდროდ ემთხვევა ტრამპის და მის „ისევ დიდებული გავხადოთ ამერიკა"-ს პათოსს..
ტრამპმა ნავროცკი თეთრ სახლში ერთი თვის წინაც მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ნავროცკიმ მხარდაჭერა გამოთქვა უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვის მიმართ, ის მხარს არ უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დახმარების გრძელვადიან ხარჯებს - განსაკუთრებით ლტოლვილების მხარდაჭერას" - წერს გამოცემა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე