გასულ კვირას აშშ-ში გამოვიდა „სი-ენ-ენის" ჟურნალისტ ჯეიკ ტაპერისა და „აქსიოსის" კორესპონდენტ ალექს ტომპსონის წიგნი „პირველყოფილი ცოდვა", რაც დიდი სკანდალის მიზეზი გახდა. წიგნის ავტორების თქმით, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას ქვეყანას რეალურად მართავდა მასთან დაახლოებული ადამიანთა ვიწრო ჯგუფი, რომლებიც საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკუთარი შეხედულებისამებრ იღებდნენ, რადგან ბაიდენი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ფაქტიურად დისფუქნციური იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ მაისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნე დაუდგინდა, ეს ინფორმაცია თავად ბაიდენის ოფისმა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მას დაავადების აგრესიული ფორმა აქვს და მეტასტაზები ძვლებზეა გადასული, თუმცა, დაავადება ეფექტური მკურნალობის საშუალეას იძლევა.
„რაც შეეხება იმას, თუ ვინ მართავდა თეთრ სახლს ეს იყო ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომლებიც ყოველთვის პრეზიდენტთან იყვნენ... (ბაიდენის) ადმინისტრაციაში ზოგიერთმა მათ „პოლიტბიუროც" შეარქვა (საბჭოთა რეჟიმის ანალოგიით) და ეს არის ტერმინი, რომელიც წიგნში გამოვიყენეთ", - ამბობს ტელეკომპანია „პი-ბი-ესთან" ინტერვიუში „პირველყოფილი ცოდვის" თანაავტორი ალექს ტომპსონი.
ავტორების ცნობით, „პოლიტბიუროს" სახელით ცნობილი ჯგუფში შედიოდნენ ისეთი პირები, რომლებიც მედიისა და საზოგადების ყურადღების მიღმა დარჩენას ამჯობინებდნენ. მათ შორის იყვნენ ჯო ბაიდენის სამი მრჩეველი - მაიკ დონილონი, სტივ რიკეტი და ბრიუს რიდი; ასევე პრეზიდენტის ოჯახის წევრები - პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და 46-ე პრეზიდენტის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი.
ტომპსონის თქმით, თეთრი სახლის აპარატის ყოფილი უფროსი რონ კლეინი და ბაიდენის პირადი თანაშემწე ენი ტომასინი ასევე ე.წ. პოლიტბიუროს წევრები იყვნენ, თუმცა არა მუდმივი. „პოლიტბიუროში" ასევე შედიოდა პირველი ლედის - ჯილ ბაიდენის ყოფილი მრჩეველი ენტონი ბერნალი, რომელზეც ადრე „ნიუ იორკ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მან „ტოქსიკური გარემო შექმნა".
ნახსენები პოლიტიკოსებისა და თანამდებობის პირების უმეტესობა ათწლეულების განმავლობაში ჯო ბაიდენთან ახლოს ტრიალებდნენ. წიგნის ავტორების თქმით, „პოლიტბიურომ" მთლიანობაში განსაზღვრა ბაიდენის მმართველობის ტონი და აიძულა მოქმედი პრეზიდენტი ამას დათანხმებოდა.
„ქვეყანას ხუთი ადამიანი მართავდა. სუკეთესო შემთხვევაში, ჯო ბაიდენი საბჭოს უფროსი წევრი იყო", - განუცხადა წიგნის ავტორებს თეთრი სახლის შიდა საქმიანობებში გარკვეულმა წყარომ.
ამავდროულად, აშშ-ში აქტიურად განიხილება საკითხი, ჰქონდათ თუ არა ამ ჯგუფს პრეზიდენტის ავტომატურ ხელმოწერაზე წვდომა. ამა წლის მარტში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ძალადაკარგულია, რადგან მათზე არათუ პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა არ იყო დატანილი, არამედ ჯო ბაიდენს საერთოდ წარმოდგენა არ ჰქონდა ამ დოკუმენტებზე, რადგან დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტოკალმითაა დამოწმებული.
მინისტრთა კაბინეტის მდივანი, რომლის ვინაობასაც ავტორები არ ასახელებენ, ე.წ. პოლიტბიუროზე საუბრობს:
„არასდროს მინახავს სიტუაცია, სადაც ასე ცოტა ადამიანს ამხელა ძალაუფლება აქვთ. მათ დიდი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება შეეძლოთ ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენთან დარეკვის გარეშე", - აღნიშნავს რესპონდენტი.
წიგნში ნათქვამია, რომ „პოლიტბიურო" კატეგორიულად უარყოფდა ჯო ბაიდენის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. მეტიც, მიიჩნევდნენ, რომ 2024 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოება მას მეორე ვადით გამარჯვებას მოუტანდა.
წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ოფიციალური ტიტულების მიუხედავად, „პრაქტიკაში, ბრიუს რიდი იყო საშინაო პოლიტიკის რეალური მრჩეველი, მაიკ დონილონი იყო თეთრი სახლის დე ფაქტო პოლიტიკური დირექტორი, სტივ რიკეტი აკონტროლებდა საკანონმდებლო საკითხებს, ხოლო კლაინი აკონტროლებდა ცოტ-ცოტა ყველაფერს".
საერთაშორისო მედია წერს, რომ წიგნს, რომელსაც „ბომბის ეფექტი" აქვს, სინამდვილეში ტრამპსა და რესპუბლიკელებს კოზირს აძლევს. ამერიკაში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა შესაძლოა მიიღოს უფლება, რომ გააუქმოს თავისი წინამორბედის მიერ გამოცემული შეწყალების ბრძანებულებები, მათ შორის ჯო ბაიდენის ვაჟ ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებით, რომლებზეც ბადენმა „ხელი მოაწერა" პრეზიდენტობის ბოლო დღეებში.
ვინ არიან წიგნში ნახსენები „პოლიტბიუროს" წევრები
მაიკ დონილონი, რომელიც ბაიდენის უფროსი მრჩეველი იყო პრეზიდენტობის დაწყებიდან 2024 წლის იანვრამდე, ყოფილი პრეზიდენტის მაღალი ნდობით სარგებლობდა 1980-იანი წლებიდან. ზოგიერთი გარე დამკვირვებელი, მათ შორის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას გუნდის ყოფილი წევრი დევიდ აქსელროდი, ამბობს, რომ ის „ბაიდენთან ემოციურად იმ დონემდე იყო დაკავშირებული, რომ ვერ შეეძლო სიმართლის მიღება". დონილონი, ყოფილი სოციოლოგი და მედია კონსულტანტია.
„პრეზიდენტი იმდენად აფასებდა მაიკ დონილონის რჩევებს, რომ მისი თანაშემწეები მოგვიანებით ხუმრობდნენ, რომ თუ ის მოისურვებდა, ბაიდენს ომის დაწყებინებდა", - წერენ წიგნის ავტორები.
სტივ რიკეტი ბაიდენის მრჩეველი იყო პრეზიდენტობის მთლიან პერიოდში. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის ბოლო წლებში ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა და ბაიდენის 2020 წლის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ასევე კლინტონის ადმინისტრაციაში ოპერაციების საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ბაიდენის ადმინისტრაციაში რიკეტიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყოფილი პრეზიდენტისთვის რთული საკანონმდებლო ბრძოლების გადალახვაში დახმარებაში. ის ზოგჯერ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავდა.
ბრიუს რიდი ბაიდენის ადმინისტრაციაში პოლიტიკის საკითხებში უფროსის მოადგილე იყო. ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პირველი ნახევრის განმავლობაში, ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მას ბევრი „პოლიტიკურ ფანატიკოსად" მიჩნევდა. ის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იყო, რომელმაც ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ „კატასტროფული დებატებისთვის" მოამზადა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ბაიდენის რეიტინგზე, რის მერეც მან პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა.
რონ კლაინი, ბაიდენის პრეზიდენტობის დროს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გავლენას ახდენდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე 2023 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგაც კი. კლაინი ბაიდენთან 1980-იანი წლებიდან მუშაობს, როდესაც ის სენატორი იყო.
„ბაიდენი განსაკუთრებულ პატივს სცემდა კლაინს, ის დიდი პატივისცემით ეკიდებოდა კლაინის ინტელექტს: „აქ მხოლოდ ერთი ადამიანია, ვინც ჩემზე ჭკვიანია და ეს რონია", - ნათქვამია წიგნში მოყვანილ ყოფილი პრეზიდენტის ციტატაში.
რაც შეეხება 46-ე პრეზიდენტის მეუღლეს, ჯილ ბაიდენს, ის ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. პირველი ლედი ერიდებოდა პოლიტიკაში ჩართვას ყოფილი პრეზიდენტის კარიერის დასაწყისში, მაგრამ მან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბოლო წლებში ბაიდენის ადმინისტრაციაში. ის დაკავებული იყო მედიასთან დაკავშირებული საკითხებით.
რაც შეეხება ჰანტერ ბაიდენს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის მამას მკაცრად აკრიტიკებდა და ზოგიერთმა თანაშემწემ ისიც აღნიშნა, რომ ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბაიდენის რეიტინგის ვარდნაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე