თბილისში ამერიკელი სენატორის, სტივ დეინსის 30 მაისის ვიზიტს საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიული გადატვირთვის დასაწყისად მიიჩნევს. პრემიერმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს შეხვედრა წინა შეხვედრებისგან განსხვავდებოდა და საუბარი იყო ჯანსაღი კუთხით ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია „ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია".
ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ აშშ-სგან უახლოეს მომავალში კონკრეტულ ნაბიჯებს არ ელოდება და აღნიშნავენ, რომ „ოცნება" სენატორთან შეხვედრასაც პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ამასთან, ხაზგასმით ამბობენ, რომ სენატორის ჩამოსვლა და ბიძინა ივანიშვილის აშშ-ის ელჩთან არშემდგარი შეხვედრა დამთხვევა არ და ვერ იქნება.
რაც შეეხება იმას, თუ რა კონკრეტულ ნაბიჯებში შეიძლება გამოიხატოს გადატვირთვის დაწყება, მათი შეფასებით, აშშ-ის მხრიდან ისევ კონკრეტული პრეტენზიები იქნებოდა წამოყენებული და სავარაუდოდ, სწორედ „ოცნებას" მოუწევს პირველი ნაბიჯების გადადგმა იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულადაა განწყობილი ურთიერთობების გადატვირთვისთვის.
ანალიტიკოსების მეორე ნაწილი კი აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვას რეალურად მიიჩნევს და ელოდება, რომ თუ ეს პროცესი დაიწყო, პირველი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან ეკონომიკური ხასიათის იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სენატორის ჩამოსვლამდე, 3 დღით ადრე საქართველოში აშშ-ს საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ „ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამას მოყვა თავად ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, სადაც იგი შეხვედრაზე თავისი უარის მიზეზებზე საუბრობს.
შეხვედრები და განცხადებები
პრემიერმა ირაკლი კობახიძე შაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრისას საუბარი იყო ჯანსაღ „კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაზე". პრემიერმა აქვე ოპოზიციაც გააკრიტიკა.
„ოპოზიცია ღიმილის მომგვრელ მდგომარეობაშია, არ ვიცი, ტყუილი რაში სჭირდებოდათ. თავად იცოდნენ, რომ სენატორს შეხვედრა ხელისუფლებასთანაც ჰქონდა დაგეგმილი. შეხვედრა თავისი არსით განსხვავდებოდა იმ შეხვედრებისგან, რომლებიც ჩვენ გვახსოვს წარსულიდან. საუბარი იყო აბსოლუტურად ჯანსაღ კუთხით ურთიერთობების გადატვირთვაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულიად ღიაა კონსულტაციებისთვის. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება გვსურს კონკრეტული გზამკვლევით. ამაზე მკაფიო შეთავაზება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელია გაკეთდეს."
საინტერესო იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის მიერ 29 მაისს „პირველ არხთან" ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადებაც. მისი თინფორმაციით, აშშ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაიწყოს გადატვირთვის პოლიტიკა:
„მქონდა უკვე კონტაქტი პრემიერთან. მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დავიწყოთ ურთიერთობა, რათა მოხდეს გადატვირთვის პროცესის დაწყება. სენატორის ეს შეხვედრა ამას ემსახურებოდა, რომ განვითარდეს ეს ურთიერთობები," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ კობახიძესთან შეხვედრამდე, სენატორი დეინსი მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესაუბრა. ზურაბიშვილის ცნობით, იგი „წინააღმდეგობის პლატფორმის" სახელით შეხვდა ამერიკელ სენატორს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა:
„დღეს მე „პლატფორმის" სახელით შევხვდი სენატორ დეინსს. ამერიკელი სენატორი რესპუბლიკელია, კავკასიაშია ჩამოსული. ჯერ იყო ბაქოში, მერე მიდიოდა ერევანში და ასევე აქ, თბილისში, სადაც ჩვენ შეგვხვდა - მხოლოდ ოპოზიციას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მან მოისმინა არა მხოლოდ აქაური შიდა საკითხები და კანონების დარღვევის მთელი რიგი, რაც წარვუდგინეთ, არამედ ასევე სტრატეგიული გამოწვევა, რაც ამერიკისთვის ამ რეგიონსა და საქართველოში არსებობს და რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რა იქნება პირველი ნაბიჯი
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, კობახიძისა და სენატორ დეინსის შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან, სავარაუდოდ, გამოთქმული იქნებოდა გარკვეული პრეტენზიები, რომელთა გადასახედადაც, მისივე თქმით, „ოცნებამ" ალბათ მინიმუმ ერთი თვე ითხოვა:
„ჩემთვის მოულოდნელი არ არის პრემიერის ეს განცხადება, რადგან ნებისმიერი შეხვედრა, მაკრონთან 15-წამიანი შეხვედრაც კი, „ოცნებამ" წარმოაჩინა, როგორც დიდი მოლაპარაკება. ასე რომ, სენატორთან მართლა შედგა ეს შეხვედრა. თუმცა დარწმუნებული ვარ, შეხვედრაზე აშშ-ის მხრიდან წამოიჭრებოდა ისეთი პრეტენზიები, რაც უნდოდათ ივანიშვილისთვის გადაეცათ. თუმცა ივანიშვილმა ამ თემებზე საუბარი არ ისურვა.
„თუ მართლა გადატვირთვა იწყება, ის პირველ რიგში უნდა დაიწყოს იმით, რომ აი, ეს სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ - ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ საარჩევნო კოდექსში გატარდეს რეალური ცვლილებები, რათა გაყალბება ვერ მოხდეს.
„დარწმუნებული ვარ, „ოცნება" არც ერთს გააკეთებს და არც მეორეს. ისინი მოიქცევიან როგორც მათი იდეოლოგიური ორიენტირი პუტინი - შეეცდებიან გაწელონ დრო. არჩევნებამდე რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას არ ველოდები", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
კითხვაზე, რა ნაბიჯებს ელოდება აშშ-სგან უახლოეს მომავალში, გადატვირთვის პოლიტიკის კონტექსტში, ძაბირაძე პასუხობს, რომ იქნებიან მხოლოდ მოთხოვნები, ვიდრე „ოცნება" რაიმე კონკრეტულ ნაბიჯს არ გადადგამს:
„ამერიკიდან ნაბიჯები არა, მოთხოვნები იქნებოდა და იქნება - თუ რას უნდა აკეთებდეს „ოცნება", რომ დიალოგის ფორმატს დაუბრუნდეს. თუმცა ეს დროის ფაქტორია. ალბათ, ეს იყო „ოცნების" მხრიდან პირობა - რომ გაეწელათ დრო; თქვეს - შევისწავლით ამ პრეტენზიებსო. ერთი თვე ყველაფერი გაჩერებული იქნება. „ოცნება" ამ თამაშს თამაშობს. ასე რომ, უახლოეს მომავალში არაფერს არ ველოდები არც აშშ-სგან და მით უმეტეს, არც „ოცნებისგან"."
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი და ამბობს, რომ ამერიკელების მხრიდან ურთიერთობის გადატვირთვის შემთხვევაში პირველი ნაბიჯი ეკონომიკური იქნება:
„ამერიკელებისთვის, მათ შორის სენატორებისა და კონგრესის წევრებისთვის, ძალიან მარტივია შეცდომების გამოსწორება - საკმარისია უარი თქვან იმ ცილისწამებაზე, რაც საქართველოში ხელისუფლების მიმართ ხორციელდებოდა. ამიტომაც ვარ იმედიანად. მდგომარეობა არ არის კატასტროფული, როგორც ზოგი ამბობს, თითქოს კონგრესი ან სენატორი რაღაცას ამბობს და ხელოვნურად ამძიმებენ სიტუაციას - ეს პროვინციალიზმის დემონსტრირებაა.
„ამერიკის მხრიდან თუ გადატვირთვა დაიწყება, პირველი ნაბიჯები ეკონომიკური იქნება. საქართველოში არ არსებობს ანტიამერიკული განწყობა. მართალია, ბაიდენის ადმინისტრაციისგან იყო კრიტიკა, მაგრამ ტრამპისგან მხარდაჭერა გამორჩეულად იყო. გაკეთდა მრავალი განცხადება, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი სწორად აღიქმება და დაიწყება ახალი, განსხვავებული ურთიერთობა," - განაცხადა მამრაძემ.
ივანიშვილისა და ელჩის არშემდგარი შეხვედრა
ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის შეხვედრის გაუქმების შემდეგ სენატორის ჩამოსვლა უბრალოდ დროში დამთხვევა არ ყოფილა და ეს იყო ამერიკელების პასუხი:
„არ დაემთხვა - რადგან ივანიშვილი ელჩს არ შეხვდა, ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი შეხვედროდა პრემიერს, რომელიც კავკასიაში ვიზიტით იმყოფებოდა. არა ელჩის დონეზე, არამედ უფრო მაღალ დონეზე.
„ამ ვიზიტის მნიშვნელობა ახლა „ოცნებისთვის" პროპაგანდის საშუალება გახდება. ახლა დაიწყება საუბარი, რომ ამერიკასთან ვალაგებთ ურთიერთობებს, თუმცა არაფერი გაკეთდება, როგორც ვთქვი, არჩევნებამდე.
„არჩევნების მერე საკითხავია, როგორი იქნება ვითარება - არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც. ბევრი კომპლექსური საკითხია და ასე ცალსახად არ განიხილება ქართულ-ამერიკული ურთიერთობა", - აცხადებს ძაბირაძე.
პეტრე მამრაძის აზრით კი, აშშ-ის ელჩთან არშემდგარი შეხვედრა და რამდენიმე დღეში ამერიკელი სენატორის სტუმრობა თბილისში უბრალოდ დამთხვევაა.
„ეს ყველაფერი დროში დამთხვევაა, რადგან ჯერ არ არის კოორდინირებული, კარგად დაგეგმილი ნაბიჯები საქართველოს მიმართ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ ჩაფიქრებული იყო.
„ივანიშვილის უარი ელჩთან შეხვედრაზე კი სკანდალურია ამერიკის ისტებლიშმენტისთვის. რას ნიშნავს, როცა გეპატიჟებიან შეხვედრაზე პრემიერთან და შენ ამბობ, რომ მხოლოდ საპატიო თავმჯდომარეს შეხვდები? ვიცი, რა ხდება. აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც სთხოვდა ივანიშვილს, რომ დაბრუნებულიყო პრემიერად, რადგან მართავს ქვეყანას, თუმცა თავად არაერთხელ თქვა, რომ „არ ვმართავ". მართვა და კონტროლი ძალიან განსხვავებული რამ არის," - განაცხადა მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე