მარიამ ვეკუა
(31.05.2025)

ილონ მასკმა 130-დღიანი მანდატი შეასრულა - ტრამპის ადმინისტრაციაში მისი მოკლე, მაგრამ ხმაურიანი მოღვაწეობა ოფიციალურად დასრულდა. ოვალურ კაბინეტში 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოფიციალური გადადგომის მიუხედავად, ილონ მასკი არაოფიციალურ მრჩევლად მაინც დარჩა. მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა მასკის ჩალურჯებული თვალი, რასაც მან შვილთან თამაშის დროს მიღებული დაზიანება უწოდა.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელში ოფიციალური წერილი 28 მაისს გამოაქვეყნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში თავის თანამდებობას ტოვებს. მასკის გათავისუფლება თეთრმა სახლმა ოთხშაბათს საღამოსაც დაადასტურა.

„რადგან ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის ვადა იწურება, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ფლანგვითი ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის.

„მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მისია დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება, რადგან ის მთელი მთავრობის ცხოვრების წესად იქცევა", - განაცხადა მასკმა.

ოვალურ კაბინეტში 30 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა მასკი შეაქო და აღნიშნა, რომ მან „თაობების განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი და შედეგიანი სამთავრობო რეფორმების პროგრამის წარმართვაში დაუღალავი დახმარება გასწია".

პრეზიდენტის შეფასებით, ფედერალური თანამდებობის პირების აზროვნება შეიცვალა ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ თაღლითობის გამოვლენისა და „ფლანგვის შემცირების" მუშაობის შედეგად და დასძინა, რომ ოფიციალური გადადგომის მიუხედავად, მასკი არაოფიციალურ მრჩევლად რჩება.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა მასკს ხის ყუთში ჩადებული დიდი ოქროს გასაღები აჩუქა და აღნიშნა, რომ ასეთ საჩუქარს, ქვეყნის სახელით მადლობის ნიშნად მხოლოდ „განსაკუთრებულ ადამიანებს" აძლევს.

ადამიანის წასვლა, რომელმაც ოდესღაც თავი ტრამპის „პირველ მეგობარს" უწოდებდა, სწრაფი და არაცერემონიული იყო. მასკს ტრამპთან ოფიციალური საუბარი არ ჰქონია, სანამ ადმინისტრაციის დატოვებას გამოაცხადებდა - წერენ გამოცემები.

როგორც მასკმა, ასევე ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ „ეფექტიანობის სამსახურის" ძალისხმევა ფედერალური მთავრობის რესტრუქტურიზაციისა და შემცირების მიმართულებით გაგრძელდება.

უთანხმოების მიზეზები

მასკი მთელი კვირის განმავლობაში ვაშინგტონიდან წასვლისა და ბიზნესში დაბრუნების ვალდებულების შესახებ მინიშნებებს აკეთებდა.

გავლენიანი გამოცემები წერენ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც მასკი ტრამპს არ დაეთანხმა, ახალი ბიუჯეტის პროექტი იყო. მან გააკრიტიკა პრეზიდენტის მიერ შემუშავებული საგადასახადო კანონპროექტი და მას „ძალიან ძვირი" უწოდა, რაც ხელს შეუშლიდა მის მუშაობას მთავრობა უფრო ეფექტური გაეხადა.

„ფედერალური ბიუროკრატიის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე მეგონა. დილემის წინაშე ვარ - თან არ მინდა ტრამპის ადმინისტრაცია საჯაროდ ვაკრიტიკო, რადგან მის გადაწყვეტილებებს ყველაფერში არ ვეთანხმები, და თან არ მინდა, რომ ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ავიღო, რადგან ეს გადაწყვეტილებები მე არ მიმიღია და ზოგიერთს არც ვეთანხმები", - განუცხადა მასკმა სამშაბათს „ვაშინგტონ პოსტს".

„ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, მასკმა ცოტა ხნის წინ გამოხატა იმედგაცრუება თეთრი სახლის წარმომადგენლებთან აბუ დაბისა და OpenAI-ს შორის გარიგების გამოც, რომელიც მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანიის კონკურენტია. „უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, მასკმა ადრეც სცადა გარიგების ჩაშლა, თუ მისი კომპანია მასში ჩართული არ იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ მასკს პირადი უთანხმოება ჰქონდა კაბინეტში თანამდებობის პირებთან და ზოგიერთ მათგანს ღიად აკრიტიკებდა კიდეც.

რაც შეეხება პრესკონფერენციაზე მასკის ჩალურჯებულ თვალს, „მე საფრანგეთთან ახლოს არ ვყოფილვარ", - ასე ხუმრობით უპასუხა მასკმა ამაზე დასმულ კითხვას და ამით ხაზი გაუსვა საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ვიდეოკადრებს, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მისივე თქმით, ეს ტრავმა მან თავის 5 წლის ვაჟთან თამაშის დროს მიიღო.

მისია შესრულებულია?

„როიტერის" თანახმად, ტრამპმა და ეფექტიანობის დეპარტამენტმა მოახერხეს 2.3 მილიონიანი ფედერალური სამოქალაქო სამუშაო ძალის თითქმის 12%-ის, ანუ 260 000 თანამშრომლით შემცირება, ძირითადად სამსახურიდან გათავისუფლებისა და ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის გზით.

მასკის პოლიტიკურმა საქმიანობამ პროტესტიც გამოიწვია და ზოგიერთმა ინვესტორმა მასკს მოუწოდა, დაეტოვებინა ტრამპის მრჩევლის თანამდებობა და უფრო მეტი ყურადღება თავისი კომპანიების - „ტესლასა" და „სფეის იქსის" მართვაზე გაემახვილებინა.

გასულ წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისა და სხვა რესპუბლიკელების მხარდასაჭერად თითქმის 300 მილიონი დოლარის დახარჯვის შემდეგ, მასკმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებდა პოლიტიკურ ხარჯებს.

„ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთე", - თქვა მასკმა ყატარში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.

მიუხედავად იმისა, რომ მასკმა წელს ტრამპის მრჩევლებს განუცხადა, რომ 2026 წლის შუალედური არჩევნების წინ პრეზიდენტის გუნდის მიერ კონტროლირებად ჯგუფებს 100 მილიონ დოლარს გადასცემდა, „ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, ამ კვირის მდგომარეობით თანხა ჯერ არ შემოსულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე