ნატალია ჯვარიძე
(31.05.2025)

ამერიკული „ფარას" ქართული ანალოგი, როგორც მას ხელისუფლება უწოდებს, 30 მაისიდან უკვე ძალაში შევიდა. კანონი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ეხება, ხოლო მისი დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების 5 წლით აღკვეთით. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ გამორიცხული არაა, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ნაწილმა ფუნქციონირება შეწყვიტოს და ასევე, ახალი „ენჯეოები" შეიქმნას.

„რა თქმა უნდა, ეს საქართველოში დემოკრატიაზე დიდი დარტყმა იქნება, რადგან, ფაქტობრივად, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქმიანობას შეწყვეტს. გამორიცხული არც ისაა, რომ „ოცნებამ" ახალი „ენჯეოები" შექმნას", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც არ გამორიცხავს, რომ არასამთავრობოების ნაწილმა უარი თქვას რეგისტრაციაზე:

„ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ჩანან, სავარაუდოდ, არ დარეგისტრირდებიან. თან რამდენიმე „ენჯეომ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა".

კანონი, რომელიც ეხება არასამთავრობო და მედიაორგანოზაციებს, „ოცნების" შეფასებით, ამერიკული „ფარას" ქართული ანალოგია.

კანონს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს თან. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" დარღვევა, გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „ფარა" ზუსტად მათ საქმიანობას უპირისპირდება, რაც შემდგომში დააზარალებს მოსახლეობას - „დაუცველად დატოვებენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და ქალებს, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს". მათი თქმით, „ფარა" ე.წ. რუსული კანონის „გადაფუთული ვერსიაა".

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „ფარა"-ს კანონში არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე და პირიქით, „ეს კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში".

რა შეიცვლება კანონის ამოქმედებით

ნიკა ჩიტაძე კანონის ამოქმედების შემდეგ რამდენიმე მოსალოდნელ შედეგს ასახელებს და არ გამორიცხავს, რომ ახალი არასამთავრობო ორაგანიზაციები გაჩნდეს.

„რა თქმა უნდა, ეს საქართველოში დემოკრატიაზე დიდი დარტყმა იქნება, რადგან, ფაქტობრივად, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქმიანობას შეწყვეტს. ვიღაცამ შეიძლება თავისი რეგისტრაცია გააუქმოს, მაგრამ ფაქტია, ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად. აქედან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ ორგანიზაცია გაუქმდეს.

„მეორე ვარიანტი არის ის, რომ შესაძლოა ორგანიზაციების გარკვეული ნაწილი „ოცნებასთან" გარიგებაზე წავიდეს და დარეგისტრირდეს, რადგან შემდეგ გრანტი მიიღოს. თუმცაღა გრანტის მიღებასაც წინაღობა ექნება, რადგან ამისთვის მთავრობის ნებაა საჭირო.

„მესამე ვარიანტი არ არის ის, რომ შესაძლოა კონკრეტული ორგანიზაცია რეესტრში არ გატარდეს და საქმიანობა გააგრძელოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დონორი ორგანიზაცია ალბათ თავს შეიკავებს, რომ გრანტი გასცეს და მეორე მხრივ, აღნიშნულ ორგანიზაციას შეიძლება საფრთხე შეექმნას, მათ წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

„ამასთან, ამის პარალელურად შესაძლოა ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები გაჩნდეს, რადგან, მე ასე მგონია, ხელისუფლება აპირებს არასამთავრობო სექტორის კონტროლს. თან, როგორც ვიცით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებოდნენ. ამიტომ გამორიხული არა არის თავიანთ მომხრეებს შეაქმნევინონ არასამთავრობო ორგანიზაციები და მათზე გასცენ გრანტები. ოღონდ ეს მათი საქმიანობა უნდა მოხმარდეს დე ფაქტო ხელისუფლების საქმიანობის აგიტაცია-პროპაგანდას. დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ხანდახან სახელმწიფო უწყებები არასამთავრობოებზე გრანტებს გასცემენ, ოღონდ ამ შემთხვევაში იმისათვის, რომ მათ მონიტორინგი გაუწიონ.

„სამწუხაროდ ეს ყველაფერი საზოგადოების დიდი ნაწილის ბრალია და მათი დამსახურებაა, რომ სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანი მართავს, თუ შეიძლება ამას მართვა ვუწოდოთ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძის ეეჭვება პოლიტიკის კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს.

„არ მგონია პოლიტიკის კუთხით რამე ისეთი შეიცვალოს. თუ საერთოდ პოლიტიკაზეა ლაპარაკი, შეიცვლება ხელისუფლების პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოეპყრას იმ ორგანიზაციებს და პირებს, რომლებიც ექვემდებარებიან ამ „ფარას" კანონს. გათვალისწინებულია შესაბამისი საკანონმდებლო ზომები მათ მიმართ, ვინც არ დარეგისტრირდება და კანონს არ დაემორჩილება.

„რამდენი იქნება ამათი რიცხვი, ცოტა არ იყოს ამის თქმა მიჭირს, რადგან შეიძლება ვიღაც დარეგისტრირდეს. ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურად ჩანან, სავარაუდოდ, არ დარეგისტრირდებიან. თან რამდენიმე „ენჯეომ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და ითხოვნენ, რომ სანამ ეს დავა არ დასრულდება, კანონი შეჩერდეს, მაგრამ რამდენად გაითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლო, ვნახავთ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე