ნატალია ჯვარიძე
(30.05.2025)

რუსეთი  მოკავშირე სერბეთს ღალატში ადანაშაულებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო. როგორც ირკვევა, სერბეთი ჯერ კიდევ 2023 წლიდან ახორციელებსა იარაღის მიწოდებას, მაგრამ ეს საკითხი მოსკოვმა ახლა წამოჭრა. საგარეო ექსპერტი, გიორგი კობერიძე ამას რამდენიმე მიზეზს უკავშირებს და ამბობს, რომ „სერბეთი ორ სკამდე ჯდომას ცდილობს".

„რუსეთმა კარგად იცოდა, რომ სერბეთი უკრაინას უარაღს აწვდიდა, თუმცა ეს თემა ახლა წამოჭრა, ვინაიდან ცდილობს პოზიციების მაქსიმალურად გამყარებას, სერბეთი კი ორ სკამზე დაჯდომას", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

რუსეთმა დაადანაშაულა სერბეთი უკრაინაში იარაღის ექსპორტში და თქვა, რომ ეს მისი დიდი ხნის მოკავშირის ზურგში დარტყმაა.

„სერბეთის თავდაცვის საწარმოები, ოფიციალური ბელგრადის მიერ გამოცხადებული „ნეიტრალიტეტის" საწინააღმდეგოდ, აგრძელებენ საბრძოლო მასალის მიწოდებას კიევისთვის", - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის, SVR-ის განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სერბული იარაღის უკრაინაში ექსპორტი ნატოს შუამავლების, უპირველეს ყოვლისა ჩეხეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის მეშვეობით ხდება.

უკრაინაში ძირითადად საბჭოთა ეპოქის შესაბამისი სერბული საბრძოლო მასალა შედის. ეს რუსებისთვის დიდი ხანია ცნობილია - 2023 წლიდან, მაგრამ უცნობია, რატომ გადაწყვიტა რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახურმა ახლა რეაგირება.

მარტში სერბეთმა უარყო იარაღის ექსპორტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მოითხოვა გაერკვია, მიაწოდა თუ არა ათასობით რაკეტა უკრაინას.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (ე.წ. ეს-ვე-ერი) განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღის გაყიდვები ხორციელდება „მარტივი სქემით, ყალბი საბოლოო მომხმარებლის სერთიფიკატებისა და შუამავალი ქვეყნების გამოყენებით", რომელიც ემსახურება „ანტირუსული ქმედებების საფარს".

გიორგი კობერიძის განცხადებით, დიდი ხანია სერბეთზე როგორც დასავლეთისგან ისე რუსეთისგან ზეწოლა მიმდინარეობს.

„სერბეთი რაღაც მასობრივ იარაღს უკრაინას არ აწვდიდა, აქ საუბარია ჭურვებზე, რომელსაც დიდი ხანია აძლევს. პრინციპში, რუსეთისთვის ეს ნამდვილად უცნობი არ ყოფილა, თუმცა თემა ახლა წამოჭრა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს პოზიციების მაქსიმალურად გამყარებას იმ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომლებიც მოაზრებული ჰყავს თავისად. სწორედ ამას უსვამს ხაზს, რადგან ცნობილია, რომ როდესაც ვუჩიჩის საკითხი დაკავშირებული იყო 9 მაისთან, ანუ რა პოზიცია ექნებოდა, ჩავიდოდა თუ არა მოსკოვში, ეს ყველაფერი ამის ერთგვარი გაგრძელებაა, რადგან რუსეთი ცდილობს სერბეთი არ დაკარგოს.

"ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის ამბავიც, რომ სერბეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციებში რუსეთი ცდილობდა ერთგვარი როლი ეთამაშა, რომლითაც ერთის მხრივ, ვუჩიჩის ხელს უწვდიდა, მაგრამ მეორეს მხრივ, აფრთხილებდა. დიდი ხანია სერბეთზე მიმდინარეობს ზეწოლა კონტროლის მოსაპოვებლად და ამ ზეწოლის ერთგვარ გამოხატულების გაგრძელებას ვხედავთ ბოლო კომენტარების სახით. სერბეთი ცდილობს ორ სკამზე ჯდომას, რის შეწყვეტასაც რუსეთი თხოვს", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე