საქართველოს საკითხი ნატო-ს გაფართოების სადავო დღის წესრიგში დაბრუნდა - ტრამპის მრჩეველი პუტინთან გარიგებაზე საუბრობს, სადაც საქართველოსა და მოლდოვის მომავალიც განიხილება. ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსთვის სკამის გამოყოფაზე აკეთებს აქცენტს, „ოცნება" ამბობს, რომ „დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან დალაგდებიან", დასავლელი ლიდერები კი კრემლთან კომპრომისის პოლიტიკას ფატალურ შეცდომად განიხილავენ.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ თუკი შეერთებული შტატები გადაწყვეტს, რომ დაბლოკოს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი, ეს ხელშეკრულების დარღვევა იქნება, ამიტომ გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იყოს მიღებული.
„საქმე იმაშია, რომ უკრაინაში ომის დასრულება ითვლება პრიორიტეტად და შეერთებული შტატები ამას უყურებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს. არაერთხელ განაცხადეს ვაშინგტონში შტატებმა, რომ არ არიან წინააღმდეგები გარკვეული გარანტიების მიცემის - ამაზე ევროპელებს არაფერი უთქვამთ, თუმცა გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა იყოს მიღებული.
"ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ არც ერთ ქვეყანას არ უნდა შეეძლოს გაფართოებაში ხელის შეშლა. ამიტომ, მარტო შეერთებული შტატები თუ გადაწყვეტს, რომ აი, მე დავბლოკავ ნებისმიერ გაფართოებას აღმოსავლეთით - ეს იქნება ვაშინგტონის შეთანხმების დარღვევა. ნატოს წევრი ქვეყნები უნდა შეთანხმდნენ, და არის დიდი შანსი, რომ შეთანხმდნენ, რომ ეს ქვეყნები არ შევლენ ნატოში ახლო მომავალში. მაგრამ აქვე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი - უკრაინა ინტენსიურად მუშაობს უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენ კი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ვრჩებით. ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებაც შეჩერებულია. ამიტომ ევროკავშირის ქოლგის ქვეშაც არ ვხვდებით. ეს არის დამაფიქრებელი და ამაზე ვიღაცამ უნდა ისაუბროს," - განაცხადა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, რა პროცესების განვითარებას ელის საქართველოს გარშემო, ის პასუხობს, რომ საქართველოს ამის შესახებ არაფერს ჰკითხავენ. აღნიშნავს, რომ გააგრძელებს თუ არა ნატო საქართველოსთვის 2008 წელს მიცემულ პირობას გაწევრიანების შესახებ - სწორედ ეს არის მთავარი საკითხი.
„საქართველოს ამას არ ეკითხებიან. უკრაინა იმიტომაა ჩართული, რომ ის რუსეთთან ომობს. რაც შეეხება საქართველოს - ის არ არის ნატოს წევრი და არც საქართველოს მიმართ არის რაიმე ხელშეკრულება დადებული. უბრალოდ ცალმხრივად არის აღიარებული, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამიტომ მოლაპარაკების მაგიდასთან არავინ დაგვსვამს - მოილაპარაკებს შეერთებული შტატები რუსეთთან და, რა თქმა უნდა, ნატოს წევრების თანხმობით, და ისინი ცალმხრივად გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა იმ დაპირებას, რაც 2008 წელს იყო მიცემული საქართველოს მიმართ. აქ ამაზეა საუბარი."
გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ ნატო რუსეთს გარანტიებს არ მისცემს და ეს საკითხიც „ჰაერში დაიგუბება".
„ამ პირობების გარდა, რუსები კიდევ ისეთი პირობების წაყენებას აპირებენ, რაზეც არანაირი შეთანხმება არ მოხდება. ამიტომ მე ეჭვი მეპარება, რომ ნატოს პირობებზე მოხდეს რამე შეთანხმება - ჯერჯერობით პირი არ უჩანს ასეთ შესაძლებლობას. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ნატოს საკითხი ჰაერში დაიგუბება და არანაირ გარანტიებს რუსეთი ვერ მიიღებს."
„ოცნების" და ოპოზიციის პრიზმით დანახული
უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ დიდი ქვეყნები ერთმანეთთან თვითონ დალაგდებიან
„ცხადია, დიდი ქვეყნები ერთმანეთთან დალაგდებიან, მოილაპარაკებენ, ჩვენ, პატარა ქვეყნებმა არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნები გამოყენებული იყოს სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, „-განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
„ოცნების" წევრი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ ნატოს წევრების გადაწყვეტილებაზე საქართველო გავლენას ვერ მოახდენს.
„ჩვენთვის მთავარია, უსაფრთხოება გვქონდეს. ნატო-ს წევრების გადაწყვეტილებებზე ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ. ვფიქრობთ, რომ ნატო-ს წევრობა არის უსაფრთხოების გარანტია, თუ რამე ალტერნატივა არსებობს. ...ამ თემიდან კიდევ ერთი დასკვნაა გასაკეთებელი, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასაც კი, თავისი ამ უბედურებით, რაც გამოიარა, არ გააჩნია რესურსი, გავლენა მოახდინოს გარკვეულ გადაწყვეტილებებზე, როდესაც ასეთი პროცესი მიდის მსოფლიოში."-განაცხადა ვოლსკიმ.
ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ ოპოზიციაში, იმედოვნებენ, რომ ტრამპის პოზიცია შეიცვლება, ამბობენ, რომ ერთია რას იძახის ტრამპი და მეორე რა აწყობს საქართველოს.
„ტრამპი ახალს არაფერს იძახის, მაგრამ ერთია, ტრამპი რას იძახის და მეორეა, ჩვენ რა გვაწყობს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადების კომენტირებისას თქვა.
ენმ-ს წევრი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ამ საკითხში მთავარია ქართული მხარე რას ფიქრობს და მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც იქნება რუსეთი აშშ და მოლოდვა სკამი საქართველოსთვისაც უნდა იყოს გამოყოფილი.
„...გვჭირდება სასწრაფოდ ხელისუფლების ცვლილება, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ტერიტორიული მთლიანობის და უსაფრთხოების საკითხი ისევ დაბრუნდეს მსოფლიოს დღის წესრიგში. ნებისმიერ ასეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც იქნება რუსეთი, უკრაინა, აშშ და მოლდოვა, საქართველოსთვისაც იყოს დამატებითი სკამი გამოყოფილი, სადაც ქვეყანას ეყოლება ნორმალური წარმომადგენელი და არა - ირაკლი კობახიძე."-განაცხადა სანიკიძემ.
რა თქვა კელოგმა
„ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე," - ამის შესახებ უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ეი -ბი-სი" -სთან ინტერვიუში განაცხადა.
მანვე დაადასტურა, რომ ტრამპი მზადაა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუმცა ერთი პირობით, თუ ეს უკრაინაში ომს დაასრულებს.
„ვფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია", - განაცხადა კიტ კელოგმა ინტერვიუში.
„არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია, დავასახელო ნატო-ს კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებისთვის კი საჭიროა ყველა, 32 ქვეყნის თანხმობა", - აღნიშნა კელოგმა.
საერთაშორისო გამოხმაურება
დასავლელი ლიდერების ნაწილი ღიად საუბრობს რუსეთთნ უკომპრომისო პოლიტიკის გატარებაზე, ამბობენ, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერება „სიკვდილის ტოლფასია".
„მოდით, განვიხილოთ, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შიდა დაპირისპირება რომ არ მომხდარიყო და საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიენიჭებინათ. მხოლოდ ნატო-ს წევრებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება ნატოს გაფართოების შესახებ", - აცხადებს მარკო მიხელსონი.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. იქ, სადაც რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესაზღვრება, ომი არ არ არის, სხვა რეგიონებში კი მიმდინარეობს", - წერს ლიპავსკი სოციალურ ქსელშ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე