მარიამ ვეკუა
(29.05.2025)

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის ნიკა მელიას ბოიკოტი გრძელდება - პროკურორების არყოფნის გამო 29 მაისის სასამართლო სხდომა გადაიდო, თუმცა თავად ბრალდებული არც ხვალ, 30 მაისს, გეგმავს გამოცხადებას. ადვოკატები მელიას შესაძლო დაპატიმრებაზე მსჯელობენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კანონთან ასე თამაშს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი ექნება და პოლიტიკოსს „უცხოელებისგან გათამამებულ ბავშვად" მოიხსენიებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 30 მაისს, 14:00 საათისთვის გადაიდო.

 სხდომის გადადების მიზეზად მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურორების პროცესზე გამოუცხადებლობა დაასახელა. მელიას ადვოკატის თქმით, კი დიდი ალბათობით, პროკურატურა ხვალ ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა უნდა მომხდარიყო, ხოლო სადავო საქმე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა მელიას გამოუცხადებლობას ეხება, რის გამოც სასამართლომ მას 50 000-ლარიანი გირაო დააკისრა, თუმცა მელიას პასუხი გირაოს გადახდაზე კატეგორიული „არაა".

აღსანიშნავია, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით, რომ პროცესი ხვალ, 30 მაისს, არ ჩაენიშნა, რადგან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას სასამართლოში სხვა პროცესები აქვს დაგეგმილი. თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ გაითვალისწინა და მელიას ბრალდების საქმეზე სხდომა 30 მაისს, 14:00 საათზე ჩანიშნა.

მელიას ადვოკატი ამბობს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული.

„ხელის გულზე დევს ყველაფერი. ჩემი მოლოდინი გამართლდა, ვინაიდან ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს, ღამის 12 საათზე გადიოდა. პროკურატურას არ ექნებოდა შესაძლებლობა დღევანდელ პროცესზე მისი დაკავება მოეთხოვა. როგორც ჩანს, ეს იყო შეთანხმებული სასამართლოსთან.

როდესაც მე, ადვოკატმა, მოვითხოვე, რომ ხვალ მთელი დღე დაგეგმილი მაქვს, სხვა სასამართლო პროცესები და სხვადასხვა კლიენტებთან მიმართებით აქტივობები მაქვს-მეთქი, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის თხოვნა. დიდი ალბათობით, ხვალ პროკურატურა პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს და, დრო რომ არ დაეკარგათ, ეს ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული იყო მოსამართლესთან. ვწუხვარ, ხელის გულზე დევს, რომ სასამართლო გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

რას ამბობს მელია და რას - „ოცნება"

ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სხდომაზე მისვლას არც ხვალ აპირებს.

„დღევანდელ პროცესზე არც პროკურორები მივიდნენ. „მოსამართლემ" შემდეგი სხდომა ხვალ, 14:00 საათზე ჩანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატმა მისი სხვა პროცესების გამო ორშაბათისთვის ითხოვა გადატანა - არც ხვალ მივალ", - წერს მელია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ნიკა მელიას „უცხოელებისგან გათამამებულ ბავშვს" უწოდებს და მიმართავს უცხოელ ელჩებს, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდისკენ მოუწოდონ.

„ნიკა მელია იქცევა, როგორც უცხოელებისგან გათამამებული ბავშვი - მინდა უცხოელ ელჩებსა და პოლიტიკოსებს მივმართო: ან მელიას უთხრან, რომ გირაო გადაიხადოს, ან შემდეგ წუწუნს თავი დაანებონ, თუ გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს!" - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის შეფასებით, სიტუაცია იდენტურია იმასთან, რაც ოთხი წლის წინ - 2021 წელს იყო. მისი თქმით, „მაშინ ზოგიერთმა ელჩმა ქვეყანა ყალბი და ცრუ საბაბით აჯანჯღარა".

„წინა ჯერზე მელიამ თქვა: - არც გირაოს გადავიხდი და ვერც დამიჭერთო. მის ამ ქცევას რამდენიმე უცხოელი უჭერდა მხარს. მათ შორის, ლიეტუვის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამაგრებულ ალამუტში პირადად მივიდა, რათა ეთქვა, რომ მაგრად დამდგარიყო, სახელმწიფო არ ეღიარებინა და გვერდში დაუდგებოდა. შემდეგ დავინახეთ, როგორ გამოადგა ლიეტუვის ელჩი - ის საპატიმრო დაწესებულებაში მიაბრძანეს.

თუმცა ასევე ვნახეთ, რომ ამის გამო სამი წელი ლიეტუვისა და სხვა ქვეყნის ხელისუფლებები საქართველოს რეპუტაციას ულახავდნენ და აბრალებდნენ, თითქოს მაშინ ნიკა მელიას დაკავება პოლიტიკური დევნა იყო.

სამი წლის თავზე ლიეტუვისა და სხვა ხელისუფლებებს სტრასბურგის სასამართლომ ფურცელი ააფარა და უთხრა, რომ ისინი სახელმწიფოს, ერს და ხალხს ცილს სწამებდნენ. ამის მიუხედავად, ფურცელს დახედეს და გაიარეს - არც ერთმა ხელისუფლებამ, ვინც მაშინ ცილს გვწამებდა, ბოდიშიც არ მოიხადა. მაშინ იყვნენ ევროკავშირის, ბრიტანეთის ელჩები და სხვები", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა კი ჟურნალისტებთან განაცხადა:

„რა პოლიტიკური მოტივი აქვს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უკვე არასერიოზულად გამოიყურება, როდესაც კანონს ასე ეთამაშება და ჰგონია, რომ ეს მას პოლიტიკურ ქულებს მატებს. არაფერს არ მატებს და პასუხსაც კანონის შესაბამისად აგებს", - განაცხადა შარმანაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე