კრემლი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ისევ საუბრობს, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ "ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება" და არ გამორიცხა, რომ საქართველოს რუსეთს-შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს.
კარასინი იმასაც ამბობს, რომ ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა "მნიშვნელოვნად მომწიფდა".
"პოლიტიკური ნაბიჯი, რაც ურთიერთიბის უმაღლეს დონეზე მოწესიგებას გულისხმობს, საქართველოს მხრიდან არ იდგმება და უკვე დიდი ხანია საქართველო მარტივ ფორმულას ამბობს, რომ რუსულმა მხარემ მინიმუმ ის მდგომარეობა უნდა დააბრუნოს, რაც 2008 წლის ომამდე იყო, იქამდე ლაპარაკს აზრი არ აქვს",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწევა, რომელიც რუსეთთან დაახლოებას უკავშირდება, კარასინს სურს რაღაცნაირად ნიადაგი მოსინჯოს, დიპლომატიური რთიერთობების აღდგენა რამდენად შესაძლებელი იქნება. თუ დიპლომატიური ურთიერთoბები აღდგება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დე ფაქტოდ სცნობს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობას",- აცხადებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან".
რას ნიშნავს კარასინის გზავნილები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ტიპის განცხადებები ადრეც ყოფილა, რის შემდეგაც "ქართული ოცნებისთვის" "წამოუძახებიათ" ოპოზიციასაც და დასავლურ წრეებსაც, ამიტომაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რუსეთის მიზანი ანტიქართული განწყობების გაღვივებაა შინ და გარეთ.
"ამ ტიპის განცხადებები ბოლო პერიოდში არაერთი ყოფილა, დიდი რეზონანსი კი არ მოჰყოლია, მაგრამ "ქართული ოცნებისთვის" წამოუძახებიათ, რომ აი, შენს პოლიტიკას რუსეთი როგორ ეხმაურებაო. ეს წამოუძახებია აქაურ ოპოზიციასაც და დასავლეთის იმ წრეებსაც, რომლებიც იძახიან საქართველოსთან ურთიერთობა უნდა გავართულოთ, უნდა დავსაჯოთ საქართველო, რახან რუსეთისკენ მიდისო.
"არგუმენტი რუსეთისკენ ჩვენი სვლისა, არის-ხოლმე თვითონ რუსეთის ტექსტები და ვის აწყობს ასეთი ანტიქართული განწყობილებების გაღვივება გინდ შიგნით და გინდ გარეთ? რა თქმა უნდა რუსეთს. რუსეთმა იცის ხოლმე ასეთი სვლები, რომ ზედაპირზე განცხადება თითქოს მხარდამჭერია და შენ გემხრობა, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ რუსული მხარისგანაა ასეთი "პოზიტიური" განცხადებები, ეს უკვე საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, რაც რუსეთის მიზანს წარმოადგენს.
"ასეთი პარადოქსული სვლების კეთებაში რუსეთი გამოცდილია. რუსეთმა ნახა, რომ თუ გავრცელდა, რომ საქართველოს პრორუსული პოზიცია უკავია, ევროპა და ლიბერალური ამერიკაც საქართველოს ებუტებიან, ზურგს აქცევენ და ტოვებენ რუსეთის ამარა, ამ სტილს კი, რუსეთი რა თქმა უნდა გამოიყენებს.
"გარკვეული ნაბიჯები ისედაც იდგმება ხოლმე, რადგან ქვეყნები მატერიალურ მხარეზე ზრუნავენ, მაგრამ პოლიტიკური ნაბიჯი, რაც ურთიერთობის უმაღლეს დონეზე მოწესიგებას გულისხმობს, საქართველოს მხრიდან არ იდგმება და უკვე დიდი ხანია საქართველო მარტივ ფორმულას ამბობს, რომ რუსულმა მხარემ მინიმუმ ის მდგომარეობა დააბრუნოს, რაც 2008 წლის ომამდე იყო (მაქსიმუმ აფხაზეთის ომი შეიძლება იგულისხმო) და მერე ვილაპარაკოთ. იქამდე ლაპარაკს აზრი არ აქვს.
"არ შეიძლება სხვა ნაბიჯები გადაიდგას, რადგან საკმარისია შენ მას მოექცე, როგორც შენთვის პარტნიორ ქვეყნად, გამოვა, რომ შენ ხარ შენი ტერიტორიების დაკარგვის მომხრე, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, შენ უღირსი სახელმწიფო ხარ.
"აქ ოპოზიციას ბრძოლის ის ენერგია და ძალა აღარ აქვს, რაც 26 მაისის ჩანაფიქრი ჩაუვარდათ, მას მერე აშკარად ოპოზიციური განწყობილებების მისუსტება იგრძნობა, ამიტომ მოახერხებენ თუ არა ამ რეპლიკის გამოყენებას, ძნელი სათქმელია, მაგრამ დასუსტებულ ოპოზიციას რომ ამ რეპლიკით რუსეთმა მაშველი რგოლი გადაუგდო, ესეც ფაქტია. რაღა ახლა გაახსენდათ ამ ფრაზის თქმა, როცა ოპოზიციის დასუსტება სახეზეა? ეს ისეთი ფრაზაა, როცა ყოველ წუთს შეიძლება თქვა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კარასინის განცხადება და მისი გზავნილები, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ "ქართული ოცნება" მორალატეობრივ პოლიტიკას ეწევა.
"ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოს დე ფაქტიო ხელისუფლება მოღალატეობრივ პოლიტიკას ეწევა, რომელიც რუსეთთან დაახლოებას უკავშირდება. კარასინს სურს რაღაცნაირად ნიადაგი მოსინჯოს, დიპლომატიური რთიერთობების აღდგენა რამდენად შესაძლებელი იქნება. თუ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება დე ფაქტოდ სცნობს აფხაზეთს და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობას. შეუძლებალია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩო ფუნქციონირებდეს - თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში.
"საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ქვეყანა ასეთი დამოუკიდებელი არასდროს არ ყოფილაო, მაგრამ აგერ რუსეთი აღრმავებს თანამშრომლობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან, რუს ინვესტორებზე ახალი ე.წ. კანონი მიაღებინეს, ასევე კვლავ გრძელდება საქართველოს მოქალაქეებს გატაცება, გუშინაც გაიტაცეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა.
"ამით რუსეთმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო, რომ აი გააგრძელეთ ის პოლიტიკა, რასაც ახორციელებთ და ჩვენც თქვენს გვeრდზე ვართო. შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგესო, მაგრამ ჩვენ მაინც თქვენს გვერდით ვართ, ასეთ პოლიტიკას რომ ატარებთ, ჩვენთვის მისაღებია და ამიტომაც, ჩვენც გვინდა საპასუხო "მეგობრობის ხელი გამოგიწოდოთო".
"რუსეთმა იცის, რომ შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობები არ აღდგეს, მაგრამ ცდილობს ხალხთა შორის კონტაქტები მაინც გაღრმავდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთში 180 ათასი ეთნიკური ქართველი, ან საქაrთველოს მოქალაქე ცხოვრობს. აცხადებენ, რომ თითქოს მილიონამდე ქართველია, მაგრამ ეს ტყუილია. ფიქრობენ, რომ თუ ხალხთა შორის კავშირებს გააღრმავებენ, ამ ადამიანის რუსეთის მიმართ ლოიალობა კიდევ უფრო გაიზრდება.
" ეს იმ ფონზე ხდება, როცა რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ფრენები განაახლა, ეს არის ჩიკაგოს 1945 წლის კონვენციის უხეში დარღვევაა. ახლა საქართველოს ხელისუფლება, რომ თავმოყვარე ყოფილიყო, საქართველოც შეაჩერებდა რუსეთთან პირდაპირ ფრენებს, იმ პირობებში, როცა რუსეთი ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს და რუსული სამგზავრო თვითმფრინავები აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოდიან",-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება.
„ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს სიამოვნებით აღვადგენდით. ამჟამად, ისტორიული მიზეზების გამო, ჩვენ თბილისში შვეიცარიის საელჩოში განყოფილება გვაქვს, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. ისევე როგორც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში არის განყოფილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. იქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. მთლიანობაში, ურთიერთობებში გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, „ბოლო წლებში ქართული პოლიტიკური ელიტა მნიშვნელოვნად მომწიფდა".
„პოლიტიკური ხელმძღვანელობა შესამჩნევად მომწიფდა. საქართველო პასუხისმგებლობის მქონე მიდგომებით მოქმედებს. მას სხვისი ინტერესების გამო ბრძოლა აღარ სურს. ეს რუსეთის საზოგადოებრივ აზრზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს და ტურიზმი და ქართველი ტურისტების ჩვენთან ვიზიტები ნელ-ნელა უმჯობესდება", - აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს.
„საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების, მათ შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დგას. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის ახლავე გადაწყვეტა შესანიშნავი იქნებოდა".
„ვფიქრობ, მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ", - აღნიშნა კარასინმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე