ნატალია ჯვარიძე
(29.05.2025)

უკრაინისთვის „ტაურუსების" გადაცემა შესაძლებელია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. უფრო ზუსტად, კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის „ტაურუსის" ტიპის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელია".

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მეც ყოველთვის ვამბობდი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს „ტაურუსებზე" რამდენიმეთვიანი წვრთნა დასჭირდებათ", - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

შეგახსენებთ, გუშინ ბერლინში გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს.

კითხვაზე, გადასცემს თუ არა გერმანია უკრაინას „ტაურუსის" ტიპის იარაღს პოლკოვნიკმა, ლაშა ბერიძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით კი. ასევე მან აღნიშნა: „ეს იარაღი მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლია რუსეთი შორ მანძილზე დაბომბოს. მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება".

გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ „ტაურუსს" შეუძლია მოსკოვამდე მიღწევაც. ის ფიქრობს, რომ თუ რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებისკენ არ წავიდა, გერმანია აღნიშნულ რაკეტებს გადასცემს.

„ამ რაკეტების მიწოდებაზე განხილვა კარგა ხანია დაწყებულია. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, გამორიცხული არ არის უკრაინამ აღნიშნული რაკეტები მიიღოს, ვინაიდან რუსეთი დროს წელავს და არ სურს სამშვიდობო შეთანხმებაზე კეთილი ნება გამოავლინოს.

ეს რაკეტები ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათაშორის, ის უფრო შორი მანძილის მოქმედებისაა, ვიდრე „შტორმ შადოუ", ანუ ის რაკეტები, რომლის გამოყენებსაც უკრაინა ახერხებს და რომლის გამოყენების სრული ნებართვა უკვე აქვს. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ საშუალება ექნებათ, სიღმეში განახორციელონ დარტყმები. „ტაურუსს" შეუძლია მოსკოვამდე მიღწევაც და მის საშუალებით შეძლებენ მომარაგებისა და საკომუნიკაციო ბაზების ხაზებზე დარტყმების განხორციელება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე