მარიამ ვეკუა
(29.05.2025)

პრემიერი ირაკლი კობახიძე 29 მაისს ბუდაპეშტში კონსერვატორულ ფორმუზე სიტყვით გამოვიდა და ეროვნული სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მკაცრად გააკრიტიკა ლიბერალური ფაშიზმი და სახელმწიფოში უცხოური ჩარევები. მოგვიანებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრემიერს „გმირი" უწოდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოებს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გვეამაყება ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად" - პრემიერის მონოლოგი ამ სიტყვებით დაიწყო. კობახიძემ უნგრეთის პრემიერს „უკომპრომისო ბრძოლისთვის" დიდი მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე დღეს თქვენს წინაშე უნგრეთში - ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა. ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს, მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.

ჩვენ, ქართველები, განსაკუთრებით ვაფასებთ მას იმ ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოსა და ჩვენი ერის ევროპული გზის მიმართ გამოხატა," - დასძინა მან.

უნგრეთის პრემიერმა კი საპასუხოდ კობახიძეს გმირი უწოდა, რადგან, მისივე თქმით, „ქვეყანაში მოიტანა ეკონომიკური ზრდა და ბრიუსელს თავი არ დაუხარა".

„მისი ქვეყნის 20 პროცენტი რუსული დათვის მიერ წაღებულია, მაგრამ ბრიუსელს არ დაუხარა თავი. გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში," - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი კონსერვატიული ფორუმია, რომელსაც აშშ-ის მემარჯვენე პოლიტიკური წრეები, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები და კონსერვატიული მოძრაობების წარმომადგენლები ატარებენ.

„ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა"

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროევროპული არ ნიშნავს ანტიქართულს.

„ჩვენი ეროვნულობა და ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს. ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე - არა მხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, დასავლეთი, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება ვიყოთ ის, ვინც ვართ," - განაცხადა კობახიძემ.

„უკრაინის ომი და საქართველო"

სიტყვით გამოსვლაში პრემიერმა დიდი დრო დაუთმო უკრაინაზე საუბარს, აღნიშნა, რომ უკრაინის ომის დაწყებიდან საქართველომ დიდ პოლიტიკურ გამოწვევებს გაუძლო.

„ჩვენ საქართველოში კარგად გვესმის, რა ფასად მოდის ომი და კარგად ვიცით, რა ფასი აქვს მშვიდობას. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის შესანარჩუნებლად ჩვენს ქვეყანაში.

უკრაინის ომის დაწყებიდან ჩვენ გავუძელით უზარმაზარ ზეწოლას - როგორც გარედან, ისე შიგნიდან, იმ ძალებისგან, ვისაც სურს, საქართველო კვლავ გადაიქცეს საბრძოლო პოლიგონად.

ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ - მშვიდობის გზა ომის ნაცვლად, სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად."

პრემიერის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის აღზევება მსოფლიოში ქმნის არასტაბილურ მდგომარეობას.

„დღევანდელ არასტაბილურ სამყაროში ღრმად შემაშფოთებელ მოვლენას - ლიბერალური ფაშიზმის აღზევებას ვხედავთ, უცხოური დაფინანსებით გავრცელებული აგრესიული და შეუწყნარებელი იდეოლოგიისა და მოძრაობის სახით."-განაცახდა მან.

„ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები იმედისმომცემია"

კობახიძემ მონოლოგის დასკვნით ნაწილში იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი წარმატებით შეასუსტებს დიფ სთეითს. აღნიშნა, რომ მიუხედავად მცდელობისა, დიფ სთეითს ამერიკაში ჯერ კიდევ ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ამის მაგალითად კი, მისივე თქმით, „მეგობარი აქტი" და საქართველოს წინააღმდეგ მიღებული სხვა რეზოლუციები შეიძლება მივიჩნიოთ.

„ახალი ადმინისტრაციის განცხადებები და კონკრეტული ნაბიჯები იმედის მომცემია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ჩანს, დიფ სთეითი ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც ნათლად ჩანს საქართველოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებში.

ამის მაგალითია ევროპარლამენტის მიერ მიღებული ექვსი უსამართლო რეზოლუცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აგრეთვე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი - ე.წ. მეგობარი აქტი, რომელიც ასევე უსამართლოა და ქართველ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს.

დასასრულ, მსურს წარმატება და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო მსოფლიოს ყველა ლიდერს, ვინც მტკიცედ დგას რადიკალური მემარცხენე ლიბერალიზმისა და დიფ სთეითის გავლენის წინააღმდეგ, ვინც იცავს ეროვნულ სუვერენიტეტს, ტრადიციულ ღირებულებებს და თავისი ხალხის ნებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით შეასუსტებს დიპ სთეით-ს, რაც დადებითად აისახება აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე," - დასძინა კობახიძემ.

ტრამპი ხაზზეა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვის საშუალებით სიტყვით მიმართა და ორბანის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემაც გამოხატა.

„თქვენ იცით, რას ვგრძნობ უნგრეთისა და ამ კონფერენციის მიმართ - ორივეს დიდ პატივს ვცემ და ორივე მიყვარს. ასევე, მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის მიმართ, რომელიც შესანიშნავი ადამიანია და მას ყველა აფასებს. ის განსაკუთრებული ადამიანია და ბრწყინვალე სამუშაოს ასრულებს.

რაც შეეხება CPAC-ს როგორც ორგანიზაციას, მას მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვისას.

ტრამპმა დასკვნით ნაწილში მადლობა გადაუხადა ყველა მეგობარს, ვინც კონფერენციას ესწრებოდა.

„მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ახლა აქ არის. ისიამოვნეთ და მალე შევხვდებით," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე