ნატალია ჯვარიძე
(29.05.2025)

ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.

ტრამპმა უარი თქვა იმ ქმედებების გამხელაზე, რომლებიც მან შეიძლება განიხილოს რუსეთის დასასჯელად და განაცხადა, რომ მოსკოვის მიმართ მისი ახალი „მკაცრი ენა" თავის თავზე საუბრობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას.

„სიტყვები საკმაოდ ხმამაღალია. ბედნიერები არ ვართ ამ ვითარებით", - განაცხადა ტრამპმა. კითხვაზე, სურს თუ არა პუტინს ომის დასრულება, ტრამპმა უპასუხა: „დაახლოებით ორ კვირაში გაგაგებინებთ".

„გავარკვევთ, ყალბად დაინტერესებულია თუ არა და თუ ყალბად დაინტერესებულია, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნება", - განაცხადა ტრამპმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზისს ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისია „რეზონანსთან" ამბობს, რომ სრული ბლეფია, რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს. შესაბამისად, ის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება ტრამპმა გააკეთოს.

„საქმე იმაშია, რომ ტრამპმა ფაქტობრივად, პუტინს ულტიმატუმი წაუყენა, რადგან გაერკვიოს, როგორ ესახება კონფლიქტის მოგვარება. თუმცა, ეს სრული ბლეფია და მგონი ამაზე ტრამპმაც გააკეთა სერიოზული განცხადება.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება ტრამპმა გააკეთოს, აქ ერთი ნიუანსი ის არის, რომ როგორც ჩანს, ის რონალდ რეიგანის დიდი თაყვანისმცემელია და მის პოლიტიკას იმეორებს. ეს კარგად გამოჩნდა, როცა რამდენიმე დღის წინ მან რეიგანის დროს გამოყენებული სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა „ოქროს გუმბათი" გააცოცხლა. ფაქტობრივად, ტრამპმა დაანონსა, რომ ის გაიმეორებს რეიგანის მეორე ნომერს, რომელმაც საბჭოთა კავშირი დააგნრია კიდევაც.

ეს იმას ნიშნავს, რომ ოპეკის სახელმწიფოებთან მოახდენს კარტელურ გარიგებას და შეეცდება ნავთობის ფასი დაწიოს, რაც რუსეთის ეკონომიკას სერიოზულად დაარტყამს.

როგორც ჩანს, აქ მარტო ნავთობის ფასების დაგდებაზე ლაპარაკი არ იქნება, ვინაიდან მხოლოდ ამას აზრი არ აქვს, რადგან თუ 1986 წელს ერთ-ერთი ენერგორესურსი ნავთობი იყო, ახლა უკვე გაზი წამოვიდა.

ალბათ ტრამპი ეცდება ნავთობის და გაზის მთავარ ექსპორტიორ სახელმწიფოებთან, რომელთანაც ამერიკას საკმაოდ მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები გააჩნია, შეთანხმების თანახმად, ფასებს დაწიოს.

შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა, ის აღმოსავლეთის სპარსეთის ყურეში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ანუ იმ სახელმწიფოში, რომელიც ნავთობისა და გაზის წარმოებასა და ექსპორტში მაღალია. სავარაუდოდ, ეს ერთგვარი მოთელვა იყო.

მეორე ვარიანტი, რაც შეიძლება ტრამპმა გააკეთოს არის ის, რომ საფინანსო სისტემა „სვიფტიდან" რუსეთი გაიყვანოს, რათა რუსეთის საფინანსო სისტემა შეარყიოს. გამორიცხული არაა, ბაიდენის ნაბიჯებსაც გადაუსწროს.

მესამე, შეიძლება ამერიკამ უკრაინას უფრო მეტი დახმარება გაუწიოს. გამორიცხული არაა ამ კუთხითაც ტრამპი უფრო შორს წავიდეს, ვიდრე ბაიდენი. მეოთხე, უფრო მეტი ზეწოლა იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან. დავუშვათ, სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა საშუალებებით, რადგან უკრაინის ომის სტიმულირებას ახორციელებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე