თამთა ჩაჩანიძე
(29.05.2025)

ოპოზიციის ნაწილი კვლავ ემხრობა მუნიციპალური არჩევნების სრულ ბოიკოტს, მეტიც, 31 მაისიდან მომიტინგეები აპირებენ, რომ უბნებში გავიდნენ და ხალხს "აუხსნან რატომ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში".

ანალიტიკოსები აცხადებენ,რომ დიდი ალბათობით ოპოზიციის ნაწილი ამ მიმართულებით იმუშავებს. ოპოზიციის ნაწილიც და მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ადგილობრივ არჩევებში ამ მოცემულობით ჩართვის წინააღმდეგია, ისინი ცესკო-ს უნდობლობას უცხადებენ. ასევე მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებს წინ უნდა უსწრებდეს საპარლამენტო არჩევნები, ან სულ მინიმუმ ერთად უნდა ჩატარდეს ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით. ნაწილი ოპოზიციისა კი ამბობს, რომ პარტია ყველა არჩევნებისთვის მზად უნდა იყოს.

ანალიტიკოსები თანხმდებიან იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი პოლიტიკურად არამომგებიანია და მიუხედავად ოპოზიციის მოთხოვნებისა, მიაჩნიათ, რომ ეს იქნება ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ოპოზიციამ მხარდამჭერების სრული მობილიზება მოახდონის, რაც დღეს უჭირს.

ამასთან, საკითხზე თუ რას დაუპირისპირებს "ოცნება" ამ სტრატეგიას, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის რეაქცია ის იქნება, რომ უპასუხებს კონტრპიარით.

პოლიტიკურად პერსპექტიულია თუ არა ოპოზიციის ნაწილის გეგმები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი იმუშავებს იმაზე, თუ როგორ არ ჩაატარებინონ ხელისუფლებას ადგილობრივი არჩევნები.

"ოპოზიციის ნაწილი (ყოველ შემთხვევაში, მათი განცხადებებიდან გამომდინარე და პაატა ბურჭულაზეც ამ სცენარში ეწერება) ფიქრობს იმაზე, როგორ არ ჩაატარებინონ ხელისუფლებას ადგილობრივი არჩევნები. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის კონტრღონისძიებები, მაგალითად საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კამპანია, შეიძლება იყოს საარჩევნო უბნებისა და ცესკო-ს შენობის პიკეტირება და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომ არჩევნები არ შედგეს.

"სწორედ ეს ხალხში გასვლაც ემსახურება იმას, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, გაგრძელდება კამპანია იმ ოპოზიციური პარტიების გადასარწმუნებლად რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი არჩევნებისთვისო.

მაგალითად, იგივე გახარიას პარტია და ნაწილობრივ "ლელო", ასევე სხვა პოლიტიკური პარტიებიც, რადგან მარტო ოთხი პარტიით არ შემოიფარგლება ჩვენი პოლიტიკიკური სპექტრი - არჩევნებში მათაც რომ არ მიიღონ მონაწილოება, სხვებიც არსებობენ, რომლებმაც შეიძლება მიიღონ",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე სტრატეგიიის წინააღმდეგია და არ ამართლებს, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფები ხალხში ივლიან და აუხსნიან, თუ რატომ არ უნდა მივიდეს არჩევნებზე.

"ამ სტრატეგიას არ ვამართლებ და არც შეიძლება ამის გამართლება. დღეს ოპოზიციას ხალხის მობილიზება უჭირს და ხალხის მობილიზების ყველაზე კარგი საშუალება არჩევნებია, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნები, რადგან ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა უშუალოდ თავად იღებს მონაწილოებას და ბურჭულაძისა და სხვათა განცხადებები კი არ დასჭირდება, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, ამას თავის თავზე იგრძნობს გააყალბეს თუ არა, ეს კი სულ სხვა ეფექტია, ვიდრე ის, რომ საპარლამენტო არჩევნები გააყალბა ხელისუფლებამ.

"ჩემი აზრით, დღეს ქართულ ოპოზიციას უფლება არ აქვს არ გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რომ ოპოზიციური ელექტორატის სრული მობილიზება მოახდინოს. ამის საშუალებას კი მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები იძლევა. ჯერჯერობით სხვა არანაირი მექანიზმი არ არსებობს და თუ ამას ვერ ვხდებიან, კი ბატონო, რაც იქნება, ის იქნება, მაგრამ მგონია, რომ დღეს ხელისუფლებას ყველაზე მეტად ის აწყობს, რომ აი, ამ ოთხმა პარტიამ არჩევნებში მონაწილოება არ მიიღოს.

"წარმოგიდგენიათ რა იქნება, თუ თბილისში მერობის საერთო კანდიდატზე შეთანხმება მოხერხდება და ყველა პოლიტიკური ძალა ამისთვის იბრძოლებს? "ქართულმა ოცნებამ" თბილისი ხომ ფაქტიურად წააგო, მისივე გაყალბებულ არჩევნებშიც კი? გამოიყენონ ეს და დაიწყონ რაღაცა, პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელი ლაპარაკის ნაცვლად ლგიტიმაცია და ა.შ. ოპოზიციაში ვინმემ იცის ეს ლეგიტიმაცია რა არის? ერთი კაცი მაინც თუ არის, ვისაც ლეგიტიმაციაზე ლაპარაკი შეუძლია, გნებავთ იურიდიულად და გნებავთ პოლიტიკურად? ეს ოპოზიციის მხრიდან აბსოლუტურად ფუჭი გასროლაა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ ‘რეზონანსთან".

რითი უპასუხებს "ოცნება" ოპოზიციის კამპანიას

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის კამპანიას "ოცნება" უპასუხებს კონტრპიარით.

"ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ" ამას უნდა უპასუხოს იმით, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ არჩევნებზე მისვლა აუცილებელია და ტრადიციული გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები ისედაც აკრძალვას ექვემდებარებიან და მათი არჩევნებში არმონაწილეობა დიდ პოლიტიკურ ზიანს ვერ მოიტანს.

ყოველ შემთხვევაში, მათი მესიჯბოქსი აქამდე ასეთი იყო, რომ ჩვენ არ გვაწუხებს ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილოებას, მაგრამ ორგანიზაციული ზომების გატარება, რომ მათ არჩევნებში ხელი ვერ შეუშალონ, ალბათ ეს უნდა შეძლონ, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ",- განაცხადა ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".

მისი შეფასებით, "ოცნების" საპასუხო ზომები შეიძლება იყოს "კონტრპიარი და ასევე ორგანიზაციული ზომები, რომ არჩევნების დღეს არჩევნებისთვის ხელის შეშლა ვერავინ ვერ შეძლოს".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" ტრადიციულად უპასუხებს.

"ქართული ოცნება" ამ სტრატეგიას არაფერს არ დაუპირისპირებს, ისევ იმაზე გააგრძელებს ლაპარაკს, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილოებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უფროსობა ეტყვის ევროპიდან. "ქართულ ოცნებას" თუ რამე აძლევს ხელს, სწორედ ის აძლევს, რომ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადოს.

"მესმის არჩევნებში მონაწილეობა სულაც არაა კომფორტული და ისიც კარგად მესმის, რომ ხელისუფლებას საკანონმდებლო ბაზა თავის თავზე აქვს მორგებული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილოება არ უნდა მიიღო, არჩევნები ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა.

"დღეს თუ ვინმე ლაპარაკობს იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილოება არ უნდა მივიღოთ და ამის პროპაგანდას ეწევა, კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ, 30 წლის წინ რაც ხდებოდა, ის მაინც გაიხსენონ, როდესაც მაშინდელმა წამყვანმა პარტიებმა მარტის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს სწორედ ამ მიზეზით. მარტის არჩევნები ჩაშალეს, მერე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და კონგრესი უფუნქციო დარჩა - ეს მაინც უნდა გაიხსენონ",- განაცხადა ძაბირაძემ.

რას აცხადებს პაატა ბურჭულაძე

„რუსთაველის გამზირის" წევრ პაატა ბურჭულაძის თქმით, მისი გაერთიანების წევრები აპირებენ ქალაქის სხვადასხვა უბნებში გასვლას, რომ მოსახლეობას არსებული რეალობა აუხსნან, რათა არ მიიღოს მონაწილეობა იმ არჩევნებში, „რომელშიც კიდევ ერთხელ მოტყუვდება".

„საზოგადოება „რუსთაველის გამზირი", რომელიც უკვე 182-ე დღეა რუსთაველზე ვართ, უკვე ამ კვირიდან, 31 რიცხვიდან, ჩვენ ვაპირებთ გასვლას ქალაქის სხვადასხვა უბნებში. ხალხს უნდა დაველაპარაკოთ, უნდა ავუხსნათ რაშია საქმე და როგორ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ აღარ შეიძლება ამდენჯერ მოგვატყუოს ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა.

ხალხს უნდა ავუხსნათ, რომ ბიძინა ივანიშვილს ახლა აქვს გეგმები იმისა, რომ როგორმე კიდევ შეიტყუოს სხვადასხვა პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში. ამის მოხდენა არაფრით არ შეიძლება, ჩვენ ამას ხალხს ავუხსნით და ხალხი არ მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელშიც კიდევ ერთხელ მოტყუვდება...

"ჩვენი გეგმები არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, ამ წლის იანვრამდე, ეს მთავრობა უკვე აღარ უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანა, იანვრამდე უნდა მოვიშოროთ.

"გინდა გითხრათ, რა მოხდება? ხომ ხსნის მინისტრებს? ერთი მოხსნა უკვე, ვინც ბევრ რამეშია დამნაშავე, გომელაური და დანიშნა მეორე, შემდეგ კიდევ მოხსნის სხვადასხვა მინისტრებს, ვინც დამნაშავეები არიან, მოხსნის კალანდარიშვილს, პოლიტპატიმრებსაც გამოუშვებს, ამასაც იზამს, მაგრამ რა მოჰყვება ამას? კალანდარიშვილის ადგილას მოვა კალანდარიშვილი ნომერი ორი, ერთი მინისტრის ადგილას მოვა მეორე და როგორც კი ჩატარდება არჩევნები, 50 პატიმრის ადგილას იქნება 150 და უნდა ველოდოთ ახალ არჩევნებს.

"ამის აყოლა არაფრით არ შეიძლება. ეს არის ჩვენი ღალატი, ხალხის ღალატი. ხალხის ღალატია, რომ ამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა იმიტომ, რომ თავიდანვე იციან, მოტყუვდებიან. ან უკვე გარიგებულები არიან ივანიშვილთან და გადმოუგდებს რაღაც ადგილებს სადღაც, ან ქალაქის მერიაში, ან სადღაც ან კიდევ თავს იცავენ, ეშინიათ რაღაცის. არაფრით არ შეიძლება ბატონებო", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ "პალიტრანიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე