ნატალია ჯვარიძე
(28.05.2025)

ბიძინა ივანიშვილი არასწორად მოიქცა, როცა ამერიკის ელჩს არ შეხვდა, რადგან შეიძლებოდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში რაღაც დადებითი მომხდარიყო, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. ამასთან, იმედოვნებს, რომ პრემიერ კობახიძეს მართლაც სურს ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება და მათი სუფთა ფურცლიდან დაწყება, რაზეც მას ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები მიანიშნებს.

ამერიკას სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესები გააჩნია. ასევე, საქართველოს დაინტერესება აქვს ამერიკის მიმართ იმიტომ, რომ სტრატეგიულ თანამშრობლოაზე შეთანხმება ადრე გაფორმდა. ეს ორივე ქვეყანას ავალდებულებს, ერთმანეთს მოუსმინონ, გაიზიარონ ერთმანეთის აზრები და თუ დახმარება დასჭირდეთ, განიხილონ. ამიტომ ბუნებრივია, ამერიკის ელჩი ქვეყნის რეალურმა ლიდერმა უნდა მიიღოს, აცხადებს იგორ კვესელავა.

„რასაკვირველია, ამერიკის ელჩი აშშ-ის სახეა და ის ემორჩილება ოფოციალურ ვაშინგტონს, საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტზე. ის ასეთი შეხვედრების საკითხს თვითონ ვერ წყვეტს და რა თქმა უნდა, თანხმდება უმაღლეს დონეზე. ასე რომ, თვითონ ელჩი არაფერ შუაშია. ქვეყნებს შორის გაუარესებულ ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ის წერილი ვერ ავსებს, რაც ტრამპმა პრეზიდენტ ყაველაშვილს გამოუგზავნა. სხვათაშორის, ამ წერილის რეალურობაზე ეჭვი გაჩნდა. ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი არ შეხვდა ელჩს, რათა არ გარკვეულიყო ეს ამბავიც.

„საელჩოს განცხადება მე აბსოლუტურად ზომიერად და სწორად მიმაჩნია. ის, რაც ბიძინამ განაცხადა, არასწორი დიპლომატიური ნაბიჯია. ეს ურთიერთობების დალაგება კი არა, მისი გაუარესებაა, რადგან შეიძლება შეხვედრაზე დალაგებულიყო რაღაც სიტუაციები. როცა ვიძახით, რომ ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ასეთი რაღაცები „ოცნებამ" არ უნდა გააკეთოს. საერთოდ უნდა თქვას ხელისუფლებამ, საბოლოოდ რას აპირებს, რა უნდათ აშშ-სთან."

კვესელავამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობის დატოვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე ყველგან თავის ხალხს ნიშნავს.

„ეს ახალი არაა. ბევრ მთავრობას მოვესწარი და ვიცი, რომ როცა ადამიანი ხელისუფლებაში მოდის, პასუხისმგებლობას იღებს. რამდენად იღებს ამ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძე, ან რამდენად შესწევს მას უნარი მთავრობის თამჯდომარე იყოს, ეს სხვა საკითხია. თუმცა რადგან ის მოიყვანეს, მან თავისი გუნდი სურს გვერდით. ეს ყველაგან ხდება. გომელაური და სხვები უნდა წასულიყვნენ და მიდიან კიდეც. როგორ მიდიან, ეს სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ეს გადაყვეტილება სწორია და უფრო ადრეც უნდა ექნა კობახიძეს.

„მეორე, კობახიძემ საკმაოდ ეშმაკური სვლა გააკეთა, როცა შავი და ცუდი საქმე ამ ხალხს გააკეთებინა. ასე რომ, ახლა ის ფიქრობს სუფთა ფურცლიდან, გარემოდან დაიწყოს ამ მიმართულებით მუშაობა. გასაგებია, რომ მას ყველგან თავისი მიჰყავს. ბუნებრივია, ეს საკადრო ცვლილებები რადგან დაიწყო, ერთ დღეში არ დასრულდება და გაგრძელდება. მე კობახიძეს ერთ რჩევას მივცემ, რომ როცა განათლების და მეცნიერების სისტემაზეა საუბარი, აქ აუცილებელია ამ სფეროებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. ამიტომ ვურჩევ, მოძენოს ამ სფეროსთან დაკავშირებული კადრები, რადგან გვაქვს ამის მაგალითები და ეს არის თეა წულუკიანი, რომელმაც კულტურის სფეროში ვერ გაამართლა.

„ასევე მე ვფიქრობ, რომ კობახიძეს გარკვეულწილად იმედი აქვს ამერიკასთან ურთიერთობების დალაგებისა. მან შეიძლება უკვე თამამად თქვას, რომ აშშ-სთან იწყება ახალი ურთიერთობა ახალი კადრებით", - განაცხადა იგორ კვესელავამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე