მარიამ ვეკუა
(28.05.2025)

დონალდ ტრამპის წერილით გამოწვეული აჟიოტაჟის პარალელურად, ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ამერიკის ელჩ დანიგანს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა უთხოვია, რაზეც უარი მიიღო. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს არ სურს ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება, ივანიშვილი კი აცხადებს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხევდრა არასწორად მიიჩნია.

„წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები. (ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი „იულიუს ბერი" ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული.)," - წერია ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ამბობს, აუცილებლად ექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით მისი პირადი ინტერესების საპირწონედ იღებს, რაც მისთვის პრინციპულად მიუღებელია.

„მინდა დავაზუსტო, რომ, უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ. პრემიერ-მინისტრი არ არის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ და შესაბამისად, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული ვერავითარი კომპლექსი ვერ ექნება. თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა, რაც გვიმყარებს რწმენას, რომ ისინი სწორედ პერსონალურ შანტაჟს განიხილავენ წამყვან ფაქტორად ქართული მხარის მიერ სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული პოტენციური გადაწყვეტილების მიღებისას.

„იმედი მაქვს, ამერიკის საელჩო დადებითად უპასუხებს საქართველოს მთავრობის შეთავაზებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლების შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.

რას ამბობენ ექსპერტები?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრისთვის აშშ-ს საელჩომ არასწორი ადრესატი შეარჩია და უარი სწორედ ამით აიხსნება.

„ამერიკის საელჩომ არასწორი ადრესატი შეარჩია პოლიტიკური შეხვედრისთვის. ჩემი პირადი შთაბეჭდილებით, უპრიანი იქნებოდა, ასეთი შეხვედრა დანიშნულიყო აღმასრულებელი ან საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელებთან, ან საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადგან მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ის პარტიის საპატიო ხელმძღვანელია და არა აღმასრულებელი ხელისუფლების თავკაცი. შესაბამისად, ვფიქრობ, ამერიკელმა დიპლომატებმა სხვა ჩინოსანი უნდა შეარჩიონ მსგავსი შეხვედრებისთვის. ოფიციალური თბილისის მხრიდან კარები ამ ტიპის დიალოგისთვის ღიაა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაიმართოს მოლაპარაკებები ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის შესახებ.

„ასე რომ, ეს პოლიტიკური გზავნილიც დისონანსშია ტრამპის ცნობილ მოსალოც წერილთან, სადაც გამოთქმულია ღრმა თანამშრომლობის სურვილები," - განაცხადა აბაშიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის უარის მიზეზი მოსალოდნელ კრიტიკაზე შიში იყო.

„პირველ რიგში, აშშ-ს, შეერთებულ შტატებს, ექნება დამატებით საფუძველი თქვას, რომ ეცადა დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას - შესთავაზა შეხვედრა.

„მეორე მხრივ, რაც შეეხება ივანიშვილს, პირადად მე მიმაჩნია, რომ მას არანაირი პასუხი არ აქვს და ამას ემატება, რომ ეშინია ამ შეხვედრის - ეშინია შენიშვნების, კრიტიკის, რომელიც პირადად მის მიმართ და საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ გამოითქმება.

„ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი. არც რუსეთისგან ინსტრუქციის მიღებაა გამორიცხული, რომ არ მისულიყო შეხვედრაზე."

ჩიტაძის თქმით, ივანიშილს ურჩევნია იყოს დასანქცირებული, ვიდრე ძალაუფლების გარეშე დარჩენილი.

„ივანიშვილი, ერთი მხრივ, შესაძლოა, ადეკვატურად ვერ აცნობიერებს ამას, ან მეორე მხრივ, ურჩევნია, იყოს დასანქცირებული (თუმცა არ სურს), შეინარჩუნოს ძალაუფლება და ციხეში არ აღმოჩნდეს. თუმცა, თუ დათმობაზე წავიდა, შეხვდა აშშ-ს ელჩს, დანიშნა თავისუფალი არჩევნები - ბუნებრივია, „ოცნება" დაკარგავს ძალაუფლებას და ფულსაც. ამიტომ არჩია, რომ არ მისულიყო შეხვედრაზე. პირველი, შენიშვნების მიღება არ სურს, და მეორე, ურჩევნია, დასანქცირდეს, ოღონდ შეინარჩუნოს ძალაუფლება."

როგორ აისახება უარი გადატვირთვაზე?

ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე ივანიშვილის უარი ნეგატიურად იმოქმედებს.

„რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება „გადატვირთვაზე", რადგან საერთო ჯამში ბოლომდე ებღაუჭებიან ძალაუფლებას - სანამ სანქციების სიმწარეს არ იგრძნობენ, იბრძვიან. საერთო ჯამში, აშშ-ის მხრიდან სანქციების მიღებას ივანიშვილის გუნდი დააჩქარებს," - განაცხადა ჩიტაძემ.

გია აბაშიძე კონკრეტული პასუხებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, ამბობს, რომ უპრიანი იქნება თუ ოფიციალური ვაშინგტონი სავარაუდო ადრესატის ვინაობას გადახედავს.

„სანამ ჩვენი ინტერვიუ მიმდინარეობს, ბოლომდე არ ვიცით „ქართული ოცნების" პოზიცია (ინტერვიუ ივანიშვილის წერილის გამოქვეყნებამდეა ჩაწერილი - რედ.). თუმცა შეგახსენებთ, არსებობს სამწუხარო გამოცდილება უახლოეს წარსულში, როდესაც აშშ-ის წინა ელჩი, კელი დეგნანი, ირწმუნებოდა, რომ 2022 წელს არ ჰქონია შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ასე რომ, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

„უპრიანი იქნება, თუ ვაშინგტონი გადახედავს სავარაუდო ადრესატის ვინაობას და შეხვედრა დანიშნავს აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანთან, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება მზად იყო და არის," - განაცხადა აბაშიძემ.

საელჩოს ოფიციალური განცხადება

აშშ-ს საელჩომ საქართველოში 28 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს, ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33-წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვინ ალაგებს და ვინ ურევს

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რეალურად აშშ-სთან უერთეირთობის დალაგება არ სურს.

„ივანიშვილს არ უნდოდა ამერიკელებთან პარტნიორობის დალაგება.ყველაფერი ტყუილია, რომ ტრამპის სჯეროდათ.კობახიძეს და მის ე.წ. მინისტრებს არავინ აღიარებს.ივანიშვილის ამოცანაა რუსული საქართველო. არანაირი სხვა გზა „ქოცებს" არ გააჩნიათ", - წერს დეკანოიძე ფეისბუქში.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ "ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე"

სხვაგვარად საუბრობენ „ოცნებაში". უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შესაბამისი უწყებები, სადაც აშშ-ს ინფორმაციების გაზიარება შეუძლია.

„ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და თუ ელჩს სურს, რაიმე პოზიცია გაუზიაროს, ან წერილი გადასცეს, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები. ასე რომ, ნუ ართულებენ ურთიერთობებს. ...ჩვენ მზად ვართ, რომ პოზიტიურ რელსებზე გადავიდეს ურთიერთობები და მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ," - განაცხადა ზარქუამ.

საინტერესო იყო, პრემიერი ირაკლი კობახიძეს გუშინდელი ინტერვიუ. პირველი არხის ეთერში მან თქვა, რომ „ოცნება" ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზადაა, თუმცა დიპ სტეიტის ამერიკასთან საქართველოს „არაფერი ესაქმება"

„დიფ სტეიტმა, თუ უნდა, მართოს აშშ შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც," - განაცხადა კობახიძემ.

საინტერესო დეტალია, რომ ელჩი დანიგანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძებას არ ესწრებოდა, ირაკლი კობახიძემ ივარაუდა, რომ ამ შემთხვევაშიც დიპ სტეიტი გააქტიურდა.

"აქაც ჩაერია დიფ სტეიტის ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ," - თქვა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე