
აშშ-მა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკრაინას მათ მიერ მიწოდებული შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე აქამდე არსებული შეზღუდვები მოუხსნეს. ოფიციალური ინფორმაციით, ეს რუსეთის მხრიდან სამშიდობო მოლაპარაკების პერსპექტივის არარსებობის გამო მოხდა. კრემლი ამას „სახიფათო გადაწყვეტილებას" უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება.
უკრაინა დასავლელი მოკავშრეებისგან იღებდა შორი მოქმედების რადიუსის მქონე სარაკეტო კომპლექსებს, თუმცა ერთი პირობით - აკრძალული ჰქონდა ამ რაკეტებით უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმა. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მიუხედავად ამ შეზღუდვების მოხსნისა, ფრონტის ხაზზე დიდ გარდატეხებს არ ელოდება.
„შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ გარკვეული უპირატესობა ექნება უკრაინას, თუმცა დიდ უპირატესობაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. ფაქტობრივად, ორივე მხარე ჩიხშია შესული და მიდის პოზიციური საბრძოლო მოქმედებები. შეზღუდვების მოხსნა კარდინალურად რომ შეცვლის ვითარებას, ან ძალიან დიდ უპირატესობას მისცემს უკრაინას, უფრო ოპტიმისტური შეფასება იქნებოდა. ასე რომ, ფრონტის ხაზზე გარდატეხებს არ ველოდები.
„რაც შეეხება სამხედრო ასპექტებს, პირველ რიგში საუბარია „ტაურუსის" სარაკეტო ბალისტიკურ კომპლექსზე.
„კრემლი მზადაა შესაბამისი პასუხი გასცეს და განახორციელოს შეტევები. ივნისის ბოლოს კი შესაძლებელია, რომ გადავიდნენ სამ მიმართულებაზე - ეს სამკუთხედი სუმის, ხარკოვისა და დნეპრის მიმართულებით", - განაცხადა მაისაიამ.
გერმანიის პოზიცია
როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული აცხადებს, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედ იარაღებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაკავშირებულია იმასთან, რომ რუსეთს არ აქვს სურვილი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად ჩაერთოს.
„რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის რამდენიმე მოწოდება და შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მან ისინი უარყო. ჩვენ ყოველთვის გარკვევით ვამბობდით, რომ ეს საქციელი გარეშე პასუხის დარჩებოდა", - განაცხადა ვადეფულმა ლისაბონში პორტუგალიელ კოლეგა პაულო რანგელთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, გერმანია შემდგომ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპულ ჩარჩოებში მიიღებს და ამ საკითხს აშშ-ში ვიზიტის დროს თავის ამერიკელ კოლეგას მარკო რუბიოსთანაც განიხილავს.
კითხვაზე, მზად იყო თუ არა ბერლინი კიევისთვის მიეწოდებინა შორ მანძილზე მოქმედი „ტაურუსის" ფრთოსანი რაკეტები, რასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია ითხოვდა, ვადეფულმა უპასუხა, რომ ცალკეული შეიარაღების სისტემების შესახებ არანაირ განცხადებას არ გააკეთებდა და დაამატა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „საშუალებას არ მისცემს იცოდეს, კონკრეტულად რას ვაკეთებთ".
შეგახსნებთ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ორშაბათს განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები აღარ აწესებენ რაიმე შეზღუდვას უკრაინაში კიევისთვის მიწოდებული შორი დისტანციის იარაღის რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებაზე.
„უკარინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების დიაპაზონზე აღარ არსებობს არანაირი შეზღუდვა არც დიდი ბრიტანეთის, არც საფრანგეთის და არც ჩვენი მხრიდან. აშშ-ს მხრიდანაც არ არსებობს არანაირი შეზღუდვა", - განაცხადა მერცმა.
სამშაბათს კი დააკონკრეტა, რომ უკრაინისათვის დასავლეთიდან მიწოდებული შეიარაღების გამოყენებაზე არსებული შეზღუდვები რამდენიმე თვის წინ მოიხსნა.
ამას გარდა საინტერესოა, რომ ოთხშაბათს ბერლინში ოფიციალური ვიზიტით ჩადის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, დასავლელი ლიდერები მანამდე აცხადებდნენ, რომ იარაღის მოქმედების რადიუსის გაზრდა ძალიან პროვოკაციული იყო და მათ ბირთვულ სახელმწიფოსთან (რუსეთთან) კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს უქმნიდა, რადგან ამ იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებააღქმული იქნებოდა, როგორც მისი მიმწოდებელი ქვეყნის ომში პირდაპირი ჩართვა.
კრემლის პასუხი
კრემლმა უკრაინული მხარისათვის ამ შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება „სახიფათოდ" შეაფასა და განაცხადა, რომ ის ნებისმიერი სახის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის საზიანო იქნება.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა უკრაინას გაძლიერებულ შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების შესაძლებლობებს მისცემს, სახიფათო ნაბიჯია.
„ეს პოტენციური გადაწყვეტილებები, თუ ასეთი გადაწყვეტილებები მართლაც მიღებულია, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენს მისწრაფებებს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისკენ", - თქვა პესკოვმა.
რუსეთი დიდი ხანია აკრიტიკებს დასავლეთის ქვეყნებსაც უკრაინისთვის შორი რადიუსის იარაღის მიწოდების გამო და ამტკიცებს, რომ კიევი მათ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების გასანადგურებლად იყენებს.
მოსკოვმა ადრე ბერლინი გააფრთხილა, რომ უკრაინის პოტენციურ დარტყმებს მის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე „ტაურუსის" რაკეტების გამოყენებით ბერლინის კონფლიქტში „პირდაპირ მონაწილეობად" მიიჩნევდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



