მარტო ბოლო ორ თვეში სებ-მა 368.1 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა
გვანცა წულაია
(27.05.2025)

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის პირველ ოთხ თვეში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 368.1 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, რაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ასეთი მოლოდინია საბანკო სფეროს სპეციალისტებში. მათი აზრით, წლევანდელმა შესყიდვამ შესაძლოა, ერთ მილიარდ დოლარსაც კი მიაღწიოს. 

აპრილში ეროვნულმა ბანკმა "ბიმატჩ" პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის რეზერვების მოცულობა აპრილის მდგომარეობით 4.52 მლრდ დოლარს შეადგენს.

2025 წლის პირველ 4 თვეში სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარ-თებერვალში "ბიმატჩზე" წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, მარტში წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი იყო, ხოლო აპრილში - 266.4 მილიონი დოლარი. 

საქართველო საბანკო ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სავალუტო რეზერვების შევსება წლის განმავლობაში გაგრძელდება. ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია არ გამორიცხავს, რომ უშუალოდ 2025 წლის სავალუტო შესყიდვებმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს. 

„ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები, თავის დროზე, გამოიყენა ქვეყანაში სავალუტო კურსის და ვითარების დასასტაბილურებლად, თუმცა 2025 წლიდან მოყოლებული სებ-მა შეძლო და უკვე 4.5 მილიარდ დოლარამდე შეავსო რეზერვები. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ზაფხულის პერიოდი ყოველთვის პოზიტიური იყო, ფულადი შემდინებების კუთხით, რაც უპირველეს ყოვლისა ტურისტულ სეზონს და ფულად გადმორიცხვებს უკავშირდებოდა. თუკი ვიგულისხმებთ, რომ სექტემბრამდე ეროვნული ბანკი არსებული პრაქტიკას გააგრძელებს, მაშინ, შეიძლება შემოდგომის ბოლოს მინიმუმ 350-400 მილიონი დოლარი კიდევ დაამატოს არსებული რეზერვების დონეს. თუ წლის ბოლოს მოცულობა ძველებურ ნიშნულს - 5 მილირდ დოლარს დაუბრუნდებაა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ წელი პოზიტიურად დასრულდება. 

რეზერვების შევსების ტრაექტორია აღმავალია და მოლოდინიც მსგვასია, რომ ზაფხულის პერიოდმა ეროვნულ ბანკს კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ამ მიმართულებით. საერთო ჯამში მართლაც შესაძლებელია, რომ 2025 წლის შესყუდვებმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს. ამ გადმოსახედიდან ეს სრულიად განხორცილებადია და რაიმე შემაფერხებელ ფაქტორს ვერ ვხედავ, რომ სებ-მა თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ დავით რუსიამ. 

რეზერვების შევსების მოლოდინი აქვთ საბანკო სფეროს სპეციალისტებსაც. როგორც ფინანსიტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა აღნიშნა, სავალუტო შესყიდვები უნდა იყოს სამი თვის იმპორტის მაჩვენებლის ტოლი.

„ეროვნული ბანკის პოზიცია დღეს გაცილებით სტაბილურია, ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. ერთი ესაა სხვა ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები, მეორე - სავაჭრო ურთერთობების განვითარება და მესამე - ბოლო პერიოდში საქართველოში დაარსებული კომპანიები, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით აწარმოონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა. ეს ფაქტორები დღეს ისევ მუშაობს და ამენად შესაძლებელია, რომ კურსი სტაბილური იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

საქმე ისაა, რომ სავარაუდოდ, გაგრძელდება რუსეთის სანქცირება და ეს ფაქტორი დამატებით ხელს შეუწყობს საქართველოში იმ ბიზნესის გადმოდინებას. 

საერთოდ, სავალუტო შესყიდვები უნდა იყოს იმპორტის არანაკლებ სამი თვის ტოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ შესყიდვა თუ უფრო მეტია, მაშინ უფრო კარგია ქვეყნისათვის და თუ ნაკლებია, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ რისკებთან იყოს დაკავშირებული ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა. 

ვერავინ იტყვის რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე. სავარაუდოდ, გაგრძელდება ეს წინააღმდეგობები და გარკვეული შესვენებებით ომიც. სანამ ასეთი დაძაბული მდგომარება იქნება, საქართველო ისარგებლებს და განიმტკიცებს ეკონომიკურ ოზიციებს“, - განუცხადა თოქმაზიშვილმა „რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე