ნატალია ჯვარიძე
(27.05.2025)

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაა გაკრიტიკებული, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „სამარცხვინო თავდასხმას" უწოდებს. ანალიტიკოსთა შეფასებები ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია, თუმცა ერთ საკითხზე ყველა თანხმდება - ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება უახლოეს პერიოდში პრაქტიკულად გამორიცხულია.

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით, ეს განცხადება იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ევროპა „ქართული ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებს. განსხვავებული მოსაზრება აქვს ანალიტიკოსს ზაალ ანჯაფარიძეს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ განცხადების ავტორები სწორედ „საქართველოს ხელისუფლებას" მიმართავენ და მისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

რაც შეეხება ქართული მხარის პასუხს, ანჯაფარიძის შეფასებით, „ოცნება" ერიდება ევროკავშირთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებას და ამიტომაც, ხისტი საპასუხო განცხადების გარდა ამას რაიმე სხვა სახის კონკრეტული ნაბიჯები არ მოყვება.

„როგორც მე ვაკვირდები, „ოცნება" კი აკეთებს ასეთ ხისტ განცხადებებს ცალკეული მაღალი რანგის პირების დონეზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ერიდება ევროკავშირთან ურთიერთობის ბოლომდე გამწვავებას და ამიტომაც ამ ხისტი განცხადებების იქით არ მიდის", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ერთობლივი განცხადება და „ოცნების" პასუხი

ე.წ. „ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერთა ერთობლივი განცხადება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს გაკეთდა და იგი საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ევროპელი ლიდერები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევს.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ. ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სამი ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი უნდა აღადგინოს და ქართველ ხალხს ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები არ უნდა ჩამოერთვას.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაოუაშვილი ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „ სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს".

რა მნიშვნელობისაა საერთო განცხადება

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის შეფასებით, ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპაში ლეგიტიმაცია არ აქვს.

„მართალი გითხრათ, ეს განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს იმ გაგებით, რომ აქ ახალი არაფერია და ის დამოკიდებულება, რაც მათ აქვთ, ისედაც ვიცით. უბრალოდ, ამით კიდევ უფრო მეტად დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია ევროპაში არ აქვს", - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძეც აღნიშნულ განცხადებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა ამბობს, რომ განცხადების მიხედვით, ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებას" ხელისუფლებად თვლიან.

„ამ განცხადებას მე მაინც და მაინც გადაჭარბებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ეს არის ზოგადად იმ გზავნილების გამეორება, რაც ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყოველდღიურად, არჩევნებიდან მოყოლებული ისმის. ახალი და განსაკუთრებული იქ არაფერი გაჟღერებულა, მაგრამ ერთ რამეს მინდა ყურადღება მივაქციო. ანუ, ტექსტში ნათქვამია - „საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ოპოზიციასთან დიალოგისკენო" და ა.შ. ესე იგი გამოდის, რომ „ოცნებას" ქართულ ხელისუფლებად მიიჩნევენ.

„მნიშვნელობა არ აქვს როგორ ხელისუფლებად თვლიან, მიმართავენ, როგორც საქართველოს არსებულ მთავრობას და მისგან მოითხოვენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. თუმცა, თუ ამას მეორე კუთხიდან შევხედვთ, ჩემი აზრით, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ ევრობიუროკრატის არსებული დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ უახლოეს პერსპექტივაში ალბათ არ შეიცვლება", - თქვა ზაალ ანჯაფარიძემ.

რამდენად რელევანტურია „ოცნების პასუხი"

დავით ზურაბიშვილი კითხვაზე, რამდენად რელევანტური იყო ამაზე პაპუაშვილის განცხადება, პასუხობს:

„გააჩნია რას ვეძახით რელევანტურს. თუ ხელისუფლება დასავლეთისგან იზოლაციას აპირებს და ამ ხაზს მიჰყვება, მაშინ პაპუაშვილი ან სხვები გასცემენ პასუხს. ჯერჯერობით ეს ხაზი აქვთ არჩეული", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე არარელევანტურ ნაბიჯად თვითონ უცხოელი ლიდერების განცხადებას მიიჩნევს.

„რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარეს სრული უფლება აქვს უცხოელი ლიდერების განცხადებებს გამოეხმაუროს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. რელევანტურობაზე თუ დავიწყებთ საუბარს, მოდით, კითხვა ასეც დავსვათ - რამდენად რელევანტური იყო თვითონ ამ სამეულის განცხადების ტექსტის შინაარსი და პათოსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების თარიღის მიმართ? მათ შეეძლოთ თავიანთი წუხილები და ბრაზი ცალკე განცხადებაში გამოეხატათ.

„როცა შენ თითქოს მილოცვის წერილს აგზავნი და თან საყვედურებს აყოლებ, ასევე იყენებ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „დაგმობა" და ა.შ., ეს ნამდვილად არ ჯდება არც რელევანტურობის და არც ჩვეულებრივი ეთიკისა და ეტიკეტის სტანტარტებში. ამით აჩვენებ შენს რეალურ დამოკიდებულებას ამ ქვეყნის არჩეული ხელისუფლების მიმართ. ამიტომაც პაპუაშვილის განცხადება შესაბამისი პასუხი იყო.

„მე მაინც მგონია, რომ ხელისუფლება, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ საქართველომ მოიპოვა აქამდე უპრეცედენტო დამოუკიდებლობის ხარისხი, სიტყვიერ ფარიკაობას ევროპელ ლიდერებთან და ევროსტრუქტურებთან უნდა გასცდეს და გააკეთოს ოფიციალური განცხადება, დაიბაროს ამ ქვეყნების ელჩები და მოსთხოვონ ახსნა-განმარტება. ეს არის სავსებით მიღებული პრაქტიკა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ. თუმცა, მე ვფიქრობ, მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ ის სახელმწიფოა და ასეთ რაღაცებს ასე მარტივად არ გაატარებს", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

რა ნაბიჯს გადადგმას ხელისუფლება

დავით ზურაბიშვილს უჭირს პროგნოზირება, თუ რა საპასუხო ნაბიჯები შეიძლება გადადგას ხელისუფლებამ და ამბობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია პირადად ბიძინა ივანიშვილზე.

„რაც შეეხება იმას, თუ რას გააკეთებს ხელისუფლება, როგორც ვხედავთ არაფერს აკეთებს და იძახის, რომ ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტზე თავდასხმა. ამას გააგრძელებს.

„ყველაფერი ერთი ადამიანის (ბიძინა ივანიშვილის) ნება-სურვილზეა დამოკიდებული და ის აკონტროლებს ყველაფერს. ჩვენ ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. სახელმწიფო და ხელისუფლება პრაქტიკულად გაუქმებულია და ეს არის ერთი ადამიანის ნება-სურვილების აღმსრულებელი მექანიზმი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და რას ჩათვლის საჭიროდ ეს ერთი ადამიანი თავისი უსაფრთხიებისთვის. თუ ჩათვალა, რომ ცოტა დათმობებია აუცილებელი, დათმობს და თუ ჩათვალა, რომ კიდევ უფრო მეტად საჭიროა მკაცრად გამიჯნება, გაემიჯნებიან და ა.შ. მოკლედ, რეალურად ამ კაცზეა ყველაფერი დამოკიდებული.

„ჯერჯერობით მას აქვს ისეთი წარმოდგენა, რომ თითქოს დასავლეში შეთქმული ძალები მის ჩამიგდებას ცდილობენ. შესაბამისად, თავისებურად იბრძვის და თავს იცავს. ყოველ შემთხვევაში მას ასე ჰგონია და ცდილობს ძალაუფლება განიმტკიცოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ჯერჯერობით „ქართული ოცნება" ხისტი განცხადებების იქით არ მიდის და ევროკავშირთან ურთიერთობის ბოლომდე გაფუჭებას ერიდება.

„რთულია იმის თქმა, რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ საპასუხოდ, რადგან, როგორც მე ვაკვირდები, „ოცნება" კი აკეთებს ასეთ ხისტ განცხადებებს ცალკეული მაღალი რანგის პირების დონეზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინც ერიდება ევროკავშირთან ურთიერთობის ბოლომდე გამწვავებას და ამიტომაც ამ ხისტი განცხადებების იქით არ მიდის. ყოველ შემთხვევაში აქამდე რასაც ვუყურებდით, ასე იყო და თუ ამის შემდეგ „ქართული ოცნება" გადაწყვეტს რაღაც ქმედითი ნაბიჯის გადადგმას, ვნახავთ, შანსები თითქმის თანაბარია. ასევე, ეს დამოკიდებული იქნება მთელ რიგ გარემოებებზე იქიდან გამომდინარე, თუ რამდანად სურს „ოცნებას" შევიდეს კონფლიქტში ევრობიუროკრატიასთან", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე