თამთა ჩაჩანიძე
(26.05.2025)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღემ ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მშვიდობიანად და ტრადიციული ელემენტებით ჩაიარა, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმან, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დაანონსებული მთავარი ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციებზე შედგა.

ღონისძიებებთან დაკავშირებულ მთავრობის ოფიციალურად გაწერილ გეგმაში თავიდანვე არ მოიაზრებოდა რუსთაველის მოედანი, სადაც უკვე ექვსი თვეა უწყვეტი პროტესტი მიდის.

საქართველოს მთავრობის მიერ დაორგანიზებული მთავარი ღონისძიება დღის პირველ ნახევარში თავისუფლების მოედანზე შედგა. ოპოზიციამ კი აქტივობები და მარშები ძირითადად 15:00 საათიდან დაიწყო და პარლამენტის წინ შეკრებითა და მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვით დაასრულა.

ოფიციალურად გაწერილი საქართველოს მთავრობის გეგმის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა ყველა ის ღონისძიება, რომელიც ამ დღის ტრადიციადაა ქცეული, მათ შორის თავდაცვის ელემენტებით და გასართობ-შემეცნებითი პროგრამებით. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს თავისუფლების მოედნიდან და დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, წვევამდელებმა თავისუფლების მოედნის გარდა ქვეყნის ხუთ ისტორიულ ლოკაციაზე ფიცი დადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად 1918 წლის 26 მაისს 17:10-ზე გამოცხადდა. ამ დროს ორივე მხარეს თავისი სიმბოლური ღონისძიებები ჰქოდა დაგეგმილი, თუმცა სხვადასხვა ლოკაციაზე. ოფიციალური საზეიმო ცერემონიალი 17:00-ზე ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან გაიმართა, სადაც გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

დამოუკიდებლობის დღისთვის "26 მაისის ეროვნულმა კომიტეტმა" მზადება მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თაოსნობით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო, სამოქალაქო სექტორთან, პროტესტის მონაწილეებთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად.

"იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, საქართველო ქუჩაში დგას და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ და 6 თვე მას მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და ამიტომ გამარჯვებულია",- ამ სიტყვებით მიმართა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღის ბოლოსკენ რუსთაველზე შეკრებილებს, სადაც გააჟღერა მთავარი გზავნილი, რომ "არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების" წესებით".

"უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია - ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი",- ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავისუფლების მოედანზე დღის პირველ ნახევარში შეკრებილებს.

26 მაისი ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით

ოპოზიციის აქტივობები ძირითადად 26 მაისს 15:00 საათიდან დაიწყო, სამოქალაქო სექტორისა და ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა ქუჩიდან მარშები გამართეს.

ერთ-ერთი მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები სლოგანებითა და შეძახილებით ფილარმონიასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ.

ფილარმონიასთან კი მსახიობები, თეატრისა და კინოს რეჟისორები, მწერლები და მუსიკოსები შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ. აქციას შეუერთდნენ პატიმრების მშობლები.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ახალ წელს, რუსთაველის გამზირზე პროტესტის დროს გაშლილი მაგიდის წითელი სუფრა, რომელზეც პროტესტზე მყოფი მოქალაქეების წარწერები ეწერა - " არ გავჩერდეთ", "საით მივდივართ? ევროპაში"! "რუსული რეჟიმის საბოლოო დასასრული საქართველოში და გამარჯვება!", " საქართველო პრორუსი ხელისუფლების გარეშე" .

მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კიდევ ერთი მსვლელობა - "დამოუკიდებლობისთვის" მოეწყო, რომლის ორგანიზატორი კოალიცია "ძლიერი საქართველო" იყო. მარშში მონაწილოებდნენ კოალიციის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები.

რუსთაველის გამზირზე სპორტული საზოგადოება "შევარდენის" მარში გააცოცხლეს, რომელიც თბილისში, 1919 წლის 26 მაისს მოეწყო."პირველი რესპუბლიკის აღლუმი", პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მარშის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. შესრულდა პირველი რესპუბლიკის ჰიმნიც.

26 მაისთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა გვანცა ჯობავამ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი წაიკითხა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

მარშებითა და მსვლელობებით მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, „26 მაისის ეროვნული კომიტეტის", ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით, დასკვნითი ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო კვლავ დაგიცავ" რუსთაველის გამზირზე 21:00 საათზე დაიწყო. როგორც აღინიშნა, მოქალაქეებს დღის ბოლოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა, ასევე შეკრებილებს შეუერთდნენ ევროპარლამენტარები, რომლებიც სპეციალურად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვიდნენ.

მტავარი გზავნილი, რაც ზურაბიშვილმა აქციაზე გააჟღერა ის იყო, რომ მისი თქმით, "არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების" წესებით და „ქართული ოცნების" და მანიპულაციის ქვეშ". სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა ჩატარდეს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან შესაძლებელია ერთდროულად ორივეს ჩატარება. მისი შეფასებით, "ამისთვის აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომელიც შევქმენით „წინააღმდეგობის პლატფორმის" ფარგლებში, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის. აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ". მანამდე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა შეკრებილებს.

"გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს! დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, რატომ ვზეიმობთ იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან. რატომ ვზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა, როცა დღითი დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი.

"რატომ ვზეიმობთ, ეს კითხვა ყველას გვაქვს ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ. უკვე გამარჯვებული ვართ იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოს ყველაფერს გაუძლო და მოვიდა დღემდე, უკვე გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ 117 წლის წინ საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. გამარჯვებულები ვართ იმიტომ, რომ ოკუპაციიდან 70 წლის შემდეგ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს.

"იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველანი ერთად ვიყავით და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებინა და აღგვედგინა. ჩვენ იმიტომ ვართ გამარჯვებულები, რომ უკვე ორი წელია, საქართველო ქუჩაში დგას და იდგა ყოველ ჯერზე, როცა მისი დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. იდგა 2008 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი. დგას არჩევნებიდან 7 თვის შემდეგ და 6 თვე მას მერე, რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და ამიტომ გამარჯვებულია.

"გამარჯვებულია ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ჰქვია მზია და ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება. გამარჯვებულია იმიტომ, რომ არცერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ არცერთმა მშობელმა თავის შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები.

"ამიტომ, გვაქვს უფლება, რომ დღეს აქ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის მოედანზე შეკრებილებს.

26 მაისი საქართველოს მთავრობის ორგანიზებით

მთავრობის გაწერილი გეგმის მიხედვით, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება დედაქალაში თავისუფლების მოედანზე გაიმართა. ღონისძიება 11:00 საათიდან, ხალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიით დაიწყო. სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.

თბილისში, თავისუფლების მოედნის გარდა, 700-მდე წვევამდელმა ქვეყნის მასშტაბით ფიცი დადო კიდევ ხუთ ისტორიულ ადგილზე - ნოქალაქევში, გეგუთის სასახლესთან, სამთავისის კათედრალთან, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და ხევში, ელიას მთაზე.

თავისუფლების მოედანზე განლაგებულები იყვნენ სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე გამოყვანილი იყო სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა საქართველოს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იყო გამოფენილი. სამხედროების საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობდა. აღლუმი და სამხედრო ფიცი პირველად ჩაიბარა საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხელ ყაველაშვილმა.

მთავარ ღონისძიებას მიხეილ ყაველაშვილისა და მათიაშვილის გარდა, ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე შიო (მუჯირი) წმინდა სინოდისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დროშის ფერებში გადაწყვეტილი სპეციალურად გამართული სცენიდან საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ჯერ მიხეილ ყაველაშვილმა ახალწვეულებს ფიცის დადება მოულოცა, რის შემდეგაც დამსწრეებს მიესალმა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ვრცელი სიტყვით.

"უნდა გვესმოდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა, რომელსაც მუდმივი დაცვა და მოფრთხილება სჭირდება. სამშობლოზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი აქტი ან ვალდებულება. ეს არის უწყვეტი პროცესი, ერთგვარი მისია - ქართველი ხალხის ხვედრი, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების ბრძოლით დაიწყო და არასდროს დასრულდება, სანამ იარსებებს საქართველო და ქართველი ერი.

"სწორედ ამ იდეისთვის მამა-პაპათა ბრძოლამ შემოგვინახა სამი ღვთაებრივი საუნჯე: მამული, ენა, სარწმუნოება, რომელთა დაცვაც თითოეული ჩვენგანის ვალია. თუ ამ სამიდან რომელიმე გამოაკლდება, ჩვენ დავკარგავთ მთავარ იდეას, რომელსაც საქართველო ჰქვია, დავკარგავთ ქართულ ფესვებს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ქართველი ერი განადგურების საფრთხის წინაშე დადგება.

"ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომლებიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩენს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიწამოთ საკუთარი თავის და გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარ მომავალს და არავინ სხვა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, რომ არა ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქვეყნისთვის ძალიან რთულ და საშიშ პერიოდში მხოლოდ ხელისუფლის გონივრული და ეროვნული პოლიტიკა ვერაფერს გახდებოდა.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე.

ყაველაშვილის შემდეგ, საზოგადოებას ასევე ვრცელი სიტყვით მიმართა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, მისი თქმით, ბოლო ორი საუკუნის მანძილზე, საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორც დღეს.

"დღევანდელ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე საქართველო არასოდეს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა არის უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. ამიტომ მისი გაფრთხილება ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს და, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, გპირდებით, რომ ეს აუცილებლად ასეც იქნება. საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება.

"სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ, 40-წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას: პირველი, ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არცერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში; მეორე, ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო - საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით კი, მთავარი ორიენტირი, ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება.

„ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გამყარებასთან ერთად, ძლიერდება ჩვენი ჯარი, მტკიცდება ჩვენი საზღვრები, ძალას იკრებს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი ხალხის რწმენა, რომ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, სუვერენიტეტს აღარასოდეს დავკარგავთ.

დღეს თქვენ დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს, ჩვენი სახელმწიფოს, ღვთისა და ერის წინაშე. ხუთჯვრიანი დროშის წინაშე ხუთჯერ წარმოსთქვით სიტყვა - „ვფიცავ". მნიშვნელოვანია, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში გვახსოვდეს ფიცი, მიცემული სიტყვა და წმინდა მიზანი, რომლისთვისაც ეს ფიცი დავდეთ.

დღეს მსოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერ-მოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა - ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ სამი ცნების გარეშე საქართველოს არასოდეს უცხოვრია და ვერც მომავალში იცხოვრებს.

„ეს ცნებები ჩვენი ცოცხალი მემკვიდრეობაა; უძველესი, მაგრამ თანამედროვე შინაარსის მატარებელი. ამ ცნებების გარეშე არასოდეს გვიცხოვრია და ვერც მომავალში ვიცხოვრებთ. ამ ტრიადიდან რომელიმეს დაკარგვა ნიშნავს, რომ დავიკარგებით როგორც ერი, როგორც სახელმწიფო. ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი; სახლი, სადაც ვცხოვრობდით ყოველთვის, დღიდან ისტორიის დასაბამისა. მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა-პატრონობა, ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების და საზეიმო ღონისძიების დასასრულს საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენმა აპარატებმა გადაუფრინეს. დღის განმავლობაში ღონისძიებები გაიმართა ორბელიანის მოედანზეც.

აღსანიშნავია, რომ 107 წლის წინ, ზუსტად 17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ზუსტად ამ დროს ქვეყნის მასშტაბით, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნი შესრულდა. თბილისში ჰიმნი პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესრულდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე