
ნიდერლანდები უკრაინაში ბოლო, 24-ე, „ეფ-16-ების" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავების გაგზავნა 26 მაისს იყო დაგეგმილი. „ეს ნიშნავს, რომ 24-ვე დაპირებული მოიერიშე თვითმფრინავი მალე უკრაინაში იქნება", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაზე თავდასხმებით აჩვენებს, რომ მას არ აქვს განზრახვა, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი სერიოზულად განიხილოს. ამიტომ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევა.
„ასევე, ვამზადებთ პილოტებსა და ტექნიკოსებს და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს სამხედრო დოქტრინებს, რათა უკრაინამ შეძლოს თანამედროვე შეიარაღებული ძალების შექმნა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებს შეესაბამება", - აღნიშნა რუბენ ბრეკელმანსმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინელები „ეფ-16-ებს" ჯერჯერობით თავდაცვის მიზნით იყენებენ, რადგან მის ათვისებას და მართვას გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ შემდეგ სხვა ტიპის ოპერაციებიც განახორციელოს.
„„ეფ-16-ები" ამ ეტაპზე ინტენსიურად არ გამოიყენება, რადგან მის ათვისებასა და მართვას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა ის ელემენტები, რომელიც უკრაინელებმა უკვე აითვისეს, ძირითადად რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით შეიარაღებისთვის იყენებენ. ისინი ძირითადი უკრაინული ქალაქების თავზე მორიგეობას ახორციელებენ. ეს ერთგვარი ეფექტური საშუალებაა იმ კომპლექტთან ერთად, რომელიც არის დავუშვათ საზენიტო სარაკეტო კომპლექსი.
„ეფ-16-ები" არის მრავალფუქციონირებადი ავიაგამანადგურებლები. სიტყვა ავიაგამანადგურებელიც გვეუბნება, რომ მას უფრო მეტი დატვირთვა აქვს. სწორედ ამ „ეფ-16-ების" გამო არის, რომ რუსეებმა უშუალოდ საჰაერო დაბომბები შეამცირეს. საჰაეროზე ვამბობ თვითონ საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენების ელემენტებს, ანუ ისინი არ შედიან „ეფ-16-ების" საკონტაქტო დაპირისპირების არეალში.
მხოლოდ სტრატეგიულ ბომბდამშენებს იყენებენ, რომლებიც უბრალოდ ახორციელებენ უკრაინული ქალაქების დაბომბვას რუსული საჰაერო სივრცეებიდან. ფაქტობრივად, ამან გამორიცხა რუსების მიერ თუნდაც საკუთარი მეოთხე მრავალჯერადი ავიაგამანადგურებლების გამოყენების საშუალება და ისინი ძირითადად დამოკიდებულები არიან უპილოტო თვითმფრინავებზე, (დრონებზე), ბალისტიკურ სარაკეტო კომპლექსებზე და რასაკვირველია, რუსეთის ტერიტორიიდან გაგზავნილი ჰაერი-მიწის ტიპის სარაკეტო რაკეტებზე.
ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა და შემდეგ, როცა უკვე უკრაინას გაუჩნდება კრიტიკული ერთეული ასეთი თანამედროვე ტიპის საჰერო ძალის შეიარაღება, რა თქმა უნდა, ამას საბრძოლო ოპერაციების განხორციელებისთვის გამოიყენებენ .
ასევე, შესაძლოა უკრაინამ ეს საჰაერო ძალის კომპონენტი გამოიყენოს როგორც შემტევითი ტიპის ოპერაციების უზრუნველყოფის მიზნით. ჯერჯერობით გამოიყენება თავდაცვითი ტიპისთვის შეიარაღებისთვის, ანუ რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების კონტექსტში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



