
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით რიტორიკას ცვლის და აცხადებს, რომ "პუტინით უკმაყოფილოა" და, რომ ის მასირებული იერიშებით ხალხს უმოწყალოდ ხოცავს უკრაინაში.
ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც განიხილავს და ანალიტიკოსების თქმით, ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი ტრამპის დამოკიდებულებაში ომის მიმართ.
ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვაშინგტონი კიევის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გააგრძელებს და გაზრდის. მათ შორის მხარდაჭერას გააძლიერებს საჰაერო თავდაცვის სფეროში.
უნდა აღინიშნოს, რომ 400-მდე დრონით და რაკეტით რუსეთის 25 მაისის მასირებულმა და კომბინირებულმა იერიშმა უკრაინის 13 რეგიონი დააზარალა: ქალაქი კიევი, კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავას ოლქები.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა 80-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, დაფიქსირდა ხანძრის 27 კერა. არსებული მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი დაშავდა. დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი ჟიტომირის ოლქში მცხოვრები ერთი ოჯახიდან. მათი მშობლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა მძიმე მდგომარეობაშია.
როგორი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პასუხი
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპს მოთმინების ფიალა აევსო, დაინახა რა, რომ პუტინს არც რეალურად მოლაპარაკებები სურს და არც ცეცხლის შეწყვეტა აქვს გეგმებში.
"რუსეთის დღევანდელი რეჟიმის გამო, სამშვიდობო მოლაპარაკებები ფაქტიურად ჩავარდა. პირიქით, ამის შემდეგ პუტინმა ძალის პირდაპირი დემონსტრირება მოახდინა, მასობრივი სარაკეტო ბალისტიკური დარტყმებით. უდანაშაულო ხალხი დახოცა, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და სამი ოჯახი მთლიანად ამოწყვიტა, რაც გენოციდის ფაქტია და შესაბამისად, ტრამპს მოთმინების ფიალა აევსო.
"მოლაპარაკებები რუსული დელეგაციის ძირგამომთხრელი და პროვოკაციული ქმედებების გამო ჩაიშალა. იმისათვის, რომ ზელენსკის ეს სისხლისღვრა შეეჩერებინა, საკუთარ ბრძანებულებასაც გადააბიჯა და მაღალი დონის დელეგაციით ჩავიდა. ამით აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა და მსოფლიოს დაანახა, რომ ის მზადაა კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯიც გადადგას, ოღონდ ეს ბარბაროსული დაბომბვები შეწყდეს.
"სამწუხაროდ, ამანაც არ გაამართლა, პუტინი დაიმალა და პირიქით, ულტიმატუმი წაუყენა. ივნისის შუა რიცხვებში რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევას იწყებენ, ეს ფაქტიურად ომის ახალ ფაზაში გადაყვანაა.
ბოლო დარტყმა იყო მართლაც დაუნდობელი და ვფიქრობ, რომ ამას კიდევ მოჰყვება მინიმუმ სამი საშინელი იერიში. რუსებმა ხარკოვის მიმართულებით 50 ათასიანი დაჯგუფება უკვე გადაისროლეს, ზაპოროჟიეს მიმართულებისთვის ერთ 50 ათასიან დაჯგუფებასაც ქმნიან. ამასთან, პუტინმა ზელენსკის ულტიმატუმი წაუყენა, რომ უკრაინამ სუმის მხარე დატოვოს, ასევე დნეპრის რეგიონი, რაც ადრე მოსკოვს არ წამოუყენებია.
"პუტინის ახალი ოპერაციის მთავარი ამოსავალი წერტილი, როგორც ჩანს, ხარკოვის, სუმის დნეპრის დაკავება და ნიკოლაევი-ოდესის მიმართულებით გასვლაა. მან თავის გენერალიტეტს უბრძანა, რომ თუ ეს არ შესრულდება, შესაბამის რეპრესიულ ზომებს მიიღებს, მათაც ამ გეგმაზე აქვთ მთელი კონცენტრაცია.
პუტინს სუმი ბუფერული ზონისთვის სჭირდება, რომ დაიცვას კურსკი-ბელგოროდის რუსული რეგიონები, რათა წინა სცენარი არ განმეორდეს, როდესაც უკრაინელებმა რუსული ტერიტორიების ოკუპაცია წარმატებულად განახორციელეს და რითაც სიმეტრიული ტიპის სამხედრო-სტრატეგიული დარტყმა მიაყენეს.
"დნეპრი ყველაზე მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული საკვანძო წერტილია, სადაც კონცენტრირებულია უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაახლოებით 60%, პუტინს დღეს ჰაერივით სჭირდება ამ რეგიონის დაკავება. ეს უკრაინისთვის სამრეწველო-ეკონომიკური კუთხით ღერძული რეგიონია. ამ გეგმის განხორციელებისთვის პუტინმა ყველა არსებული საშუალებების მობილიზაცია დაიწყო",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
მაისაიას თქმით, უკრაინა კონტრზომებზე მუშაობს.
"უკრაინა ამ ყველა საფრთხეს კარგად აცნობიერებს და კონტრ ზომებზე მუშაობს, რომ ეს სტრატეგიულ დონეზე არ დაუშვას. თუ რუსები ამ სტრატეგიულ შეტევას დაიწყებენ და ჩემი პრიგნოზით, ეს მოსალოდნელია, ტრამპი სერიოზულად დაუჭერს მხარს უკრაინას. როდესაც უკრაინის მთავარი ქალაქები იბომბება, ამით ჩანს, რომ რუსების მთავარი მიზანი იყო, რომ ფაქტიურად მოესპოთ კიევის რკინის გუმბათის საფუძვლები.
"ახლა ტრამპის ადნინისტრაციის მთავარი ამოცანა იქნება, გააძლიეროს სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ უკრაინის რკინის გუმბათი შეიკრას. მოგეხსენებათ, ტრამპმა ოქროს გუმბათი დაანონსა, მათ შორის ეს რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და ალბათ უკრაინის დიდი ქალაქების საჰაერო თავდაცვა ტრამპის პრიორიტეტი იქნება.
ასევე დამატებით ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რაც აუცილებელია უკრაინის თავდაცვითი ომის საწარმოებლად. ამასთან, ევროპელები ახალი ტიპის კოალიციის ფარგლებში უკრაინას რეალურ დახმარებას გაუწევენ ყველა მიმართულებით",- განაცხადა მაისაიამ "რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვაშინტონში რუსეთის წინააღმდეგ დამრტყმელი სანქციები უკვე სერიოზულად განიხილება.
"ტრამპი დიდი ალბათობით სანქციების საკითხს სერიოზულად განიხილავს. ტრამპი ალბათ იძულებულია, რომ კონგრესის პოზიციას გაუწიოს ანგარიში, მათ შორის თანაპარტიელების, რადგან რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ რუსეთს დამატებით სანქციები უნდა დაუწესდეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო არის 500%-იანი ტარიფია, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსული ნავთობის ინპორტს განახორციელებენ, პრინციპში ეს საქართველოსაც უკავშირდება.
"ტრამპს შიდაპოლიტიკურ ასპარეზზე ისედაც პრობლემა აქვს, მის წინააღმდეგ გამოსვლებია 50-ივე შტატში. ფართომაშტაბიანი გამოსვლები განსაკუთრებით შაბათ-კვირას იყო, ამას ემატება ის, რომ თავად კონგრესია განწყობილი იმგვარად, რომ რუსეთს დამატებითი სანქციები აუცილებლად უნდა დაუწესდეს და თუ ტრამპი კონგრესის წინააღმდეგ წავიდა, შესალოა მას მომხრეები კონგრესშიც გამოეცალოს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მომავალ წელს კონგრესის არჩევნებია.
"ვფიქრობ, შეიძლება უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს აშშ-მა, თუმცა მეორეს მხრივ ტრამპი ზელენსკიასაც არ იხსენიებს კარგად, ესეც ბუნდოვანია. ნაცისული განცხადება იყო, სადაც იმის წარმოჩენა სურს, რომ ყველა ცუდია და თავადაა კარგი. ყველა ვარიანტში სანქციებს გააძლიერებს ვაშინგტონი, კონგრესი ამაზე მუშაობს დაარწმუნოს ტრაპი იმაში, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება მნიშვნელოვანია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი
"სქაი ნიუსი" წერს, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა. ტრამპის თქმით, კრემლის ხელმძღვანელს დიდი ხანია იცნობს, მაგრამ ახლა მას „რაღაც დაემართა".
„არ ვიცი, რა ჯანდაბა დაემართა პუტინს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ყოველთვის კარგად ვუგებდი. მაგრამ ის ქალაქებში რაკეტებს აგზავნის და ხალხს კლავს და ეს არ მომწონს. არ მომწონს ის, რასაც პუტინი აკეთებს. ოდნავადაც კი არა. ის ხალხს კლავს. ამ კაცს რაღაც დაემართა და ეს არ მომწონს", - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას „აბსოლუტურად" განიხილავს. მოგვიანებით კი, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინი აბსოლუტურად გაგიჟდა.
„ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. უკრაინის ქალაქებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, რაკეტებსა და დრონები ესვრიან", - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, პუტინს სურს არა მხოლოდ უკრაინის ნაწილი, არამედ მთელი ქვეყანა.
„ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს სწორი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ასე მოიქცევა, ეს რუსეთის დაცემამდე მივა! ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკის არანაირი სარგებელი არ მოაქვს თავისი ქვეყნისთვის ასე საუბრით.
"ყველაფერი, რაც მის პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის, ეს არ მომწონს და ჯობია შეწყდეს. ეს არის ომი, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინის და ბაიდენის ომი და არა „ტრამპის", მე მხოლოდ ხელს ვუწყობ დიდი და საშინელი ცეცხლის ჩაქრობას, რომელიც არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო", - დაწერა ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



