საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უცხოეთიდან მრავალმხრივი მხარდაჭერის გზავნილებით ხვდებიან - ევროპელი და აზიელი ლიდერები, მეფეები და მინისტრები პატივს მიაგებენ ქვეყნის სუვერენიტეტს, ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის მრავალასწლოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.
„ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ერებს შორის მეგობრობა და პარტნიორობა ემყარება დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებს. ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას, ასევე ჩვენს მყარ კავშირებს", - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
„ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ შთამაგონებელია. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ერთგული რჩება პარტნიორობის, რომელიც უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ საქართველოს მისწრაფებებს შეესაბამება", - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა ვაშინგტონის მერმაც.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზიც უერთდება მილცოვებს.
„მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე მოხარულები ვართ, გამოგიგზავნოთ ჩვენი ყველაზე გულთბილი მილოცვა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორი ქვეყნის ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას", - წერს მეფე ჩარლზი მისალოც წერილში.
მეზობლური სოლიდარობა - აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი
მილოცვებს უერთდებიან აზერბაიჯანი და სომხეთი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრემიერ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ყურადღებას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ამახვილებს.
„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ თქვენ და თქვენი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საფუძველი ჩვენი ხალხების მტკიცე ნებაზეა აგებული, რომლებიც ისტორიულად მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და ურთიერთმხარდაჭერის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ."
სომხეთის საგარეო უწყება კი სოციალურ ქსელ X-ში წერს, სომხეთი აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას.
„გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები განაგრძობს გაღრმავებას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების მისალოც ტექსტში.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც უერთდება მოლოცვებს::
„ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", - აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების მილოცვაში.
„ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული"
ვრცელ განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. ის ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ეს დღე მძლავრი შეხსენებაა, რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასოდეს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად."
„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ."
ელჩმა განცხადებაში ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული.
„ევროკავშირი მტკიცედ რჩება საქართველოს ერთგული - სოლიდარობის, პარტნიორობისა და ევროპული დემოკრატიული მომავლის საერთო რწმენით. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ.
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წინ საქართველო, წინ!" - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი ვიდეომიმართვაში.
მილოცვები სხვა ქვეყნებიდან
მილოცვებს უერთდებიან პოლონეთი, ნიდერლანდები და მონტენეგროც.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ:
„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მილოცვას უერთება ნიდერლანდების ელჩის საქარვთელოში.
„ნიდერლანდების სამეფოს სახელით მსურს ქართველ ხალხს გულითადად მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საქართველოს ბევრი ბრძოლა მოუწია და ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ქართველი ხალხი დღემდე აგრძელებს საკუთარი თავისუფლების დაცვას - თავისთვის და მომავალი თაობებისთვის."
გრძელ სიაშია ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩიც:
როგორც რინკევიჩი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა ყოველთვის აუცილებელია.
„ამ მნიშვნელოვან დღეს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს", - წერს რინკევიჩი სოციალურ ქსელში.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილშ კი ვკითხულობთ:
„მილოცვა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს მთავრობას და ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ ძალისხმევას ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით", - წერს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სკანდინავიური მხარდაჭერა - შვედეთი და დანია საქართველოს გვერდით
საქართველოში შვედეთის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ:
„ძვირფასო ქართველებო, გულთბილად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი", - წერს შვედეთის საელჩო.
საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენიც ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ყველა ქართველს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულად. გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!" - წერს დანიის ელჩი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე