თამთა ჩაჩანიძე
(25.05.2025)

ფესტივალ „თბილისი ოუფენ ეარზე" მომღერალ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს რუსული დროშის გამოყენებით, მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა. ქვეყნის საგარეო უწყება სამართლებრივი რეაგირებით იმუქრება და არა გამორიცხული, რომ ქმედითი ნაბიჯებიც გადადგას გეწაძის წინააღმდეგ. რუსული სსკ-ს თანახმად, სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან იმავე ვადის იძულებითი შრომით ისჯება.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ერეკლე გეწაძე თუ რუსეთში არ ჩავა, სამართლებრივად აქ არაფერი ემუქრება, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, რადგან არაა გამორიცხული, რომ „ვიღაცას ფული გადაუხადონ და შური იძიონ".

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეზე, ქართველმა სამართალდაცავებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

„რუსეთმა მომავალში ამ ტიპის ღონისძიებები რომ გამორიცხოს, განსაკუთრებით პოსტ საბჭოთა სივრცეში, სადაც შეიძლება ეს საქციელი მოეწონოთ და გაიმეორონ, ასეთი ადამიანების წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი პრაქტიკა, რომ ასეთი ადამიანები რუსული კანონმდებლობით დაისჯებიან. ალბათ ასეთ ადამიანს ან რუსეთში არ შეუშვებენ, ან შეუშვებენ და დააპატიმრებენ. ამიტომ ადამიანმა, ვინც რუსეთის მიმართ თავის პოზიციას მკაფიოდ გამოხატავს, უნდა იცოდეს, რომ თავი უნდა აარიდოს რუსეთის ტერიტორიაზე მოხვედრას.

„გიორგი გაბუნიას მიმართ არ იყო სამართლებრივი დევნა, ვიღაც ადამიანი შემოვიდა და ასე უნდოდა შურისძიება. ანუ სამართლებრივი დევნა არ ყოფილა და სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება. ახლა კი, რაკი ასე თქვა ზახაროვამ, არაა გამორიცხული სამართლებრივი დევნა იყოს. ამ ადამიანის ადგილზე ამ მხრივ არ შემეშინდებოდა, თუ რუსეთში ჩასვლას არ აპირებ, არავითარი პრობლემა არაა.

„ისე არაა გამორიცხული, რომ საქართველოს მოქალაქემაც კი რაღაც განახორციელოს მის წინააღმდეგ. საქართველოში რა, რუსეთის მეხოტბეები არ გვყავს? ყველაფერი შეიძლება იყოს, ვიღაცას შეიძლება ფული გადაუხადონ და მან იძიოს შური - ამ მხრივ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ თუ ჩვენ ზახაროვას რეაქციაზე ვიმსჯელებთ, გამორიცხული არაა, გამოძიებამ დაადგინოს ამ ადამიანის ბრალეულობა რუსეთის სახელმწიფოს წინაშე და განუსაზღვროს რაღაც სასჯელი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გეწაძის პერფორმანსზე წერს რუსული მედიაც:

„მომღერალმა ჯერ რუსული სამფეროვანი დროშა დააგდო იატაკზე, შემდეგ აიღო და პაკეტში ჩადო. ამის შემდეგ კი, გეწაძემ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების (მოშარდვის) იმიტაცია მოახდინა".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა კი წერს, რომ „რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებენ რუსეთის სამფეროვანი დროშის პერფომანსს" საქართველოში.

„არ წყდება ზარები თხოვნით, კომენტარი გავაკეთოთ უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული დროშით რაღაც პერფორმანსი დადგა თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც უნდა ჩაიდინოს ნებისმიერმა შეშლილმა, მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ უმსგავსო აქტს საკუთარ შეფასებას მისცემენ", - განაცხადა ზახაროვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე