ქუთაისში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თეიმურაზ ჩოგოვაძეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა და მობილური ტელეფონები, გამოძიება სსკ-ს 108-ე მიუხლით - განზრახ მკვლელობაზე მიმდინარეობს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სხდომა 22 მაისს გაიმართა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საზარელი შემთხვევა 19 მაისს ქუთაისში, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა, რასაც წინ უძღვოდა სისხლიანი გარჩევა. გამოძიების ინფორმაციით, მოკლული 55 წლის იოსებ ხარაბაძე, მეზობლის ცოლს, 35 წლის ქალს კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით შეტყობინებებს წერდა და ერთი წლის განმავლობაში ავიწროებდა. ფაქტი საბოლოოდ მეუღლემ გაიგო. გავრცელებული ცნობებით, მკვლელობის ღამეს, მოკლული მეზობელთან თავისი ინიციატივით მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა.
ხარაბაძე შემთხვევის ადგილზე არ გარდაცვლილა, სასწრაფო დახმარება იქნა გამოძახებული, დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა და დაჭრილი, მაგრამ კონტაქტური კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცს ორი ჭრილობა ჰქონდა, ერთი ზედაპირული გულმკერდის არეში და მეორე მარცხენა მხარეს შემავალი, რომელმაც სავარაუდოდ სიკვდილი გამოიწვია.
ცნობილია ისიც, რომ ხარაბაძე სახლში მარტო ცხოვრობდა, განქორწილებული იყო და შვილი ჰყავს.
ადვოკატი გელა სორდია ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, ჩოგოვაძემ ცივი იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენა. მისი მტკიცებით, მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა აიღო და არა მის დაცვის ქვეშ მყოფმა.
22 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე წარსულში ნასამართლევი 1990 წელს თ.ჩ. დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.
„დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1970 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.
„პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",- წერია ინფორმაციაში.
„მოკლული 55 წლის კაცი, მეზობლის 35 წლის ქალს ესემეს-შეტყობინებას წერდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა. მკვლელობის ღამეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულთან მივიდა, რა დროსაც მათ შორის სისხლიანი გარჩევა მოხდა", - წერს „ინფო იმერეთი".
ბრალდებულის ადვოკატი გელა სიორდია აცხადებს, რომ 20 მაისს დაევალა ბრალდებულ თეიმურაზ ჩოგოვაძის ინტერესების დაცვა, რომელსაც ბრალი დაედო საკუთარი მეზობლის გაზრახ მკვლელობაში. სიორდიას თქმით, აღნიშნულს მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს - ბრალდებულს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ის საკუთარ თავს იცავდა.
„დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, გარდაცვლილი სისტემატიურად სხვადასხვა კომუნიკაციის საშუალებებით, სოციალიური ქსელებით, სატელეფონო ნომრებზე წერდა, შეტყობინებებს უგზავნიდა ბრალდებულის მეუღლეს, რომელზეც ის დაახლოებით 20 წლით უფროსია. ფაქტიურად შვილის ტოლ ადამიანს, რომელიც იქვე მეზობელად ცხოვრობს და არის ოთხი მცირეწლოვანი შვილის დედა, სისტემატურად უგზავნიდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხერხებით შეტყობინებებს. სთავაზობდა მას სასიყვარულო, თუ სხვაგვარ ურთიერთობას, რაზეც ბრალდებულის ცოლი არ თანხმდებოდა, კატეგორიულ უარს ეუბნებოდა, თუმცა ეს უარი მისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო და მიუხედავად ამ კატეგორიული უარებისა, ის ამ ქალბატონთან ურთიერთობას დაუსრულებლად აგრძელებდა, რაც საბოლოოდ მეუღლისთვისაც ცნობილი გახდა.
„მეუღლემ მოსთხოვა, რომ მისი ცოლისთვის თავი დაენებებინა, მოულოდნელად დაზარალებულმა დანა იშიშვლა, საკმაოდ მოზრდილი დანა იყო, როგორც ამას ჩემი კლიენტი ამბობს და ამ დანით ბრალდებულს დაემუქრა, რომელსაც გაუჩნდა სერიზული შიში იმისა, რომ შესაძლოა მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება და შეიძლება მოეკლა კიდეც, ამიტომ თვითონაც ჰქონდა ჯიბეში დანა, რომელიც ამოიღო და თავდაცვის მიზნით მიაყენა მას დაზიანება, რომლის შედეგადაც სამწუხაროდ ის ადამიანი გარდაიცვალა და სამწუხარო შედეგი დადგა", - განაცხადა გელა სიორდიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე