პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ალბანეთის სამიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ევროპული ბიუროკრატია "აბსოლუტურად უსამართლოა" ქართველო ხალხისა და საქართველოს მიმართ და ამას სხვა ახსნა არ აქვს თუ არა ის, რომ "დიფ სთეითი" ევროპულ გაერთიანებაში "ხელს აფათურებს".
როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამოსვლის მესამედი იმაზე საუბარს დაუთმო, თუ "რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება". კობახიძის თქმით, "ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს თავი არ აუწევია, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ უსამართლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს".
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კობახიძე ევროპელ ლიდერებთან 20 წამიან გამოლაპარაკებას ასაღებს იმად, რომ "თითქოს ევროპელებს ურთიერთობების აღდგენა სწყურიათ".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "დიფ სთეითის" ხშირად ხსენების პოლიტიკური შინაარსი ახსნის გარეშე თანდათან გაუგებარი ხდება და კითხვა ჩნდება, თუ რატომაა ეს კონკრეტული საქართველოზე ასე ამხედრებული.
ამასთან, ანალიტიკოსი დასძენს, რომ ევროპა უსამართლო იყო, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მოცემის დროს, როდესაც პროცესი გაიწელა საქართველოსთან მიმართებაში.
"ერთადერთი, რაზედაც პრემიერ-მინისტრს შევეკამათებოდი არის ხშირად "დიფ სთეითის" ხსენება, რადგან გაუგებარი ხდება "დიფ სთეითი" ჯერ რა არის, სწორედ მაგას იყენებენ ოპონენტები, რომ აბა თქვი სად ცხოვრობსო, არადა საცხოვრებელი ადგილი ალბათ ძნელი გამოსაყოფია და თან პოლიტიკური შინაარსია გაუგებარი, რატომაა დიფ სთეითი ასეთი ამხედრებული საქართველოზე?
"ჩემი აზრით, ის, რასაც "დიფ სთეითი"ჰქვია, ეს არის ლიბელარული ფრთა - დემოკრატები ამერიკაში და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით კი ლიბერალური პარტიული ჯგუფი, რომელიც ბუნებრივია სხვადასხვა სტრუქტურებშია გამჯდარი. აგერ "ნაცმოძრაობა" 9 წელი იყო საქართველოში და აქამდე ყველა სტრუქტურაში მათ ვაწყდებით. სხვათა შორის, "ნაცმოძრაობა" სწორედაც ლიბელარული ფრთიდანაა და კობახიძის ტერმინებით რომ ვთქვათ, "დიფ სთეითს" უჭერს მხარს.
"აქ გეოგრაფიას კი არა, პოლიტიკურ ორიენტაციას აქვს მნიშვნელობა, ისევე, როგორც ფაშიზმი და კომუნიზმი გეოგრაფიაზე არ იყო დამოკიდებული და იქ ერთიანდებოდა სხვადასხვა ქვეყნები ამ პოლიტიკური დროშების ქვეშ. ზოგადად ლიბერალიზმი კონსერვატიზმს უპირისპირდება, საქართველო გახდა კონსერვატიული მოძრაობის წევრი, ანუ ქვეყნის ხელისუფლება - "ქართული ოცნება" კონსერვატიულია. ლიბერალები კი ებრძვიან კონსერვატიულ პარტიას, კერძოდ "ქართულ ოცნებას".
"უსამართლობა ევროპის მხრიდან გამოიხატებოდა იმაში, რომ კანდიდატის სტსტუსს არ გვაძლევდა, როცა უკრაინას და მოლდოვას მისცეს, განსაკუთრებით მოლდოვა დსთ-ს წევრია, ამ დროს, გვსაყვედურებდნენ რუსეთზე გაქვთ ორიენტაცია და ამიტომ არ გაძლევთო. იგივე საყვედური სულ ისმის, რომ რუსეთზე გაქვთ ორიენტაციაო. ევროპას ხაზგასმით სურს, რომ ჩატარებული არჩევნები არ აღიაროს, ამ დროს დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, დემოკრატია კი ხალხის ნებაა.
"ლიბერალურმა ევროპამ რუმინეთში ხელისუფლებაზე იმოქმედა არჩეულ კანდიდატზე, ჩვენთანაც არჩეულ პარტიას ებრძვის და ეს პოლიტიკური ბრძოლაა და ბრძოლის დროს, სიმართლეს და ტყუილს არ უყურებენ, ბრძოლაში და ომში პარტია იქნება, თუ ადამიანი, მოტყუება მოსულა, ამიტომ ევროპაც ტყუის.
ის გვებრძვის კიდევ იმიტომ, სურთ ხელისუფლება შეიცვალოს, რადგან მიაჩნიათ, რომ დემოკრატიის კურსს გადაუხვია და ამ დროს დემოკრატიის ძირითად პრინციპი ხალხის ნება უნდა იყოს.
"ჩვენთან ჯერჯერობით კონსერვატიზმი იმარჯვებს, "ოცნებას" ევროპამ ვერაფერი ვერ მოუხერხა, ამ ბრძოლის პროცესში რა უსამართლობაც შეიძლება ყველაფერს აკეთებენ, რადგან ომში უსამართლობა დაშვებულია",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
რას ამბობენ ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებაში"
"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ კობახიძე 20 წამიან გამოლაპარაკებას ასაღებს იმად, რომ თითქოს ევროპელებს ურთიერთობის აღდგენა სწყურიათ.
"ოცნებას" არ დარჩა არანაირი რესურსი იმის, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნოს, შესაბამისად, "ქართულ ოცნებას" საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების რესურსიც აღარ დარჩა და ერთადერთი, რაც ვითარებიდან გამოსვლას უშველის არის რეჟიმის ცვლილება.
"ყველა მისი (კობახიძის) ვიზიტი - ალბანეთშიც რომ ჩავიდა, იქ ჩანგალზე იდგა და რაღაცა 20 წამიან ინტერაქციებს ასაღებდა თითქოს ევროპელებს ურთიერთობების აღდგენა სწყურიათ, მიმართულია ზუსტად იმ "ქართული ოცნების" და სტატუს-კვოს ლოიალისტებზე, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ "ქართულ ოცნებას" და ჩამოშლის პირას არიან",- განაცხადა "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველთან".
"როცა უმაღლეს დონეზე არის შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო - ორი სიტყვითაც შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით პოზიტიური მესიჯი გაუზიარო", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გასაუბრებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე დასმულ კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, ზოგიერთი ოპონენტისათვის მაკრონთან კობახიძის საუბარი მნიშვნელოვანწილად ისტერიკის მომგვრელი იყო.
„როცა უმაღლეს დონეზე არის შეხვედრა, 15-20-30 წამი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დრო იმისათვის, რათა შენი პოზიციები დააფიქსირო. თან ეს არ არის იმ დონის ხელმძღვანელობა, რომელსაც შეუძლია რაღაც სიტყვები გაცვალოს უბრალოდ ფორმალობისათვის.
იქ, საერთოდ ორმხრივი შეხვედრების ფორმატი არ არსებობს და მაკრონთან, თუნდაც მოკლე შეხვედრის დროს, რასაკვირველია, პოზიციების გამოხატვა არის იმ დონის, რომელიც შეესატყვისება სახელმწიფოთა ლიდერების პოზიციებს. აქედან გამომდინარე, ორი სიტყვითაც შეიძლება ერთმანეთს გარკვეულ საკითხებთან მიმართებით პოზიტიური მესიჯი გაუზიარო. ასე რომ, თუ თქვენ დროსთან გაქვთ პრეტენზია, რასაკვირველია, ეს არ არის არგუმენტი.
არ იყო მარტო მაკრონთან შეხვედრა. იქ იყო სხვადასხვა ლიდერთან შეხვედრა. საკმაოდ შინაარსიანი, ზოგიერთ შემთხვევაში, საკმაოდ გრძელი საუბარიც. ეს ფორმატები არსებობს და ამ ფორმატების მაყურებელი ადამიანი, ზოგი აღივსება იმედით, პოზიტივით, ზოგს კიდევ ეს ისტერიკაში აგდებს. ვფიქრობ, მაკრონთან მისი საუბარიც ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისათვის, მნიშვნელოვანწილად იყო ისტერიკის მომგვრელი", - განაცხადა ვოლსკიმ.
რა განაცხადა კობახიძემ
უნდა აღინიშნის, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ხანმოკლე საუბარი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შედგა. როგორც ირაკლი კობახიძემ ემანუელ მაკრონთან ხანმოკლე საუბრის კომენტირებისას განაცხადა, ფრანგულ და ქართულ მხარეს საერთო აღქმა აქვთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები.
„მაკრონთან ხანმოკლე საუბარი იყო. ჩვენ აღქმასთან დაკავშირდებით შევჯერდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს საერთო აღქმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი. ამის გახმოვანების საშუალება არა გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მისი თქმით, ალბანეთში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამოსვლის მესამედი იმაზე საუბარს დაუთმო, თუ რაოდენ უსამართლოა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება.
"ჩვენ არაერთხელ გვიკითხავს, რა უნდა გავაკეთოთ? ხომ ამბობენ, რომ იციან, რა არის გასაკეთებელი. ვეკითხებით: რა გავაკეთოთ და ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან, რადგან მართლა არაფერია გასაკეთებელი!
"მაგალითად, ვეღარ გვეუბნებიან, რომ "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი უნდა გავაუქმოთ. ამას ვერ გვეუბნებიან, რადგან აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაცული ვიყოთ USAID-ის, NED-სგან და მსგავსი ფონდებისგან. რანაირად გვეტყვიან, რომ გამჭვირვალობის კანონი არის რუსული და უნდა გაუქმდეს?!
"ვერ გვეუბნებიან თუ რისთვის გვაკრიტიკებენ - რაში გამოიხატება ის, რომ ჩვენ ევროპული კურსის მიმდევარი არა ვართ?
"თუ ვინმე უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელოვნურ დაბრკოლებას, ეს არის სწორედ ევროპული ბიუროკრატია. მან 2022 წელს ყოვლად დაუსაბუთებელი, უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით. იგივე მოხდა შემდეგ დეკემბერში, მარტში, ივნისში და ასე შემდეგ. ორი წელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამის შემდეგ მიიღეს უსამართლო გადაწყვეტილება მოლაპარაკების არგახსნასთან დაკავშირებით.
"ახლა თქვენ თვითონ შეგილიათ განსაჯოთ თუ ვინ ქმნის ევროინტეგრაციის გზაზე ხელოვნურ დაბრკოლებებს. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ კანდიდატის სტატუსი მოენიჭებინათ, არ მოგვცეს და გვითხრეს, რომ პროევროპული არ ვიყავით. ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და გვითხრეს, რომ ევროპული ინტეგრაცია არ გვინდოდა. ხომ ჩანს, თუ ვის არ უნდოდა?! ეს მათემატიკური სიზუსტით დგინდება!", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძე ევროკავშირის მისამართით იმასაც ამბობს, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას არგუმენტირებულად უნდა დაელაპარაკოს და არგუმენტებით ახსნას, თუ რატომ თქვა უარი ჯერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე.
"ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ჩაერია - მან პირდაპირ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს საჭირო იყო ამომრჩევლის მობილიზაცია იმისთვის, რომ მოქმედი ხელისუფლება შეეცვალათ. ეს ხომ არის ანტიდემოკრატიული ქმედება?! ამის შემდეგ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვინ უნდა გააკრიტიკოს?! ისინი ჩვენს დემოკრატიულ არჩევნებში პირდაპირ ჩაერივნენ! საქართველოში რევოლუციას "დიფ სთეით"-ი აწყობდა, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის ხელით!
"ვინც რევოლუციას გვიწყობდა, არავითარი ლეგიტიმური უფლება არა აქვს ჩვენ რაიმე მოგვთხოვოს! პირდაპირ რევოლუციას გვიწყობდნენ და ამ ყველაფერში მთელი ევროპული ბიუროკრატია პირდაპირ იყო ჩართული. მათ შორის ვინც მილოცვებისგან თავს იკავებდა, ამით საქართველოში რევოლუციურ პროცესებს პირდაპირ ახალისებდა.
"ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ და საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, რატომ აწვალეს ქართველი ხალხი სამი წელი და რატომ ეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე