მარიამ ვეკუა
(21.05.2025)

რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. უკრაინულ მხარეს ოფიციალური განცხადება მემორანდუმთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

შავი ზღვის  საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ მემორანდუმი შესაძლოა ჯერ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი სამშვიდობო მოლაპარკებების დაწყებას გულისხმობდეს. ჩიტაძეს თქმით, რუსეთი ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რომ ეს პროცესი გაწელოს.

„ეს მემორანდუმი შესაძლოა გულისხმობდეს ცეცხლის შეწყვეტას ერთის მხრივ და შემდეგ მოლაპარაკებების დაწყებას კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულების მიმართულებით - ურთიერთგაგების მემორანდუმს. თუმცა, რუსეთს ექნება ულტიმატუმები, დამატებითი მოთხოვნები - თუნდაც ის, რომ უკრაინამ აღიაროს 4 რეგიონი. რუსეთი გაწელავს დროს - თითქოს სურს მოლაპარაკებები და არ არის დიალოგის პროცესის წინააღმდეგი, მაგრამ, რეალობა სხვა იქნება."

ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულება არ აწყობს, ამ შემთხვევაში მას დიდი ეკონომიკური პრობლემები შეექმნება, რადგან, მისივე თქმით, რუსეთი ეკონომიკა სამხედრო ყაიდაზეა გადასული.

„პუტინს არ აწყობს ომის დასრულება, ვინაიდან შესაძლებელია, მას დამატებითი, დიდი ეკონომიკური პრობლემები შეექმნას. თანხის ერთი მესამედი გამოყოფილი აქვს სამხედრო მიზნებისთვის - საუბარია 120 მილიარდ დოლარზე. ფაქტობრივად, ეკონომიკა სამხედრო ყაიდაზე ჰყავს გადაყვანილი. ამიტომაც რუსეთი ყველანაირად წელავს პროცესს. ერთია ეს მემორანდუმი, თუმცა მეორეა, რამდენად მოხდება ამ მემორანდუმის განხორციელება."-განაცხადა ჩიტაძემ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არავის სურს პროცესების გაჭიანურება - „არავის სურს პროცესის გაჭიანურება. ყველა დინამიურად მუშაობს. ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მხარეები ცალ-ცალკე მოამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას. პესკოვი ამბობს, რომ მიმდინარეობს მზადება ტყვეების 1000/1000-ზე პრინციპით გაცვლაზე.

„მიმდინარეობს სამუშაოები სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად", - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს უკრაინასთან ტყვეების 1000/1000 -ზე პრინციპით გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომი მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისივე განცხადებით, მოსკოვს ვატიკანისგან თანამშრომლობის შესახებ რაიმე კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

„არა, ჯერ არა, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: იყო თუ არა ვატიკანისგან რაიმე კონკრეტული წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარების მიზნით მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე