„რუსეთი არ არის წინააღმდეგი ამიერკავკასიაში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეგიონში დაძაბულობის შექმნას არ ისახავს მიზნად, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„დარწმუნებულები ვართ, რომ აქ წარმოშობილი საკითხები, პირველ რიგში, აქ მდებარე ქვეყნებმა და უახლოესმა მეზობლებმა უნდა გადაჭრან. არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ არარეგიონულმა ქვეყნებმა, როგორც ამას ამჟამინდელი მსოფლიო პრაქტიკა ითვალისწინებს, განავითარონ ურთიერთობები აქ მდებარე ქვეყნებთან", - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, უცილებელია იმის გაგება, რომ ასეთი ურთიერთობა არ იყოს მიმართული რეგიონში დაძაბულობის შექმნაზე, გეოპოლიტიკური თამაშების მიზნით ამიერკავკასიაში მდებარე ქვეყნების ინტერესების იგნორირებაზე, რასაც „არასდროს არსად არაფერი კარგი არ გამოუწვევია".
„ჩვენი პოზიციაა ღიაობა ყველასთან თანამშრომლობისთვის, ვინც მზადაა ამის გულწრფელად, ყოველგვარი ფარული დღის წესრიგის გარეშე გასაკეთებლად", - აღნიშნა ლავროვმა.
კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ამ განცხადებებით რუსეთი საკუთარ გზავნილებს უშვებს მსხვილი მოთამაშეების მიმართულებით.
„რუსეთის მხრიდან ეს განცხადება პირველი არ არის. ამას იძახის უკვე 30 წელია სხვადასხვა ფორმით. მოკლედ რომ ვთქვათ, დანარჩენ მსოფლიოსთვის გზავნილია. ამით ეუბნება იმას, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის ქვეშ უნდა იყოს. ეს არის რუსეთის ძირითადი ტრადიციული გზავნილი.
რაც შეეხება მესამე ქვეყნებთან ურთიერთობას, ის შემოიფარგლება ვაჭრობით, გარკვეული ჰუმანიტარული თანამშრომლობით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სამხედრო თანამშრომლობა და ასევე, შეზღუდული უნდა იყოს პოლიტიკური თანამშრომლობა.
პრინციპში, ახლა ყველა მსხვილი მოთამაშე ასეთი მიდგომის მომხრეა, რომ ჰქონდეს თავისი გავლენის სფეროები. ოღონდ რუსეთი როცა ასეთ გზავნილს აკეთებს, გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ მე გამოვიყენებ სამხედრო-პოლიტიკურ მექანიზმსო. ვიღაც სხვა მსხვილი მოთამაშე შესაძლოა ეკონომიკურ მექანიზმზე ფიქრობდეს, სხვა შეიძლება უფრო რბილი ძალის გამოყენებას ანიჭებდეს უპირატესობას და ა.შ. თუმცა რუსეთი პირდაპირ ხაზს უსვამს სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენების ვერსიას. აი, ეს არის ყველაზე ცუდი, რომელიც არა ერთხელ გამოუყენებია და როგორც ჩანს, ისევ ფიქრობს ამაზე", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე