
დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის" პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ოქროს გუმბათის" თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.
„ეს ჩვენს სამშობლოს დაიცავს. „ოქროს გუმბათი" რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ სურდა, მაგრამ მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა „ოქროს გუმბათის" რაკეტსაწინააღმდეგო პროექტის ხელმძღვანელად აშშ-ის კოსმოსური ძალების გენერალი, მაიკლ გეტლეინი დანიშნა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, „ოქროს გუმბათის" პროექტი დაახლოებით იგივეა, რაც ისრაელმა გააკეთა ჰამასისგან თავის დასაცავად. როგორც მან აღნიშნა, თავის დროზე ეს იდეა წამოაყენა რეიგანმა, შემდეგ ჯორჯ ბუშმა უმცროსმა და ახლა ტრამპმა. მისივე თქმით, „ტრამპი მზად არის ჩერთოს კოსმოსის სტრატეგიულ რბოლაში".
„ეს არის სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივა, რომლის იდეა თავის დროზე რეიგანმა 1980 წელს წამოაყენა და 1983 წლებში ამის რეალიზება დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფეიკტექნოლოგია და იყო ერთგვარი პროპაგანდისტული მომენტი.
სხვათაშორის, ამან ნატოს წევრი ქვეყნებსა და ამერიკას შორის სერიოზული უთანმხოება გამოიწვია. პრინციპში, ანალოგიური ინიციატივა ჯორჯ ბუშმა უმცროსმაც წამოაყენა. ის შეეცადა შეექმნა ანტისარაკეტო სისტემა, რომელიც ამერიკას დაიცავდა სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების სარაკეტო დარტყმებისგან.
როგორც ჩანს, ახლა მესამე მცდელობაა, ოღონდ ახლა უკვე ტრამპის ინიციატივით. სავარაუდოდ, ახლა ტრამპი აპირებს შექმნას რაკეტსაწინააღმდეგო ერთგვარი ბადე. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც ისრაელმა გააკეთა რკინის გუმბათი ჰამასის წინააღმდეგ.
მოკლედ, ისარელის ვარიანტია, ოღონდ რა თქმა უნდა, ამერიკის ტერიტორიაზე და უფრო სტრატეგიული დანიშნულების, ბალისტიკური რაკეტების დარტყმების თავის დასაცავად. სულ ეს არის ამერიკელების მესამე მცდელობა.
175 მილიარდი დოლარი არც თუ ისე პატარა თანხაა. თუ სწორად მახსოვს, რეიგანი აპირებდა 200 მიალირდი დოლარის ჩადებას, ჯორჯ ბუში უმცროსი მგონი 130-ს. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება კოსმოსური შეიარაღების პროგრამების მიბმას, ანუ აქ არის საუბარი კოსმოსური ექსპედიციების განხორცილებაზე მთვარეზე, მარსზე და ა.შ. თუ არ ვცდები ამერიკელები 2028 წელს მთვარეზე ასტრონავტების გაშვებას აპირებენ. შესაბამისად, ტრამპი მზად არის ჩაერთოს კოსმოსის სტრატეგიულ რბოლაში", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



